გასულ წელს სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გიორგი ბაიდოშვილი დააკავეს და 19 წლის ბიჭს 16 წლით პატიმრობა გიორგი ჩხვიმიანისა და ოლეგ მარგველანის დაჭრის ბრალდებით მიუსაჯეს, რითაც, ადვოკატის თქმით, გამოძიება ნამდვილი დამნაშავის ვინაობის გადაფარვას შეეცადა. გიორგი ბაიდოშვილს, „ერისიონის“ წამყვან სოლისტს, რომელმაც მთელი მსოფლიო ცეკვით მოიარა და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო, ხათუნა კალმახელიძემ გამოცდების ექსტერნად ჩაბარების უფლებაც არ მისცა, ციხეში კი ამ ახალგაზრდას ოლეგ ფაცაცია უმოწყალოდ სცემდა.
For.ge-ს ესაუბრება გიორგი ბაიდოშვილის ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე.
- 2011 წლის 3 მარტს სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამას მიეძღვნა სიუჟეტი - „ახალგაზრდების სისხლიანი გარჩევა“. იყო უსასტიკესი ჩხუბი, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა. მათ შორის, დაიჭრა ორი პირი, რომლებიც რესპუბლიკურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ესენი გახლდნენ იმ დროისთვის არასრულწლოვანი გიორგი ჩხვიმიანი და მისი ნათესავი 24 წლის ოლეგ მარგველანი. გამოძიება დაიწყო შსს-ს ვაკე-საბურთალოს მეორე განყოფილებამ, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებდა თბილისის პროკურატურის ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორი ვანო ალუღიშვილი. პირველივე დღეს გამომძიებლებმა ჩხუბის მონაწილე პირი, დავით ნიჟარაძე დააკავა. იგი, როგორც ამ ორი დაჭრილის მეგობარი და ჩხუბის აქტიური მონაწილე, ჩვენების მისაცემად წაიყვანეს პოლიციაში. სხვათა შორის, ამ პიროვნებამ იძალადა პოლიციელებზე და გამომძიებელ ელოშვილზე ფიზიკური წინააღმდეგობა განახორციელა. მისი მხრიდან წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ ლამის ის დააბეს. ამის შემდეგ დაჭრილი დავით ნიჟარაძე გადაიყვანეს კასპის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამ პიროვნებამ მისცა ჩვენება, სადაც დააფიქსირა, რომ ის ნამდვილად მონაწილეობდა ჩხუბში. მანვე დააფიქსირა, რომ ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს, არასრულწლოვან ჩხვიმიანს ჰქონდა კასტეტი და ელოდებოდა ვინმე ზაზა თელიას, რადგან წინა დღეებში მოხდა საკმაოდ დიდი დაპირისპირება სტუდენტებს შორის.
თავიდან ინციდენტი როგორ დაიწყო?
- ეს ფაქტი დაიწყო იმით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის აქტივი ბაკურიანში იმყოფებოდა და სტუდენტებს შორის გოგონების გამო მოხდა შეკამათება. თბილისში მათი ჩამოსვლის შემდეგ კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ახალგაზრდებმა სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაამტვირიეს, თუკი რამის დამტვრევა შეიძლებოდა და ერთმანეთს სახეები დაალეწეს. ამ ჩხუბიდან მეორე დღეს შეიკრიბნენ და საცემრად ისევ გაიწიეს. დავით ნიჟარაძემ სწორედ ამის თაობაზე მისცა ჩვენება და აღნიშნა, მე დავინახე, თუ ვინ დაჭრა ჩხვიმიანი და მარგველანიო. ამ ბიჭებს ის იცნობდა, რადგან მისი მომხრეები იყვნენ, პირადად იგი მარგველანმა დაპატიჟა, როგორც ახლო ნათესავი, ე.წ. სვანური ვენდეტას განხორციელების მიზნით. სანამ ეს ჩხუბი მოხდებოდა, ჩხვიმიანი, მარგველანი, ნიჟარაძე და მათი თანხმლები არაერთი პირი, რომელთა შესახებაც გამოძიებამ ძალიან კარგად იცოდა, რადგან იქ იყო ათეული პირი, სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის წინ ე.