ქუთაისში არსებულ პარლამენტის 360 მლნ ლარიან გამჭირვალე შენობას ფანჯრები რომ ჰქონია, ეს დღეს გახდა ცნობილი. 21 ოქტომბრიდან, ანუ, მერვე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნის დღიდან, რაც უწყება ფუნქციონირებს ქვეყნის უმაღლეს ორგანოში ფანჯრები არ გაუღიათ. დღეს კი, გამჭირვალე შენობის წრიულ პერიმეტრზე განლაგებული ფანჯრები დღის მეორე ნახევრამდე გაღებული იყო. მართალია, ღია ფანჯრების წყალობით, შენობაში ჰაერი უჩვეულოდ მოძრაობდა და ადამიანებს სუნთქვა გაცილებით უკეთ შეეძლოთ, მაგრამ ამ დადებითი მხარის მიუხედავად, ფანჯრები თუ ვის მიერ და რა მიზნით გაიღო უცნობია. ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ფანჯრების გაღება და შენობაში ჰაერის შესვლა, უწყებაში სპეციალისტების ვიზიტს უკავშირდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს სამეცნიერო კვლევითი ფირმის - „გამა“ სპეციალისტები ესტუმრნენ და შენობის ვიზუალური აუდიტი ჩაატარეს. სპეციალისტებმა შენობაში ჰაერის სიჩქარის, ტემპერატურის, ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღეს. ნიმუშებს კი, ლაბორატორიაში დაამუშავებენ და დასკვნა დაახლოებით ათი დღის ვადაში დაიდება, რომლის ობიექტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ, მავანთა მიერ გაღებულმა ფანჯრებმა უკვე დააყენა.
როგორც For.ge-ს ფირმის პრეზიდენტმა, ვახტანგ გვახარიამ განუცხადა, მისი კომპანია პარლამენტში არსებულ ვითარებას საკანონმდებლო ორგანოს დაკვეთით სწავლობს. მისი განმარტებით, სპეციალისტებმა სენსიტიური უბნები და ხალხმრავალი ოთახები შეამოწმეს და ჯანმრთელობის კუთხით, წარმოშობილ ჩივილებთან დაკავშირებით, აპარატის თანამშრომლებს ინტერვიუები ჩამოართვეს.
„აღნიშნულ სინჯებს ლაბორატორიაში დაამუშავებენ და დასკვნა პარლამენტის აპარატს ექსკლუზიური უფლებით მიეწოდება“, - აღნიშნა გვახარიამ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, წინასწარი შეფასებისგან „გამას“ პრეზიდენტმა თავი შეიკავა.
უნდა ითქვას, რომ სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ოთახებზე გაამახვილეს, სადაც აპარატის თანამშრომელთა ცუდად გახდომის ფაქტები იქნა დაფიქსირებული, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ფანჯრები მაინცდამაინც დღეს რატომ გააღეს, საკითხის გარკვევა for.ge-მ აპარატის ხელმძღვანელ ზურაბ მარაქველიძესთან სცადა.
მარაქველიძის მტკიცებით, მას არ აქვს ინფორმაცია ფანჯრები ვინ გააღო.
„გულწრფელად გეტყვით, რომ თუ რატომ გაიღო ფანჯრები, ინფორმაცია არ მაქვს და ამ საკითხით, არც დავინტერესებულვარ. პარლამენტს ფანჯრები აქვს და მისი გაღება მექანიკურად არ ხდება. ამ ბოლო პერიოდში კი, პარლამენტში მყოფი ადამიანები უჰაერობას უჩივიან და შეიძლება ამიტომ გააღეს. თუმცა, ამ საკითხით, დავინტერესდები და იმედია, რაიმე შეთქმულებას არ აქვს ადგილი“, - დასძინა მარაქველიძემ.
რაც შეეხება იმას, პარლამენტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძო კომპანიის მიერ წარდგენილი დასკვნა იქნება თუ არა საჯარო, მარაქველიძე აცხადებს, რომ დასკვნა საინტერესო იქნება როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ასევე აპარატის თანამშრომლებისთვის.
„150 ადამიანი პარლამენტის წევრია, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკური თანანმდებობის პირები არიან და ამ გარემოსთან აქვთ შეხება. ამასთან, უწყებაში ასობით ადამიანი არის დასაქმებული. შესაბამისად, თუ რაიმე ისეთი აღმოჩნდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნე იქნება, ამ ფაქტის დამალვა დანაშაულიც კი იქნება. თუ დასკვნა სერიოზული ზიანის მომცემი იქნება, ის არ დაიმალება“, - განაცხადა მარაქველიძემ.
ვინაიდან, სამეცნიერო კვლევის დამკვეთი პარლამენტია, „გამასთვის“ გასამრჯელოს გადახდა უწყებას მოუწევს, მაგრამ თუ რამდენის, ეს უცნობი რჩება. მარაქველიძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზა დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა შენობაში სინჯები აიღეს და უწყება დატოვეს, გამჭირვალე შენობაში ფანჯრები ჩაკეტეს და უჰაერობამაც დაისადგურა. ვინაიდან, ფანჯრების ჩარაზვა დღის მეორე ნახევარში მოხდა, უჰაერობისგან შეწუხებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, რასაც დღის დასაწყისზე ვერ ვიტყვით. დაახლოებით 12 საათისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მსგავსი ინციდენტები კი, უწყებაში უცხო არ არის, რადგან პარლამენტში დასაქმებული ადამიანები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ.
გაურკვეველია, კერძო კომპანია თუ რა ტიპის დასკვნას დადებს და შენობაში თუ რა სახის პრობლემები გამოიკვეთება, მაგრამ ფაქტია, რომ ექსპერტიზის დასკვანაზე გარკვეულ გავლენას მავანთა მიერ გაღებული ფანჯრები მაინც მოახდეს. „მავანს“ კი, აპარატის ხელმძღვანელი იპოვის თუ არა, ეს უკვე მომავალში გამოჩნდება.