კორონავირუსი-ბუნებრივი ვირუსი, თუ ბიოლოგიური იარაღი?!

კორონავირუსი-ბუნებრივი ვირუსი, თუ ბიოლოგიური იარაღი?!

კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით გამუდმებული სპეკულაციები მიმდინარეობს. რუსები ამერიკელებს აბრალებენ მის გავრცელებას, ამერიკელები-რუსებს. გარდა ამისა, ვრცელდება სკანდალური ვერსია, თითქოს ჩინეთში, უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურადაა შექმნილი ეს ბიოლოგიური იარაღი.

ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი დანი შოჰანი „ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უჰანის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობა ჰქონდათ, ეს ლაბორატორია კი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია მთელ მსოფლიოში.

„კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამის მიხედვით, წარმოიშვა უჰანის ლაბორატორიაში“,-მიიჩნევს დანი შოჰანი.

ჯერ კიდევ გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობდა საიდუმლო პროგრამების განხორციელება და ექსპერიმენტები ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. ჩინეთმა უარყო აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა დღეს ცალკეული ექსპერტები ასკვნიან, რომ ახალმა ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან მაშინ გამოაღწია, როცა იქ მსგავსი ექსპერიმენტები მიმდინარეობდა.

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 2018 წელს გაიხსნა. ლაბორატორიას უსაფრთხოების უმაღლესი, ანუ მეოთხე დონე მიაკუთვნეს, მეოთხე დონის ლაბორატორიები მსოფლიოში ძალიან ცოტაა. როგორც ამბობენ, ამ ლაბორატორიაში ექსპერიმენტები ყველაზე საშიშ მიკროორგანიზმებთან ტარდებოდა, რომლებსაც მომაკვდინებელი დაავადებების (ებოლას და სხვა) გამოწვევა შეეძლოთ.

თუკი უცხოურ მედიას დავუჯერებთ, უჰანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018-ში ტარდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევები და ამ ინსტიტუტის მესვეურები სიამაყით აცხადებდნენ, რომ ღამურების იმუნური მექანიზმი გამოიკვლიეს. ღამურებს შეეძლოთ დიდი ხნის განმავლობაში ვირუსების გადამტანნი ყოფილიყვნენ და ამ დროს თავად არ დაავადებულიყვნენ ამ ვირუსით. ამდენად, უჰანის ინსტიტუტში იმედოვნებდნენ, რომ ვირუსების გადამტანი ღამურები ადამიანებსაც ასწავლიდნენ, როგორ შეწინააღმდეგებოდნენ ვირუსებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რაიმე სახის შემტევი ბიოლოგიური იარაღის ფლობას უარყოფდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში საუბარი იყო ვაშინგტონის ეჭვებზე, რომ ჩინეთი ფარულ ბიოლოგიურ ომს აწარმოებდა.

ამის საპასუხოდ ჩინეთში ინტერნეტით დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, თითქოს ვირუსის გავრცელება აშშ-ის შეთქმულების ნაწილია, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიურ იარაღს იყენებს.

რაც შეეხება რუსულ მედიას, ის ყოველთვის ცდილობს, კატის ძებნას ბნელ ოთახში და არც არის გასაკვირი, რომ რუსები კორონავირუსს ამერიკის მიერ ჩინეთის გასანადგურებლად შექმნილ იარაღად მოიხსენიებენ.

სამხედრო ექსპერტი იგორ ნიკულინი ამ ვირუსის გავრცელებას დივერსიას უწოდებს და რამდენიმე ვერსიას ავითარებს: ჩინელების განადგურებას შიგნიდან ცდილობენ; კორონავირუსი შესაძლოა, ხელოვნურად იყოს შექმნილი; კორონავირუსის გავრცელება ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების ინტერესშია; კორონავირუსის გავრცელება ამერიკის ინტერესშია, რადგან ამერიკული ლაბორატორიები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აზიის ქვეყნების გარშემოც მუშაობენ.

სანამ სახელმწიფორბი ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებულნი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხანში ეპიდემიის გავრცელებაზე აშშ-ის არმიამ დაადანაშაულა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჩჟაო ლიცზიანმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ აშშ-მა მონაცემები გამჭვირვალე უნდა გახადოს და ჩინეთს ახსნა-განმარტება მისცეს.