წ. „ბესედკაში“ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელებს იღებდნენ. ისინი ელოდებოდნენ იმ ხალხს, რომლებიც მათთან უნდა მისულიყვნენ საქმის გასარჩევად თუ ჩხუბის გასაგრძელებლად. შესაბამისად, ბახუსმიღებულმა ახალგაზრდებმა ჩხუბი დაიწყეს. ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ის ნათლად ხედავდა მისგან ორ მეტრში როგორ გაშალა მისთვის ნაცნობმა პირმა, ზაზა თელიამ დანა. ის აღწერს, რომ ზაზა თურმე მივიდა მერსედესის მანქანით, გადმოვიდა და ჩხუბის დაწყებამდე დანა გაშლილი ჰქონდა, შემდეგ ჯერ 16 წლის ჩხვიმიანი დაჭრა, შემდეგ - მარგველანი. ამის მერე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ნიჟარაძემ თავადაც დაამოწმა, რომ პირადად ისიც დაჭრილი იყო. ამ ჩვენების შემდეგ მან კიდევ ამხილა ჩხუბის მონაწილე რამდენიმე პირი, უკვე მეორე მხარეს, ანუ მათ საპირისპირო მხარეს, და თქვა, რომ ეს პირები იყვნენ მისთვის ძალიან ცნობილი სახეები - ადეიშვილი და გოშაძე, რომლებიც შემდეგ ამ საქმეში ხულიგნობის ფაქტზე გასამართლდნენ. ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურის პროკურორმა ვანო ალუღიშვილმა ამ ახალგაზრდის თანამშრომლობა მაღალ ფაქტად მიიჩნია და ნიჟარაძეს, რომელმაც ასეთი ნათელი ჩვენება მისცა და პირთა ჯგუფი ამხილა, შეუფარდეს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი - 400 ლარის ოდენობით პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და გაუშვეს.
თუ დააკავეს ისინი, ვინც მან ამხილა?
- დავით ნიჟარაძის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე აკავებენ ერთ-ერთ პირს - ჯაოშვილს, რომელიც განთავსდა კაპეზეში. მანაც მისცა ჩვენება, რომ პირადად მიიღო ჩხუბში მონაწილეობა და მეორე მხარის სასარგებლოდ, ანუ დაზარალებულების საპირისპირო მხარეს ჩხუბობდა. მან თქვა, მე დავინახე, როგორ გადმოვიდა მანქანიდან ვინმე ზაზა თელია და დანა გახსნა, დაჭრა ორი პირი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამ საქმეზე ზედამხედველობის პროკურორმა ალუღიშვილმა ჯაოშვილიც გაუშვა, მას ყოველგვარი პასუხისმგებლობა აარიდა და კაპეზედან გაათავისუფლა ისე, რომ არ დამდგარა მისი, როგორც ჩხუბის მონაწილის პასუხისმგებლობა. ამდენად, ორი პირის ჩვენების საფუძველზე ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ უკვე იცოდა, თუ ვინ მონაწილეობდა დაჭრაში და ეს იყო თელია.
ამ საქმეში თქვენ წარმოადგენთ გიორგი ბაიდოშვილის ინტერესს. მას რაიმე კავშირი ჰქონდა ამ დაპირისპირებაში?
- ამ ჩხუბში ის იყო, ოღონდ არ მიუღია მონაწილეობა. მას ბაკურიანში დაწყებულ ჩხუბთან შეხება არ აქვს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მომხდარ ჩხუბშიც არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა მას დაუძახეს და უთხრეს, შენ იმ ბიჭების მეგობარი არ ხარ, რომლებმაც იჩხუბეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში?! ამის შემდეგ მას სახეში უმოწყალოდ ჩაარტყეს კასტეტი, ისეთ დონეზე, რომ საფეთქელს რამდენიმე სანტიმეტრში აცდა, გაგლიჯა თვალთან წარბი და დაეცა. ამის შემდეგ იგი უმოწყალოდ სცემეს. შემდგომში მას მიეშველა ერთ-ერთი პირი, ააყენა და გაიყვანა იქიდან. მოგვიანებით 19 წლის გიორგი ბაიდოშვილის მეგობრები დაიბარეს პოლიციაში და ზეწოლით, მუქარით, დაკავების შიშით ალაპარაკეს. გიორგი ბაიდოშვილიც მივიდა პოლიციაში, მას სურდა, გაცხადებულიყო რეალობა. თუმცა მას აკავებენ და ამოცნობაზე მოჰყავთ მარგველანი. მარგველანმა