იტალია პანიკაშია. დაღუპულთა რიცხვი გამუდმებით იზრდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. ქართველი ემიგრანტის თქმით, მოსახლეობა იტალიის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადადის და თავშესაფარს ეძებს. იტალიის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სწორი გადაწყვეტილება სახლში დარჩენაა, რადგან იტალიელების მომავალი მათივე ხელშია. თუკი მოსახლეობა შეზღუდვებს არ დაემორჩილება, მათ დააპატიმრებენ და სერიოზულ ჯარიმებს დააკისრებენ.
სპეციალისტებს კითხვა უჩნდებათ, რატომ გავრცელდა კორონავირუსი იტალიაში ასე ფართოდ, როცა მათ მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, რატომ გაეპარათ პირველი შემთხვევები და რატომ დააგვინეს პრევენციული ღონისძიებების გატარება?!
მოხერხდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის შეკავება, ამის შესახებ For.ge-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე ესაუბრა.
საქართველო აცდა კორონავირუსის ისეთ მასშტაბს, როგორც თუნდაც იტალიაშია, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. იტალიაში ტურისტული ბუმია, ხოლო ერთმანეთთან ურთიერთობის მოყვარულმა იტალიელებმა ნაკლებად საშიშად აღიქვეს კორონავირუსი. ამ ვირუსის შეკავების თვალსაზრისით ბრძოლისუნარიანობა როგორია ჩვენთან და რამდენად შეიძლება ჩვენს მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ ჰქონდეს?
- კორონავირუსისგან დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში პირველი ნაბიჯები წარმატებით გადაიდგა, თუნდაც საზღვრებზე კონტროლის, პაციენტების კარანტინის საკითხთან მიმართებით. ახლა აუცილებელია სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა უკვე სხვა კლინიკების, ექიმების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა აჩქარებაა საჭირო და აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა სხვა სამინისტროებთან. არის ინფორმაცია, რომ უკვე ითხოვენ ცნობებს სამსახურებში იმის დასადგენად, კორონავირუსი აქვს თუ არა ადამიანს. დღეისთვის წარმოუდგენელია, ასეთი ცნობა ვინმემ წარმოადგინოს. ასევე, გაუგებარია, საბაჟოებზე ტვირთები რატომ ფერხდება მაშინ, როცა ეს ვირუსი ამ გზით არ ვრცელდება. გარკვეული დისკოორდინაცია იგრძნობა და უფრო ოპტიმალური მუშაობაა საჭირო. დიაგნოსტიკის საშუალება უნდა იყოს სხვადასხვა კლინიკაში, მაქსიმალურად სწრაფად უნდა შემოვიდეს ეს სისტემები ქვეყანაში, ჩვეულებრივ კლინიკებშიც და არა მარტო ლუგარის ცენტრში უნდა კეთდებოდეს ეს ტესტები.
ინფექციური საავადმყოფოს მესვეურები თითქოს თანმიმდევრულად ცდილობენ, კორონავირუსის გავრცელებამ ფართო არეალი არ მოიცვას. ამის მიუხედავად, უკვე გამოცხადდა პანდემია და გადავსებული ინფექციური საავადმყოფოს პირობებში, გვაქვს კი ახალი პაციენტების მიღების რესურსი?
- სხვა კლინიკებშიც ექსპრომტად უნდა მოეწყოს ინფექციური განყოფილებები. მზადყოფნაში უნდა ჩადგნენ დიდი ჰოსპიტლებიც, სადაც შესაძლებელია თუნდაც ხელოვნურ სუნთქვაზე პაციენტების ყოლა. ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი და აუცილებელია ექიმების სასწრაფო ტრენინგი, რათა ისინი მზად იყვნენ დამატებით პაციენტთა მისაღებად. ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია არ დამდგარა, მაგრამ მომავალში არ უნდა გამოირიცხოს, რადგან აბსოლუტური გარანტია არ არსებობს, რომ კორონავირუსი არ გავრცელდება ეპიდემიის სახით. ტერმინ „პანდემიას“ ვიყენებთ, როცა ყველა კონტინენტზეა მოდებული ინფექცია, რაც უკვე რეალობაა, ხოლო ეპიდემიური გავრცელებაა, როცა ადამიანიადან ადამიანზე ეფექტურად ხდება ამ ვირუსის გადაცემა. ამ მხრივ ჯერჯერობით ეპიზოდური შემთხვევებია, მაგრამ ესეც დამაფიქრებელია. ვირუსი თავისი თვისებების მიხედვით უფრო მსუბუქი ხდება, ამიტომ შეიძლება დაავადება არ გამოვლინდეს ასეთი კლინიკური ნიშნებით, მაგრამ მის გადაცემას ვერ გამოვრიცხავთ. ასეთ დროს ძნელია ხოლმე პაციენტების იდენტიფიცირება. შეიძლება ვირუსის გავრცელების მიზეზი მსუბუქი ფორმა იყოს. დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. ბევრ ადამიანს სურს საკუთარი თავის გამოკვლევა კორონავირუსზე, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება. დღესდღეობით მარტო ეპიდჩვენების მიხედვით ხდება კვლევის ჩატარება. ამიტომ, სანამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაბრუნდებიან ჩვენი მოზარდები, დიაგნოსტირება უფრო ფართოდ უნდა განხორციელდეს.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, აღურიცხავი შემთხვევებიც გვქონდეს საქართველოში და არ ვიცოდეთ?
