"შავ სიაში" შეყვანილი „დიოგენე“ და კონკურსში გამარჯვებული არდაწერილი წიგნი

გამომცემლობა „დიოგენე“-ს ხელმძღვანელობა განათლების სამინისტროს მიერ 2011 და 2012 წლებში სასკოლო სახელმძღვანელობის გრიფირების კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ მასალებს შესასწავლად პროკურატურას გადასცემს. ამის შესახებ განცხადება „დიოგენეს“ წარმომადგენელმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა.

„დიოგენეს“ დირექტორი, თამარ ლებანიძე აცხადებს, რომ გამომცემლობა სახელმძღვანელოების გამოცემაში 2006 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული და რამდენიმე წლის წინ იგი სახელმძღვანელობის ბაზარზე მათი რაოდენობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე იყო და ამ რაოდენობას სახელმძღვანელობის ხარისხი განსაზღვავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრად დიმიტრი შაშკინი დაინიშნა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრი ნათია ჯოხაძემ ჩაიბარა, მკვეთრი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობისა და პროცედურული თვალსაზრისით. ასევე თამარ ლებანიძის განცხადებით, ამ პროცესში ძალიან ბევრი შეცდომები და დანაშაულიც კი იქნა ჩადენილი, რამაც სახელმძღვანელობის გამომცემლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ამან კი, საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად სკოლა, ბავშვი და მასწავლებელი აზარალა.

თამარ ლებანიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ კონკურსში მონაწილეობა ფასიანია და გასულ წელს „დიოგენემ“ ამაში 59 200 ლარი გადაიხადა. გამომცემლობის დირექტორის განცხადებით, მართალია „დიოგენე“ სახელმძღვანელოების გარდა სხვა წიგნებსაც გამოსცემს, მაგრამ ფინანსური სიძლიერისთვის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გამოცემაც.

„დიოგენეს“ ერთ-ერთი რედაქტორი, სოლომონ ნოზაძე აცხადებს, რომ სამი წლის წინ განათლების სამინისტრომ ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო, რადგან კონკურსი გამოცხადდა არა კონკრეტულ სახელმძღვანელოებზე, არამედ სახელმძღვანელოების სერიებზე. მანამდე კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოებზე ტარდებოდა კონკურსი და ვადა იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ხშირ შემთხვევაში, გამომცემლობები ამ დროში წიგნის შედგენასა და გამოცემას ვერ ასწრებდნენ. ამიტომ, სახელმძღვანელობის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არსებობდა ხოლმე.

„ვაღიარებთ, რომ 6-7 თვე სახელმძღვანელოს შესაქმნელად მართლაც არ არის საკმარისი. ფაქტობრივად, ჩვენ ნახევარფაბრიკატებს ვაბარებდით და უკვე შემდეგ ხდებოდა მათი გასწორება და შესაბამის კონდიციამდე მიყვანა. როდესაც ამ ცენტრის ხელმძღვანელად ნათია ჯოხაძე მოვიდა, მან აბსოლუტურად მისაღები და სწორი იდეა წამოაყენა, რომ სახელმძღვანელოები ყოველწლიურად არ უნდა გამოსულიყო, ანუ, ეს კონვეირი უნდა შეწყვეტილიყო და თითოეული სახელმძღვანელოს შესაქმნელად უფრო მეტი დრო უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ორი წელი, რომლის განმავლობაშიც ავტორთა ჯგუფიც მოასწრებდა, რომ უფრო კარგი სახელმძღვანელო შეექმნა და ექსპერტთა ჯგუფიც მას უფრო კვალიფიცირებულად შეამოწმებდა“, - აღნიშნავს სოლომონ ნოზაძე.