„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები“, – წერს ჩჟაო ლიცზიანი.

რაც შეეხება უცხოურ მედიას, გამოცემა „თრენდინგ ფოლითიქსი“ წერს, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

რამდენად სანდოა შეთქმულების თეორია კორონავირუსთან დაკავშირებით?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველგვარ დივერსიას გამორიცხავს. ის აცხადებს, რომ, თუ შეთქმულების თეორიას განვავითარებთ, მაშინ ასეთივე წარმატებით შეიძლება ისიც ვთქვათ, თითქოს ლუგარის ლაბორატორიიდანაც შეიძლება მომხდარიყო გაჟონვა, რასაც რუსები არაერთხელ გვაბრალებდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ლუგარის ლაბორატორია შეუცვლელი იყო. დღესაც ლუგარის ლაბორატორია აღმოჩნდა ის ერთადერთი გადამრჩენელი დაწესებულება, რომელმაც ოპერატიულად მისცა საშუალება ჩვენს გმირ ექიმებს, რათა ამ ვირუსს ეპიდემიოლოგიური ფსიქოზის ხასიათი არ მისცემოდა.

„ლუგარის ლაბორატორია ის რეალური ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც, გარკვეულწილად, მოხდა ამ ვირუსის ლოკალიზება. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, უჰანის ლაბორატორია რომ არა, ამ ვირუსს შეიძლება საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები მიეღო. დღეს უჰანის პროვინციაში კორონავირუსის პრობლემა ლოკალიზებულია, მისი გავრცელების მასშტაბი იკლებს, ამიტომ ბიოლოგიურ თეორიებზე საუბარი არავითარ რეალობას არ შეესაბამება. ეს არის კლასიკური საინფორმაციო პროპაგანდისტული ომი, რომელიც მიმდინარეობს ამერიკასა და რუსეთს შორის: ამერიკელები ამბობენ, რომ ეს ჩინელებისა და რუსების ბიოლოგიური იარაღია, ხოლო რუსები აბრალებენ ამერიკელებს. ერთადერთი ბრძენი ჩინელები აღმოჩნდნენ, რომლებიც არც ერთს აბრალებენ, არც მეორეს და რეალურ ღონისძიებებს ატარებენ კორონავირუსის წინააღმდეგ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსის განმარტებით, იგი, როგორც სინოლოგი, (ჩინეთმცოდნე) თავის დროზე იმყოფებოდა ჩინეთში და კარგად იცის მათი ტრადიციები. კერძოდ, ჩინეთის ღარიბ მოსახლეობაში ერთგვარი ხალხური მედიცინის სახით გავრცებულია უცნაური ჩვევა. როცა ადამიანი ავად არის, გრიპი აქვს თუ სხვა დაავადება, მას გველის ხორცს აჭმევენ ხოლმე. ვახტანგ მაისაია იმასაც იხსენებს, რომ ტემპერატურის დასაწევად მის ჯგუფელსაც შესთავაზეს გველის ხორცი, როცა ის ავად გახდა. სწორედ ამ ტრადიციამ და ღამურების მირთმევამ გამოიწვია ვირუსის გავრცელება.

„როგორც ჩანს, მოხდა ბიოლოგიური მუტაცია. ერთ-ერთმა დაავადებულმა ადამიანმა მიირთვა ღამურის ხორცი. ჩინეთში არის სპეციალური ბაზრები, სადაც ღამურის ხორცი იყიდება. მეც ვარ მათ ბაზარში ნამყოფი და მინახავს ეს ხორცი, მაგრამ გასინჯვით არც ერთი და არც მეორე, ანუ გველის ხორცი არ გამისინჯავს. სავსებით რეალურია, რომ ვირუსმა მოახდინა მუტაცია ერთი ადამიანის სხეულში და გავრცელდა სხვა ადამიანებზე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორ გიორგი კამკამიძეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ეპიდემიისას შეთქმულების თეორია გაჟღერდება ხოლმე. შიდსთან დაკავშირებითაც ასე მოხდა, ასევე, იყო გრიპის ეპიდემიებთან დაკავშირებითაც.

