პაატა ზაქარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლოში უჩივის

პაატა ზაქარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლოში უჩივის

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თენგიზ გოგელიას სასამართლოში უჩივის და მისგან ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად 1000 აშშ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ for.ge-ს თავად მინისტრმა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ამ ადამიანმა მე დამაბრალა, თითქოს, აფხაზეთის ომის დროს დაღუპულების ცხედრების გადმოსვენებაში 1000 დოლარს ვიღებდი. მან მე ცილი დამწამა, რის გამოც სასამართლოში ვუჩივლე. მას შემდეგ უკვე არჩევნებიც ჩატარდა, პარლამენტის წევრიც გავხდი და მინისტრიც, მაგრამ პროცესი სასამართლოში გრძელდება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

აქვე იგი განმარტავს, რომ პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და დეტალებზე საუბარი „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნატო ქათამაძეს შეუძლია. ამიტომ for.ge ნატო ქათამაძეს დაუკავშირდა.

ნატო ქათამაძე: „მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს თენგიზ გოგელიამ სააგენტო „ინფო9“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პაატა ზაქარეიშვილი, როდესაც იგი ტყვეთა გაცვლის კომისიას თავმჯდომარეობდა, იყო სისხლის მსმელი, კორუმპირებული, ათასი დოლარის ამღები და ა.შ. ბატონ პაატაზე საუბრისას გოგელიამ ძალიან ბევრი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი გამოთქმები გამოიყენა და ჩვენ ეს ყველაფერი „ინფო9“-ს სიუჟეტიდან შევიტყვეთ. ამის გამო, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართეთ სასამართლოს და თენგიზ გოგელიას მიმართ ორი მოთხოვნა წამოვაყენეთ. ერთი იყო ის, რომ მას იგივე საინფორმაციო საშუალების მეშვეობით მოეხადა ბოდიში, ხოლო მეორე იყო ის, რომ პაატა ზაქარეიშვილისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის გოგელიას გადაეხადა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა იმიტომ წამოვაყენეთ, რომ ბატონი გოგელია ბოლოს და ბოლოს მიმხვდარიყო, რომ მის მიერ მსგავსი ტიპის განცხადებების კეთებით შესაძლოა, მისი ჯიბე დაზარალდეს.

მოხდა ისე, რომ სასამართლომ პროცესი ძალიან ბევრჯერ გადადო, რადგან მოგეხსენებათ, ეს ხდებოდა არჩევნების წინ, სექტემბერში. პროცესი სექტემბრის ბოლოს ჩატარდა და თენგიზ გოგელიამ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ექვსი ადამიანის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა. ამით გოგელია, თითქოს, ამტკიცებდა, რომ მისი ნათქვამი არ არის ცილისწამება, რადგან მის მიერ დასახელებული მოწმეები დაადასტურებდნენ იმას, რომ თითქოს, პაატა ზაქარეიშვილი ცხედრების გადმოცემაში მართლაც იღებდა ფულს. გოგელია ექვსი ქალბატონის დაკითხვას ითხოვდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ექვსივე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო.

ვინ არის თენგიზ გოგელია და რატომ აკეთებდა პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით მსგავს განცხადებებს?

- თენგიზ გოგელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის, აკაკი ბობოხიძის საარჩევნო შტაბის წევრი და მისი მარჯვენა ხელი. სწორედ წყალტუბოს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ჰყავდა მას მოწმეებად ჩამოთვლილი. თავად გოგელია აფხაზეთიდან დევნილია და იმ მოწმეების სიაშიც დევნილები ჰყავდა ჩაწერილი.

