BBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ამერიკა ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს. შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს. თუკი თალიბები ხელშეკრულების პირობებს შეასრულებენ, მაშინ ავღანეთს აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.
29 თებერვალს ამერიკამ და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მთავრობას ამ შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღია. აქამდე „თალიბანი“ უარს ამბობდა პირდაპირ დიალოგზე ავღანეთის მთავრობასთან, რომელსაც „მარიონეტულ რეჟიმს“ უწოდებდა.
შესაძლებელია, რიგით ქართველებს გაუჩნდეთ კითხვა, თუკი ამერიკა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას იწყებს, მაშინ რატომ რჩებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, ანუ როგორც საქართველოში უწოდებენ, „სხვის ომში“?! ამას ერთადერთი ახსნა აქვს, იმის გამო, რომ ეს შეთანხმება შედგა ამერიკასა და თალიბანს შორის და არა - ნატოსა და თალიბანს შორის. ამდენად, საქართველო, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მჭიდრო პარტნიორი ქვეყანა, ავღანეთს მას შემდეგ დატოვებს, რაც ნატო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მოელის, რომ ქართველი სამხედროების გამოყვანის საკითხი, ალბათ, დღის წესრიგში მალე დადგება. მისი თქმით, ამერიკასა და „თალიბანს“ შორის დადებულ ხელშეკრულებას უფრო პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა. პირველად მოხდა, რომ აშშ-მა ოფიციალურად აღიარა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც გაეროს სპეციალური სიის მიხედვით, ანუ კლასტერული სიისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, იყო საშიში ტერორისტული გაერთიანება. ფაქტობრივად, ამ ხელშეკრულებით აღიარეს „თალიბანი“, როგორც თანასწორუფლებიანი, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
„არ ვიცი, ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილების მიღებისას რას ეფუძნებოდა, მაგრამ მინდა გავიხსენო 1987 წლის ჟენევის მოლაპარაკებები, როცა საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ დაიწყეს მოლაპარაკება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შესახებ. მაშინ ამ საქმეში ჩართული იყო პაკისტანი, საბჭოთა კავშირი, ამერიკული მხარე, მაშინდელი სახალხო დემოკრატიული პარტიის მართული კომუნისტური მთავრობა და, ასევე, მონაწილეობდა ოპოზიციის, ანუ მოჯაჰიდების საბჭოს წარმომადგენელი. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ მომხდარიყო ჯარების გაყვანა, იქაც საამისოდ 15 თვე იყო შერჩეული. დიდი ეჭვი მაქვს, ახლაც ტრამპმა სწორედ ჟენევის ხელშეკრულების პირობები გაითვალისწინა ამერიკული კონტინგენტის გამოყვანისთვის. ყოველ შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებამ თალიბანს ხელ-ფეხი გაუხსნა და თალიბანის რეაბილიტაცია თვით ავღანეთის მოსახლეობაშიც უკვე შემდგარი ფაქტია. აქედან გამომდინარე, თალიბანს უფრო მეტი ლეგიტიმურობის ელფერი აქვს, ვიდრე აშრაფ განის მთავრობას, ანუ ავღანეთის დღევანდელი პრეზიდენტის მთავრობას. ავღანეთის მოსახლეობაში დე იურედ არსებული ხელისუფლების პოზიციები სუსტი, არამყარია და ტრამპის ადმინისტრაციამაც კი გადააგდო მის მიერვე დასმული ავღანეთის ხელისუფლება“, - აცხადებს ვახტანგ მაისია ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ქართველების გამოყვანის დრო აუცილებლად დადგება, რადგან ამ ხელშეკრულებაში ერთი ნიუანსია - ამერიკამ აიღო პასუხისმგებლობა ნატოს სახელითაც, რომ შემცირდება კოალიციური ძალები და ნატოს კონტინგენტიც გამოყვანილ იქნება. ანალიტიკოსის მოსაზრებით, თუკი აშშ-მა მთავარ მოწინააღმდეგესთან - ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“ გააფორმა ხელშეკრულება და „თალიბანმა“ ვალდებულება აიღო, რომ „ალ-ქაიდასთან“, „დაიშთან“ და სხვა ჯგუფებთან არ ითანამშრომლებს, მაშინ საინტერესოა, ჩვენი კონტინგენტი იქ რას აკეთებს?!
ვახტანგ მაისაიას თქმით, როგორც ჩანს, ნატოს სახელმწიფოებმაც კონტინგენტის გამოსაყვანად ზრუნვა დაიწყეს. უბრალოდ, ჩვენთან ამის შესახებ არავინ საუბრობს, რადგან ჯარების გამოყვანა მაინც საფრთხილო მომენტია.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მოელის, რომ სამომავლოდ ნატოსთან დაკავშირებითაც მსგავი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ქართველი ჯარისკაცებიც დატოვებენ ავღანეთს, რადგან, თუკი შეერთებული შტატები, ეს მთავარი მოთამაშე შეუთანხმდა თალიბანს, ნატოს რაღა დარჩენია?! ანალიტიკოსის განმარტებით, ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით, ჩვენ გაცილებით მეტად ვართ დამოკიდებულნი საერთაშორისო კონიუნქტურაზე და არავინ გვეკითხება ავღანეთიდან ჩვენი ჯარისკაცების გამოყვანას. ამის მიუხედავად, ლოგიკურად, პროცესი დაიძვრება და ცოტა ხანში ნატოც გამოვა ავღანეთიდან, რასაც ჩვენი ჯარისკაცების გამოყვანა მოჰყვება.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უფრო დროის ამბავია. მთავარია ის, რომ ტრამპი უბრუნდება ამერიკის ტრადიციულ პოლიტიკას, მას იმდენად აღარ აინტერესებს საგარეო სფერო, რამდენადაც კონცენტრირებულია შიდა საკითხებზე. მისი ტრადიციული გაგება ასეთია, რომ საგარეო პოლიტიკა არის საშინაოს გაგრძელება, ტრამპს საგარეო პოლიტიკა იმდენად აინტერესებს, რამდენადაც შიდა საკითხები აქვს მოსაწესრიგებელი. ტრამპის გაპრეზიდენტებამდე სხვაგვარი ვითარება იყო, ამერიკა საერთაშორისო ჟანდარმად ითვლებოდა, ის ზრუნავდა არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, არამედ მსოფლიო დემოკრატიის ბურჯი იყო. ამაზე ტრამპმა უარი თქვა და პირდაპირ განაცხადა, დამანებეთ თავი, ყველამ თავის დემოკრატიას მიხედოს, მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებსო. ახლა ავღანეთიდან გამოდის, ცოტა ხნის წინ კი ახლო აღმოსავლეთში ირანის კონფლიქტის დროს სერიოზულ ჩარევაზე, ანუ ჯარის გამოყენებაზე უარი თქვა და მარტივად მოაგვარა პრობლემა. ტრამპი დიდ ომზე არ წავა და შეეცდება, მინიმუმადე დაიყვანოს ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთის მისიებში გამოყენება. ამაში მას საკუთარი მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.