„საქართველოში მეწარმეებზე ნადირობაა გამოცხადებული“

„საქართველოში მეწარმეებზე ნადირობაა გამოცხადებული“

სააკაშვილმა მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტი მოულოდნელად აღიარებს, რომ „სახელმწიფო მეწარმეებს სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა“. ახალი კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს. 

კერძოდ, შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს; ასევე, მეწარმეებზე საგადასახადო წნეხი შემცირდება. მეწარმის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში კი საწარმო არ დაიხურება, ის ფუნქციონირებას განაგრძოს და სამუშაო ადგილები შენარჩუნდება.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ინიციატივა რეალურად განხორციელდება და პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება. 

სააკაშვილი სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის ურთიერთობებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც მან ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნისას განაცხადა, დღეს ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას სახელმწიფო სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგებით წინსვლა აჩვენა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჯერ ძალიან ბევრი ხარვეზია სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში. ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო. ჯერაც ხშირია შემთხვევა, როცა სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა ითვალისწინებს“.

მისი განცხადებით, მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს: 

„ამის გამო უამრავ საქმიან ადამიანს დაკარგული აქვს სტაბილურობის შეგრძნება და თავს არიდებს ბიზნეს რისკებს. შესაბამისად, არ ახდენს ახალი კაპიტალის ინვესტირებას ბიზნესის გაფართოებაში, არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“. 

სააკაშვილის თქმით, საქართველო მომავალი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების მხრებზე დგას. პრეზიდენტის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, მეწარმის მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს.

„მე ტყუილად კი არ დავდივარ აქეთ-იქით და თავად დამაქვს პროექტები. შეიძლება ადამიანმა იკითხოს - როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, რა დროს სასტუმროების მშენებლობაა ანაკლიაში. იმისათვის, რომ ხალხი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ გაჭირვება იყოს ნაკლები, უნდა გამოვაღვიძოთ მეწარმის სულისკვეთება. 

საბოლოო ჯამში ქვეყნის დოვლათს ისინი ქმნიან. ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, მეწარმე თავს კომფორტულად გრძნობდეს და იყოს თავდაჯერებული. მხოლოდ ასეთი მეწარმე იქნება ის მეწარმე, რომელიც შეძლებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ე.ი. გაჭირვებულების დახმარებას, საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოში“, – აცხადებს სააკაშვილი.

პარლამენტარი გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება. ამის შესახებ თარგამაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ბიზნესმენების მიმართ მეტი ლოიალობის გამოჩენას გულისხმობს, მხოლოდ პიარზე გათვლილ მოწოდებად არ დარჩება და იქცევა საქმედ, რომელიც ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის პარტნიორულ ურთიერთობებში აისახება.

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის შესახებ, რეალურად განხორციელდება .

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიზანშეუწონელია, როცა თუნდაც შეგნებული შეცდომების გამო საწარმო იხურება და მეწარმეს სიტუაციის გამოსწორების და მუშაობის გაგრძელების უფლება არ ეძლევა.

ტყემალაძის თქმით, დღემდე სიტუაცია სხვაგვარი იყო და თუ პრეზიდენტის ეს განცხადებები რეალობად იქცევა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება. შესაბამისად, ზურაბ ტყემალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები და დაპირებები რეალობაში გატარდება.

თავის მხრივ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლილოში გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონის გახსნისას პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, მეწარმესა და სახელმწიფოს შორის პარტნიორული ურთიერთობა დამყარდეს. 

„სააკაშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. თუ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვიმჯელებთ, ნათელია, რომ საქართველოში მეწარმეებზე ცოცხალი ნადირობაა გამოცხადებული. მიუხედავად პრეზიდენტის მშვიდი საუბრისა, იმის შესახებ, რომ სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის პარტნიორული ურთიერთობა დამყარდეს, პირიქით ხდება – მთავრობა მეწარმეებს ატყავებს“, - განუცხადა „პირWელს“ გუგავამ.