განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ვაინშტეინი სასამართლოს შენობიდან ნიუ-იორკის ციხე რაიკერს-აილენდში გადაიყვანეს, მას მკერდის არეში ტკივილები დაეწყო. ციხის პერსონალმა მისი ჰოსპიტალიზაცია გადაწყვიტა. პროდიუსერი საავადმყოფო „ბელვიუში“ გადაიყვანეს.
ბოლო კვირების განმავლობაში 67 წლის ვაინშტეინი საავადმყოფოში უკვე მეორედ ხვდება. პირველად ის „ბელვიუში“ მას შემდეგ მოათავსეს, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს. 5 მარტს ვაინშტეინი საავადმყოფოდან გაწერეს და რაიკერს-აილენდის ლაზარეტში გადაიყვანეს.
ვაინშტეინს 23-წლიანი პატიმრობა 11 მარტს მიუსაჯეს. თებერვალში ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტეინი დამნაშავედ ცნეს თავისი ასისტენტის მირიამ ჰალეის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და ასევე სტილისტის ჯესიკა მანის გაუპატიურებაში.
ამავდროულად, ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი გაამართლეს ბრალდების სამი პუნქტით, რომელიც უფრო სერიოზულ გაუპატიურებას მოიცავდა და რომლის თანახმად, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა. ამის შემდეგ ვაინშტეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2017 წელს სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.
ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ.
12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.