ვერ ამოიცნო ბაიდოშვილი, ის ამბობდა, მე სახით ვერ ვიხსენებ ჩემს დამჭრელს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნასვამი ვიყავიო. თუმცა ის ამბობდა, ეს იყო შავგრემანი ბიჭი. ასეთი რეალობის მიუხედავად, გიორგი ბაიდოშვილი მაინც დააკავეს. არადა, გიორგი აცხადებდა, თუ რა მოხდა ჩხუბის დროს, ვინ იძალადა მასზე, ვინ ჩაარტყა კასტეტი და ვინ იყო ის პირი, რომელმაც სიკვდილის პირას მიიყვანა. რა თქმა უნდა, გიორგი დაზარალებულად არ ცნეს და მის წინააღმდეგ 55 დღიანი პატიმრობის სანქცია ითხოვა პროკურორმა ალუღიშვილმა. ამ საქმეს ჰყავდა რამდენიმე გამომძიებელი, თუმცა ამ ადამიანებმა გიორგის უფლებები შეზღუდეს, მათ შორის, გამომძიებელმა გალაქტიონ ჯიქიამ. იმ დროს, როცა ნიჟარაძე და ჯაოშვილი ხელს თელიას ადებდნენ, ისე რომ, მათზე არანაირი ზეწოლა, მუქარა არ ყოფილა, გამომძიებელმა ჯიქიამ ჩვენს შუამდგომლობებს არ უპასუხა, დაცვას პასუხს არ სცემდა და მტკიცებულებებს არ გვაძლევდა. მას ათეულობით შუამდგომლობა გავუგზავნეთ და ყველას იგნიორირება მოახდინა. ამით მან დაარღვია მხარეთა თანასწორობის უფლება. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ მის ზედამხედველ პროკურორთან, ვანო ალუღიშვილთან. ის კი გვეუბნებოდა, როგორ გეკადრებათ, ჩემი გამომძიებელი პროფესიონალია. ამის შემდეგ ალუღიშვილის უსამართლო და დემაგოგიური განცხადებები გავასაჩივრეთ, მივწერეთ მთავარ პროკურორს - ზოდელავას, ასევე, ადეიშვილს და მიკერძოებული პროკურორის აცილება მოვითხოვეთ. უარს ვამბობდით, რომ საქმე ამ დანაყოფს გამოეძია. მაგრამ ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თუმცა სასამართლოში მოსამართლე სანდოძესთან დავამტკიცეთ, რომ გამოძიება უმოტივაციო და არასრულყოფილი იყო, რადგან დაცვის უფლება შეიზღუდა. ცხრა მტკიცებულება ამოიღო სასამართლომ და თქვა, რომ გამომძიებელმა ჯიქიამ კანონი დაარღვია. ამის შემდეგ ალუღიშვილმა თქვა, რომ მართალია, ჯიქიას შეეშალა, მაგრამ მე არ ვიცოდი, თუ დაცვა მას მიმართავდა, რადგან შს სამინისტროს კანცელარიასთან შეხება არ მაქვსო. ეს აბსურდია და ამას პირველ ნაბიჯგადამდგარი პროკურორიც არ იტყვის.
რამდენი წელი მიუსაჯეს 19 წლის გიორგი ბაიდოშვილს?
- ამ პიროვნებას 16 წელი მიუსაჯეს. დანიშნეს ახალი პროკურორი მაია სილაგაძე, რომელმაც ანალოგიურად ხისტი პოზიცია დაიკავა და მიკერძოებული იყო. მანაც მტკიცებულებები არ გამოაქვეყნა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დამჭრელი სხვა იყო, რადგან ერთ-ერთმა დაჭრილმა - ოლეგ მარგველანმა განაცხადა, ჩემი დამჭრელი იყო ჩემზე დაბალიო. ჩვენ მივუტანეთ ცნობები სამხედრო კომისარიატიდან, ციხიდან. ორივე ინფორმაცია ამტკიცებდა, რომ მარგველანის სიმაღლით მეტრი და 84 სანტიმეტრია, ბაიდოშვილიც ზუსტად მეტრი და 84 სანტიმეტრია. ამით დავამტკიცეთ, რომ არანაირად არ შეიძლებოდა, ბაიდოშვილს ის დაეჭრა. თანაც ესენი ამბობდნენ, რომ ეს იყო შავგრემანი, დაბალი, ამ დროს კი გიორგი სულ სხვანაირი აღნაგობისაა. მოკლედ, გიორგის 16 წელი მიუსაჯეს ისე, რომ მტკიცებულებები არ გამოაქვეყნეს, არც ცენტრალური მოწმე - ჯაოშვილი წარმოუდგენიათ, რომელმაც ზუსტად იცოდა, იყო თუ არა დამჭრელი ზაზა თელია. თუ თელია არ იყო დამჭრელი, მაშინ გამოდის, რომ ეს ორივე პირი დასაწყისშივე იტყუებოდა, ე.ი. ვიღაც გადაფარეს. ფაქტია, რომ გამოძიება ნორმალურად არ წარიმართა.
ცნობილია, რომ გიორგი ბაიდოშვილმა ციხეში ჯოჯოხეთი გაიარა და მას ოლეგ ფაცაცია ურტყამდა.