მისი თქმით, მიუხედავად ამ ინიციატივისა, სრულიად გაუგონარი რამ მოხდა. კერძოდ, კონკურსები გამოცხადდა არა რომელიმე კლასის სახელმძღვანელოებზე, არამედ 1-დან 6-ე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოზე. ამასთანავე, იმ დროში, რომელშიც ავტორები ერთი სახელმძღვანელოს შექმნას ძლივს ასწრებდნენ, უნდა შექმნილიყო ექვსი წიგნი, შეფასება კი ხდებოდა არა ყველა წიგნის ერთად, არამედ თითოეულის ცალ-ცალკე. ერთ რომელიმე სახელმძღვანელოს კი გამსვლელ ქულაზე თუნდაც ოდნავ ნაკლები რომ მიეღო, მთელი სერია ვარდებოდა. გარდა ამისა, კონკურსის პირობები იმ მიმართულებითაც შეიცვალა, რომ გამსვლელმა ქულამაც აიწია. თუკი ადრე გამსვლელი იყო 50%, ახალი პირობების თანახმად, ეს მონაცემი 90%-მდე გაიზარდა.

„ეს იყო სრული აბსურდი, რადგან თუკი მანამდე 6 თვის განმავლობაში ერთი წიგნის დაწერას ვერ ვასწრებდით, ახლა იგივე დროში 6 წიგნი უნდა შეგვექმნა და ეს წიგნები ისეთები უნდა ყოფილიყო, რომ თითოეულს 90%-იანი ბარიერი გადაელახა. ამდენად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კონკურსის ის პირობები, რომლებიც ვერაფრით დაკმაყოფილდებოდა“, - ამბობს ნოზაძე.

მისი თქმით, ბარიერის ასე აწევა ერთი შეხედვით კეთილშობილური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოხდა, ანუ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოების ხარისხი აწეულიყო. სინამდვილეში კი, ნოზაძის თქმით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბარიერის ვერგადალახვის პირობებში მის ავტორებს სახელმძღვანელობის შემფასებლებთან ნაკლები პრეტენზიები ჰქონოდათ. რედაქტორი ამბობს, რომ სახელმძღვანელოების შეფასებისას სერიიდან მხოლოდ ერთ წიგნს აგდებდნენ, ისიც გამსვლელ ქულებთან შედარებით ორი, ან სამი ქულით ნაკლებს უწერდნენ. ამიტომ, სოლომონ ნოზაძე ამბობს, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული, რომელი წიგნი უნდა გასულიყო კონკურსში და რომელი ვერ გადალახავდა ბარიერს. მისი თქმით, კონკურსის ერთ-ერთი ნაკლოვანება ისიც იყო, რომ თითოეული გამომცემლობის ერთი საგნის წიგნებს ექსპერტთა ერთი ჯგუფი აფასებდა. შესაბამისად, არ არსებობდა არც ერთი ექსპერტი, რომელიც ყველა წიგნს, ან თუნდაც წიგნების უმრავლესობას იცნობდა. ამიტომ, ექსპერტებს შედარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და შესაძლოა, მათ მიერ ჩაგდებული წიგნები არსებულ სახელმძღვანელოებს შორის საუკეთესოები ყოფილიყო, მაგრამ ამას ვერავინ გაიგებდა. სოლომონ ნოზაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში თუ წიგნის ჩაგდება გინდოდა, საკმარისი იყო ამ კონკრეტული წიგნის შემფასებლად შედარებით უფრო მკაცრი ექსპერტი დაგენიშნა და ის ისე ჩააგდებდა იმ წიგნს, რომ არც კი ეცოდინებოდა, რომ შესაძლოა, ეს სახელმძღვანელო არსებულთა შორის საუკეთესო იყო.

„დიოგენეს“ რედაქტორი იმაზეც საუბრობს, თუ როგორ ხდებოდა კონკურსის ფარგლებში წიგნების შემფასებელი ექსპერტების შერჩევა. მისი თქმით, ოფიციალურად ეს მეთოდი საერთოდ არ იყო ცნობილი, მაგრამ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რაც მისთვის გახდა ცნობილი.

„პირველ მარტს იყო ბოლო ვადა, როდესაც სახელმძღვანელოები კონკურსზე შევიდა. 12-ში კი მირეკავს ჩვენი ერთ-ერთი ავტორის მეუღლე (ისტორიკოსი) და მეუბნება, რომ წინა დღეს დაურეკეს და ჰკითხეს კონკურსში ექსპერტად ხომ არ მიიღებდა მონაწილეობას. წარმოგიდგენიათ, გაგანია კონკურსია, აპრილის პირველ რიცხვებში უკვე შედეგები უნდა დაიდოს და მარტის შუა რიცხვებში ისინი სახელმძღვანელობის შემფასებელ ექსპერტებს ეძებენ!

