კორონავირუსის გამო ყველა სასწავლო დაწესებულებაში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება და შესაძლოა, უფრო გახანგრძლივდეს კიდეც. ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ ტექნიკური საშუალება აქვთ, კორონავირუსის პრევენციის გამო, ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. ამ წინადადებას სასწავლებელთა ნაწილი უკვე დათანხმდა.
რამდენად მზად არიან ჩვენი სასწავლო დაწესებულებები ონლაინსწავლებაზე გადასასვლელად და რამდენ ხანს უნდა გასტანოს არდადეგებმა?!
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ექსპერტს განათლების საკითხებში, პროფესორ ზურაბ ვახანიას მიაჩნია, რომ ონლაინსწავლებაზე გადასვლა ძალიან რთული საკითხია და არა მარტო სასწავლებლები, ოჯახებიც უნდა იყვნენ მზად დისტანციური სწავლებისთვის. თუმცა ისიც რეალობაა, რომ სწავლება ისედაც გართულებულია და ონლაინსწავლება შეუძლებელია. ინტერნეტით შეიძლება უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ ინტერნეტით სწავლება გამორიცხულია.
„სწავლების ნებისმიერი კარგი, ხარისხიანი მეთოდი ემყარება ინტერაქციას, ანუ ურთიერთობას, თანაც, ხანგრძლივ ურთიერთობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ეს არის სწავლების მეთოდის ქვაკუთხედი. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების საკითხი ჯანდაცვის სფეროს პრეროგატივაა, მაგრამ ერთი რამ უეჭველია, სწავლის შეფერხება უკვალოდ არ ჩაივლის, რა თქმა უნდა, იქნება პროგრამული ჩამორჩენა და უნდა დაფიქსირდეს კიდეც, რომ ეს ჩამორჩენაა და ჩამორჩენილი მასალის სწავლება უნდა გადაიდოს მომავალი წლისთვის და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. არ უნდა მოხდეს თავის მოტყუება, თითქოს რაღაც მოვასწარით. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენთან თავს მოიტყუებენ და მიაფუჩეჩებენ ამ საკითხს“, - აღნიშნა ზურაბ ვახანიამ For.ge-სთან საუბარში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივებას ემხრობა, რადგან ჯერჯერობით ვითარება უკეთესობისკენ შეცვლილი არ არის ვირუსის გადაცემის თვალსაზრისით.
„16 მარტს სწავლის დაწყება სწორი ნამდვილად არ იქნებოდა, არდადეგები უნდა გახანგრძლივებულიყო და ასეც მოხდა კიდეც. მართალია, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ყოველდღიური წესით დამუშავება, ერთხელ დეზინფექციას დიდი აზრი ნამდვილად არ აქვს. დათბება და ველით, რომ ყველა ლოგიკით, კორონავირუსის გავრცელება დაღმავლობისკენ წავა. შესაძლოა, არდადეგები უფრო მეტად გახანგრძლივდეს, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია, როგორ განვითარდება ეპიდემიური სიტუაცია საქართველოში“, - აცხადებს გიორგი კამკამიძე.
ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ქრონიკული პათოლოგიის მქონე ყველა პაციენტს თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან მორიდებას ურჩევს და 1-ელ აპრილამდე სწავლის გადავადებას ამართლებს. მისი განმარტებით, რადგან ახლა საქართველოში ამ ვირუსის აქტიური პერიოდია და ჩვენთან კორონავირუსი ახლა იწყებს ფეხის მოკიდებას, უნდა მოვერიდოთ თავშყრის ადგილებს. მით უმეტეს, საქართველოში ბრუნდებიან უცხოეთში წასული მოქალაქეები.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბავშვებიც დადიან სკოლაში, მათი იმუნოსისტემა შეიძლება დაქვეითებული იყოს და სიფრთხილე გვმართებს. ატიპიური დიაბეტის მქონე ბავშვებიც დასაცავია. თუ როდემდე უნდა შევაჩეროთ სწავლება, ამის განსაზღვრა რთულია, ეს დამოკიდებულია პროგნოზზე, ვირუსის გამრავლებაზე, როგორ იქნება დაფიქსირებული დინამიკში ვირუსი. აღნიშნული ვირუსი მუტაციას კიდევ განიცდის და მის შესახებ სრულად ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ მე, როგორც ენდოკრინოლოგი, დიაბეტისა და ენდოკრინულ-ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებს განსაკუთრებულად ვურჩევ, სიფთხილე გამოიჩინონ, დეზინფექციისკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ იყვნენ მიდრეკილნი და იმუნური სისტემა გაძლიერებულ მდგომარეობაში ჰქონდეთ“, - აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ For.ge-სთან საუბარში.