- პროკურორებისა და გამომძიებლების არაპროფესიონალური დამოკიდებულებით, მავანთა მოწადინებით, რომ რეალობა არ დადგენილიყო, ბაიდოშვილმა ციხეში საშინელება გადაიტანა. ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურორს და დავაფიქსირეთ, როგორ უმოწყალოდ სცემეს გიორგი იმ პირებმა, რომლებიც დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი და, ალბათ, მათი გასამართლება უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს არის ოლეგ ფაცაცია და სხვანი. გიორგი აღწერს, როგორ უმოწყალოდ, დღე და ღამე ცემა-ტყეპაში ჰყავდათ, მას აიძულებდნენ „ბრალის“ აღიარებას, იმის გამოც სჯიდნენ, რომ ასე ვაჟკაცურად იდგა. როდესაც ჩემთან მოდიოდა, ის ამბობდა, მე არაფერი მაქვს სათქმელიო. ვეუბნებოდი, რაღაც არ მომწონს შენი სიარული-თქო. ერთ დღესაც ციხეში შევედი და ვუთხარი, იცი, რა მოხდა? ვიღაც პირუტყვები დააკავეს, რომლებიც ძალადობდნენ. მან მკითხა, ფაცაცია თუ არის დაკავებულიო? დავუდასტურე. ჩამეძია, მართლა დააკავესო? შემდეგ მითხრა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ფაცაცია, ასევე სხვები, მთელი გვარებია. ჩვენ სიმართლეს ვითხოვთ. პროკურატურას საქმის გადასინჯვას ვთხოვთ. უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობაც, ვინც მათზე ზედამხედველობა განახორციელა, ვინც გაასამართლა გიორგი. მან კალმახელიძეს სთხოვა, გამონაკლისის წესით, უფლება მიეცათ, ექსტერნად ჩაებარებინა კურსის გამოცდები. ამაზე უარი უთხრეს. შემდეგ სთხოვა, არ მინდა, ციხიდან გამოყვანა, წიგნებს შემომიგზავნის ოჯახი, პროფესორ-მასწავლებლები შემოვლენ და ჩავაბარებო, ამაზეც უარი მიიღო. ყველანაირად გადაუკეტეს გზა. დღეს გიორგის თავის მიდამოში გაუსაძლისი ტკივილები აქვს, თვალზეც პრობლემები აქვს, კარგად ვერ იხედება. კიდევ 15 წელი აქვს მოსახდელი. ჯერ არავინ იცის, ამნისტია ვის შეხება, მაგრამ რკინის ქალამანს ჩავიცვამ, რომ გიორგი ბაიდოშვილის სიმართლე დავამტკიცო. არ შეიძლება, შენი უნიათობით, უზნეობით, არაპროფესიონალიზმით, ვიღაცაზე დამოკიდებულებით და იმით, პროკურორი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ახალგაზრდა დაღუპო - ეს ჩემი ღირსების საქმეა. გიორგი გახლავთ ადამიანი, რომელიც ჩვენი ყველა შეხვედრის დროს თვალებში მიყურებს და იმედი აქვს, რომ მის სიმართლეს დაინახავენ. ჩვენ ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ. გამოიძიონ, არის გიორგი დამნაშავე? მაშინ დასაჯონ გიორგი. არ არის დამნაშავე? მაშინ გაამართლონ და, ვინც დასასჯელია, ის დასაჯონ. ათულობით მოწმე ადასტურებს, რომ ამ ჩხუბში ორივე მხრიდან 20-30 კაცი მონაწილეობდა, რომლებიც ერთმანეთს ქვებს ესროდნენ, ხეებს თავში ურტყამდნენ, დაასისხლიანეს ერთმანეთი. უფრო მეტიც, ამ საქმეში არ არის დადგენილი, რითია დაჭრილი ეს ორი ადამიანი, არ არის დადგენილი სისხლის კვალი, ჯგუფი. როდესაც დაზარალებულების ტანსაცმელი ამოიღო გამომძიებელმა ელოშვილმა, სულ სხვა დაზიანებები აღწერა და ჩაწერა, რომ სერი ფერის ტანსაცმელიაო. ამ დროს სურათი როცა ვნახე, ტანსაცმელი ყვითელია. ვეუბნები, სერი და ყვითელი ერთმანეთთან როგორ მიდის-მეთქი? სურათების ჩვენებას ვითხოვდით, ამაზეც ერთი ომი დაგვჭირდა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ბრალდებას აბსოლუტური ჰეგემონია ჰქონოდა საქმეში. ამიტომაც მან უმოწყალოდ გაასამართლა ეს ახალგაზრდა.