რამდენიმე დღის შემდეგ მირეკავს ჩემი ძმა, გიორგი ნოზაძე (რომელიც არის განათლების სფეროს ექსპერტი, რომელიც „ქართულ-ბრიტანულ აკადემიაში“ ასწავლიდა და მათემატიკის კათედრის გამგე იყო) და მეუბნება, რომ მას მათემატიკის ექსპერტობა შესთავაზეს. ჩემი ძმა იმით იყო აღშფოთებული, რომ ამაში ძალიან მცირე თანხა და პატარა დრო შესთავაზეს და ამიტომ ამ წინადადებაზე უარი თქვა. ამ დროს მე ის მენიშნა, რომ კონკურსის ვადის ნახევარზე მეტი გასული იყო და ექსპერტები ჯერაც არ ჰყავდათ შერჩეული“, - აცხადებს ნოზაძე.

დადგენილი წესით, ექსპერტები კონკურსამდე ორი კვირით ადრე უნდა დაეტრენინგებინათ იმისთვის, რომ მათ სცოდნოდათ, სახელმძღვანელოები როგორ უნდა შეეფასებინათ. ამ დროს კი სოლომონ ნოზაძესა და თამარ ლებანიძესთან ორი მათი მეგობარი მივიდა, რომლებიც კონკურსში ექსპერტებად იყვნენ ჩართულები და სთხოვეს, აეხსნათ მათთვის, სახელმძღვანელოების შეფასება როგორ უნდა მოეხდინათ. ყველაფერ ამის გამო ნოზაძე მიიჩნევს, რომ ეს კონკურსი არც არავის აინტერესებდა და ის ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

გამომცემლობა „დიოგენემ“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, მის შემფასებელ რამდენიმე პიროვნების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და გამომცემლობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართალია, ქართულ სასამართლო სისტემაზე მანამდე ბევრი სმენიათ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„წესით, ექსპერტები ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ და თითოეული მათგანი სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ცალ-ცალკე წერს შეფასებას. რეალურად კი, ჩვენ ხელთ გვაქვს სხვადასხვა შეფასებები, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურია არა მხოლოდ შინაარსით, არამედ სიტყვათა თანწყობით, შეცდომებით და ა.შ. როდესაც მოსამართლეს ვუთხარით, როგორ შეიძლებოდა, რომ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს ზუსტად ერთნაირი დასკვნები დაეწერათ და შეცდომებიც კი ერთნაირი ჰქონოდათ, ამაზე მოსამართლემ გვიპასუხა - რატომაც არ შეიძლებაო? ეს ექსპერტები დაიბარეს, ჰკითხეს, მათ ერთმანეთისგან ხომ არ ჰქონდათ დასკვნები გადაწერილი, რაზეც მათ უარყოფითი პასუხი გასცეს და ამით დასრულდა მთელი სასამართლო განხილვა“, - აღნიშნავს „დიოგენეს“ რედაქტორი.

მისი თქმით, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა სახელმძღვანელობის ქულობრივ შეფასებებშიც. კერძოდ, ის შეცდომა, რაც თითქოსდა ერთმა ექსპერტმა დაუშვა, სხვა ექსპერტების შეფასებებშიც არის განმეორებული და ა.შ. აქედან სოლომონ ნოზაძე ასკვნის, რომ განათლების სამინისტროს მესვეურები იმდენად იყვნენ გათავხედებულები, რომ ექსპერტების შეფასებების რეალურობასთან მისაახლოვებლად ამგვარი შეცდომების არდაშვებაზეც კი არ უზრუნიათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავისას მაინც გაიტანდნენ.

სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო „დიოგენე“ დაისაჯა. ამის შემდეგ სახელმძღვანელობის გრიფირების კონკურსში მონაწილე მისი 20 წიგნიდან 18 ჩავარდა, რაც გამომცემლობის მესვეურების განცხადებით უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რადგან წინა წლებში მათი სახელმძღვანელოებიდან შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ან ორი ჩავარდნილიყო. აქვე ისინი აღნიშნავენ, რომ ის ორი სახელმძღვანელოც იმიტომ გავიდა კონკურსში, რომ მათ მოწინააღმდეგე არ ჰყავდათ.