„დღეისთვის ყველაზე უფრო მყარი თეორიაა, რომ ეს არის ღამურებიდან გადმოსული ვირუსი, რადგან გენეტიკური თანმიმდევრობის გაშიფვრის შედეგად ყველაზე ახლოს ეს ვირუსი დგას ღამურებში აღმოჩენილ ვირუსთან, 99%-მდეა მსგავსება. კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს გარშემო, ანუ ისეთი ვირუსი არ არის, რომ სრულიად ახალი წარმონაქმნი იყოს. ადრინდელი ეპიდემიებიც გვახსოვს, 2003-ის, 2012-ის და ყოველწლიურად ეს ვირუსი ცირკულირებს ადამიანებში, ოღონდ ძალიან მსუბუქი დაავადების გამომწვევი ვირუსის სახით. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა და არავითარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება, თითქოს კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი იყოს“,-აცხადებს გიორგი კამკამიძე ჩვენთან საუბარში.

 

Aburjga Tasmanieli გაჟონა არა ის არ გინდათ კიდევ?! თქვენ გგონიათ ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში დაუსახლებელი ტერიტორიები არ არის 7-10 მილიონიანი ქალქი ვუხანის ცენტრში რომ არ მოეწყოთ ასეთი ლაბორატორია?! საგულისხმოა, რომ ისრალიმა გამოთქვა ასეთი მოსაზრება, ის ხომ არის აშშ-ს ყველა უკუღმართობის "გამპრავებელი"?! შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ცხადია ვისი ნამოქმედარიც არის! ხოლო ისრაელის გამოსვლა ამ საფუძვლიანი ეჭვის გაფანტვას ემსახურება. მითუმეტეს აგერ 60 -იან წლებში ინდიელების ხელოვნურად გამოწვეული შავი ჭირით გაწყვეტის ისტორიას თუ გავიხსენებთ!
3 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli 1760 იან წლებზეა ლაპარაკი!
3 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli მაინც რა ჯანდაბა ხდება ამ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში?! ჯერ ხომ ისე დაგვსვარეს ყველა სოციალურ-ეთიკური სიბინძურით (სიტყვის თავისუფლება, აზარტული თამაშები, ნარკომანია, ლგბტ და ა.შ), ახლა პირდაპირ ინფექციური ავადმყოფობების ქარმა დაბერა დასავლეთიდან! 1-2 გამონაკლისის გარდა ყველა დაინფიცირება იტალიიდან, ესპანეთიდან და საერთოდ დასავლეთ-ევროპის ქვეყნებიდან მოვიდა?!
3 კვირის უკან
Katana . ავტორს: სასურველია, რომ თქვენს სტატიაში მოყვანილი ფაქტები შეაჯეროთ ერთმანეთთან!

1. ვახტანგ მაისაია: "ერთადერთი ბრძენი ჩინელები აღმოჩნდნენ, რომლებიც არც ერთს აბრალებენ, არც მეორეს და რეალურ ღონისძიებებს ატარებენ კორონავირუსის წინააღმდეგ“.

2. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ჩჟაო ლიცზიანი:
"რამდენი ადამიანია დაინფიცირებული?.. შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში.(Sic!). იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მა უნდა აგვიხსნას!"

მეტი რაღა უნდა დააბრალოს, პირდაპირ ადებს ხელს ამერიკას! :))
3 კვირის უკან
trampi ლიჩნად მე ეჭვიც არც მეპარება რომ მაგათი ნაჩალიჩქრია ეს ყველაფერი, (რომც არ იყოს მე მაინც მაგათ დავაბრალებ, მაგრამ დაბრალების გარეშეც იასნია
ყველაფერი)...
ჩინეთი, როგორც ეკონომიკაში ყველაზე დიდი მათი დამქინძავი, ყელში ყავდათ მაგათ გაჩხირული და იმიტომაც დაიწყო ეს ყველაფერი ჩინეთიდან.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩინეთი მაგათ მაინც მიჰქინძავს, თანაც ჩქარა --- მაქსიმუმ 5-10 წელიწადში ....
3 კვირის უკან