- შესაძლოა, ადამიანები ვერ აფიქსირებდნენ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ მოგზაურობიდან ჩამოსულებთან, ან ისეთი მსუბუქი ფორმის სიმპტომები აღმოაჩნდეთ, სულაც არ მიიტანონ ეჭვი ვირუსზე. თუ დიაგნოსტიკის საშუალება იქნება, უფრო კარგად მოხდება შემთხვევების აღრიცხვა და ზუსტად გვეცოდინება ამ ვირუსის რეალური ცირკულირება ჩვენს ქვეყანაში.
იმის გამო, რომ საქართველოში დროულად ამოქმედდა კორონავირუსის შეკავების მექანიზმი, ალბათ, არ ელით ისეთ დრამატულ ვითარებას, როგორც თუნდაც იტალიაშია, სადაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ?
- იტალიის მსგავს სცენარს არ ველით, მაგრამ არც სხვა ქვეყნებშია უკეთესი სიტუაცია, თუნდაც იმავე გერმანიაში. უბრალოდ, გერმანიაში სიკვდილიანობაა ძალიან დაბალი. დღესდღეობით მხოლოდ იტალია აღარ არის გავრცელების წყარო, შეიძლება სულაც გერმანიიდან, ან შვეიცარიიდან იყოს ჩამოსული გამავრცელებელი. უბრალოდ, იტალიაში საკმაოდ მაღალი იყო სიკვდილიანობა ბოლო პერიოდში.
საპატრიარქოს შესახებაც გკითხავთ. საერთო ჭურჭლიდან ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს საპატრიარქო, მაგრამ დეზინფექციას არ უარყოფს. თუკი დეზინფექციის ჩატარების დასტურს იძლევიან, ხომ შეიძლებოდა კონკრეტულ პერიოდში ზიარების წესის გადახედვა?
- ერთჯერად დეზინფექციას არავითარი ეფექტი არ ექნება. დეზინფექცია ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს. რაც შეეხება ზიარების წესს, გაცილებით უფრო მაღალია ვირუსის გადაცემის შანსი საერთო კოვზით, ვიდრე კედლების დეზინფექციის გარეშე დატოვებით. მე მგონი, გარკვეული ინერციაა ამასთან დაკავშირებით და საბოლოოდ გადაწყვეტენ ამ საკითხსაც, რადგან რეალურად ერთჯერადი კოვზების გამოყენება ისეთი ტრაგედია არ უნდა იყოს. რელიგიური რიტუალების ჩატარებისას ძალიან ბევრი ქვეყანა ცვლის თავის ყოველდღიურ შინაგანაწესს, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიებიც. ამიტომ ჩვენთანაც პროგრესულად უნდა შეხედონ ამ საკითხს.
კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდაციებს დაემატა ნაღდი ფულის გამოყენების შემცირება და დისტანციურ ტრანზაქციაზე გადასვლა. რამდენად მოსახერხებელია ნაღდი ფულის გამოყენებაზე უარის თქმა?
- ფული ნებისმიერ ისეთ საგანთან ასოცირდება, რომელიც შესაძლოა, წვეთებით იყოს დაბინძურებული. ქაღალდში, მუყაოში ცოტა უფრო დიდხანს, ანუ ერთ დღემდე ძლებს ეს ვირუსი. მეტალის ზედაპირებზე კი ორ საათში კვდება. ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, თორემ ფული მაინცდამაინც არ არის ვირუსის ძირითადი გადამტანი საშუალება. ასე ნებისმიერ საგანზე შეიძლება იყოს საუბარი. ზოგადად, ფულთან დაკავშირებით ცუდი რეკომენდაცია არ არის, კარგი იქნება, უფრო მოვუმატოთ ელექტრონულ ტრანზაქციებს, სადაც ეს შესაძლებელია.
და ბოლოს, რეკომენდაციებს შორისაა ტრადიციული ჭაჭა, არაყი, რაც ზოგიერთ მედიკოსში ირონიას იწვევს.
- რასაკვირველია, დალევის თვალსაზრისით, ჭაჭასა და არაყს არავითარი პროფილაქტიკური ეფექტი არ გააჩნია. რაც შეეხება ხელების დამუშავებას, სპირტის აღნიშნული პროცენტიანობა ნამდვილად არ არის საკმარისი, სპირტიან სასმელებში სპირტის შემადგენლობა ისეთი მაღალი არ არის, რომ გარანტირებულად მოახდინოს დეზინფექცია, 60-დან ზემოთ უნდა იყოს სპირტის კონცენტრაცია. მაგალითად, სამედიცინო სპირტი 72%-იანია და ის რეალურად ახდენს დეზინფექციას.