„დიოგენეს“ რედაქტორი იმასაც ამბობს, რომ როდესაც კონკურსის შედეგებს გაეცნო, დარწმუნდა, რომ კონკურსი მართლაც ფორმალურად ჩატარდა, რადგან არც ერთი სახელმძღვანელოს ქულობრივი შეფასება მის ხარისხს არ ასახავდა.

„მაგალითად იყო მესამე კლასის ბუნების სახელმძღვანელო, რომელის შედარებით სუსტი იყო, რადგან მასზე მუშაობა ვერ მოვასწარით, მაგრამ იყო სხვა კლასის ბუნების სახელმძღვანელოები, რომლებსაც ადრე გრიფი ჰქონდა მიღებული ყველაზე მაღალი შეფასებებით. ყველა ამ სახელმძღვანელოს აბსოლუტურად ერთნაირი შეფასება ჰქონდა მიღებული. აქედან ვასკვნით, რომ ეს სახელმძღვანელოები არც კი წაუკითხავთ. ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელიც იყო წაკითხული, მუსიკის სახელმძღვანელო იყო. ისიც უსამართლოდ იყო ჩავარდნილი, მაგრამ მისი შეფასება ამ სახელმძღვანელოს ჩვენეულ შეფასებას მისდევდა, ანუ შედარებით სუსტი რომელიც იყო იმას დაბალი ქულები ჰქონდა და პირიქით. წარმოიდგინეთ, ექსპერტს, რომელმაც ამ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა, პირადად მადლობაც კი გადავუხადე, რადგან იკადრა და წიგნი წაიკითხა“, - აცხადებს სოლომონ ნოზაძე.

მისი თქმით, ასეთ ტენდენციურ კონკურსის შედეგად ამ სფეროში მონოპოლიური მდგომარეობა გამომცემლობა „მერიდიანმა“ მოიპოვა. „დიოგენეს“ რედაქტორი ვარაუდობს, რომ „მერიდიანს“ ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავდა, რადგან მათ პრაქტიკულად არარსებული წიგნი გაიყვანეს კონკურსში. კერძოდ, ნოზაძის თქმით, აქამდე „მერიდიანი“ იყო გამომცემლობა, რომელიც წელიწადში 2-3 სახელმძღვანელოს გამოსცემდა. უკანასკნელი წლების კონკურსების შემდეგ კი მისი ყველა წიგნი კონკურსს გადიოდა და უფრო მეტიც, მასთან სხვა გამომცემლობებიც თანამშრომლობდნენ, რათა კონკურსში მათი წიგნები გასულიყო.

სოლომონ ნოზაძის განცხადებით, გამომცემლობა „მერიდიანი“ „დიოგენეს“ ერთ-ერთი ავტორის, ნუგზარ მუზაშვილის გადაბირებას ცდილობდა, რადგან „მერიდიანს“ ქართულის მე-10, მე-11 კლასების სახელმძღვანელო არ ჰქონდა შედგენილი, თუმცა ავტორის გადაბირება ვერ მოახერხა. „დიოგენეში“ აცხადებენ, რომ ეს ამბავი გაუხარდათ, რადგან მათი ერთ-ერთი ძლიერი ავტორი მათთან დარჩა და ამასთანავე, „მერიდიანს“ მე-10 და მე-11 კლასების ქართულის სახელმძღვანელო არ ექნებოდა, რაც „დიოგენეს“ კონკურსში ამ ნიშის შევსების საშუალებას მისცემდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

„წარმოიდგინეთ, ჩემნაირი პესიმისტი ადამიანის გაოცებაც კი, როდესაც ვნახე, რომ მაინც „მერიდიანის“ სახელმძღვანელომ, ანუ არარსებულმა სახელმძღვანელომ მიიღო გრიფი. გარწმუნებთ, რომ 6 თვის განმავლობაში 6 სახელმძღვანელოს შედგენა შეუძლებელია და წარმოიდგინეთ, რა დონის მფარველები ჰყავს „მერიდიანს“, რომ კონკურსში გაიყვანოს წიგნი, რომელიც არ არსებულა და მის ყველა კონკურენტს გადაუკეტონ გზა“, - აბობს სოლომონ ნოზაძე.