როგორც მოგახსენეთ, გოგელია ირწმუნებოდა, რომ პაატა ზაქარეიშვილის მიერ ფულის აღების ფაქტს ეს მოწმეები დაადასტურებდნენ, მაგრამ უკვე არჩევნების შემდეგ, როდესაც სასამართლო პროცესი ჩატარდა, თავად გოგელიამ საკუთარი შესაგებელი სარჩელი და მის მიერვე წარმოდგენილი მოწმეების სია უკან გაითხოვა და განაცხადა, რომ ამ მოწმეების დაკითხვა საჭირო აღარ იყო. აქედან ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. იგი დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებდა და ასეთ შემთხვევაში მათი აქტივისტები თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ, ისე ამოსვრიდნენ ლაფში ბატონ პაატას სახელს, რითაც ქულებს ჩაიწერდნენ და თავიანთი პოლიტიკური პარტიიდანაც დაჯილდოვდებოდნენ. მაგრამ ვინაიდან არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაიმარჯვა, ამ ცრუ მოწმეებს ცრუ ჩვენებების მიცემის შეეშინდათ და, როგორც ჩანს, თავად გოგელიასაც შეეშინდა მათი მოყვანის და ამიტომაც თავისი შესაგებელიც კი გაითხოვა.

თენგიზ გოგელიას მიერ დასახელებული მოწმეები სასამართლოზე არ დაკითხულან?

- არა, მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა. როდესაც გოგელიამ ამ მოწმეების დაკითხვა იშუამდგომლა და ჩვენ მისი შუამდგომლობა გადმოგვეცა, კანონით გაწერილი პროცედურები გავიარეთ, მაგრამ მოწმეების დაკითხვამდე ვეღარ მივედით, რადგან შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით თავად გოგელიამ გაითხოვა.

ბუნებრივია, სასამართლოზე ჩვენი მოთხოვნა დავაყენეთ და სასამართლოზე ვიდეო-ჩანაწერიც წარმოვადგინეთ, რათა სასამართლოს იგი განეხილა და ემსჯელა იმაზე, იყო თუ არა ეს გოგელიას მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის მიმართ ცილისწამება. სასამართლოს ათი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გამოეტანა. არ ვიცი, რისთვის დასჭირდა მას ამდენი ხანი, როდესაც გადაწყვეტილების გამოტანა იმ დღესვე შეეძლო.

30 ოქტომბერს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაგვბარდა, რომლითაც ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი გვეთქვა. სასამართლოს განმარტებით, პაატა ზაქარეიშვილი არის საჯარო პირი, რომელსაც თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ სასამართლოს დაავიწყდა ის, რომ არსებობს პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები. ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, თენგიზ გოგელიას თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, მაგრამ მე მივუთითებდი სასამართლოს, რომ გოგელიას მხრიდან, ეს თავისუფალი აზრის გამოხატვა კი არ იყო, არამედ იგი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა და თავისი ნათქვამის დასადასტურებლად მოწმეების მოყვანასაც კი აპირებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც, რომელსაც სასამართლომ ყურადღება საერთოდ არ მიაქცია. კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილი იმ პერიოდში, როდესაც გოგელიამ მის მიმართ ეს განცხადება გააკეთა, იყო მაჟორიტარობის კანდიდატი. მის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი განცხადება, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგზე აისახებოდა. ის ცილისმწამებლური განცხადება კი გააკეთა დევნილმა გოგელიამ და მისი ნათქვამი იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც პაატა ზაქარეიშვილი ტყვეთა გაცვლის კომისიის ხელმძღვანელი იყო. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გასჩენოდა ეჭვი, რომ ზაქარეიშვილი მართლაც იყო ამის ჩამდენი. აქედან გამომდინარე, გოგელიას ამ განცხადებამ პაატა ზაქარეიშვილი პირდაპირ დააზარალა, მაგრამ სასამართლომ ეს გარემოება საერთოდ არ მიიღო მხედველობაში.

რა დაასახელა სასამართლომ თქვენს მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძვლად?

- სასამართლოს ოცი დღე დასჭირდა, რომ ჩვენთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება გადმოეცა, თუმცა რაზეც ზემოთ ვისაუბრე, გადაწყვეტილებაში მხოლოდ ეს განმარტებები იყო გაკეთებული და „ინფო9“-ის სიუჟეტზე საერთოდ არ იყო ყურადღება გამახვილებული. დღეს კი ჩვენ სარჩელი უკვე სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ და იმედია, ის ამ საქმეს მაინც ობიექტურად განიხილავს.