თურქეთის სირიის ტერიტორიაზე ოფიციალური სამხედრო ყოფნის მიზეზები
თურქეთის სირიაში სამხედრო ყოფნის ოფიციალური გაცხადებული მოტივები შემდეგია. პირველ რიგში, მისი მიზანია სირიასთან მოსაზღვრე სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა (სირიასთან თურქეთს 800 კმ-ზე მეტი სიგრძის საზღვარი აკავშირებს). ამისათვის თურქეთი ცდილობს კონტროლი დაამყაროს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა ხელი შეუშალოს იქ მცხოვრებ სირიელ ქურთებს, ჩამოაყალიბონ ავტონომია სირიის რესპუბლიკის ჩრდილოეთში და პერსპექტივაში, შეიქმნას ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფო სირიის, ერაყისა და თურქეთის ტერიტორიებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მრავალრიცხოვანი ქურთული მოსახლეობის ცხოვრების გათვალისწინებით, ანკარასათვის ეს რეალური საშიშროებაა.
- სირიის ჩრდილოეთით თურქეთთან მოსაზღვრე რაიონებში ლტოლვილებისათვის განთავსების ზონების შექმნაა. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მათივე მონაცემებით 4 მილიონამდე ლტოლვილია. ასევე თურქეთის მხარე შიშობს, რომ თუ იდლიბის პროვინციას ასადის ჯარები დაიკავებენ, ლტოლვილთა ნაკადი მკვეთრად გაიზრდება.
ეს არის გაცხადებული მიზეზები, რის გამოც თურქეთი ამართლებს საკუთარ სამხედრო ყოფნას იდლიბის რაიონში.
რეალური მიზეზები და რა ემთხვევა ოფიციალურს
ზემოდ ჩამოთვლილი ორივე, ოფიციალურად გაცხადებული მიზეზი, რასაკვირველია, რეალურია და დამკვირვებელთა ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ქვემოთ მოცემული მიზეზის გარეშე სურათი მეტ-ნაკლებად სრული არ იქნება -
ისტორიული თვალთახედვით, თურქეთში რელიგიასა და პოლიტიკას შორის გამიჯვნის არარსებობის შედეგად, მუსულმანი მოსახლეობით დომინირებად რეგიონებში, პოლიტიკური ლიდერები ყოველთვის თხოულობდნენ გავლენიანი მუსულმანი მოღვაწეებისაგან მხარდაჭერას. იმისათვის, რომ მუსულმან მოსახლეობაში ლეგიტიმურობა შეეძინათ, მმართველები, გავლენიანი მუსულმანი მოღვაწეებისაგან თავიანთი ქმედებების მიმართ ლოიალურობას, ქებას და საჯარო მოწონებას ითხოვდნენ. ურჩებს ელოდათ მუქარა, ციხეში ჩასმა, ხოლო რიგ შემთხვევებში - წამებაც კი. ზუსტად ეს, კონტროლის საკითხი საფუძვლად უდევს ერდოგანის მხრიდან პეთჰულა გიულენის გააფთრებულ დევნას. თურქეთის რესპუბლიკის საერო ხასიათის მიუხედავად, პრეზიდენტ ერდოგანის ელექტორატი უმეტესწილად რელიგიური წეს-ჩვეულებების დამცავი თურქი მოსახლეობისაგან შედგება. ერდოგანი ხშირად იყენებს რელიგიურ იდენტურობას საზოგადოების პოლარიზაციისა და საკუთარი ელექტორატის კონსოლიდაციისათვის.
ერდოგანმა არაერთხელ გამოიყენა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარება თავისი ელექტორატის კონსოლიდაციისათვის და მოწინააღმდეგეების დევნისათვის. თუ რამდენად შორს წავიდა ერდოგანი თავის კონფრონტაციაში საზოგადოებასთან, დანარჩენ სოციალურ სპექტრთან, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ გატარებული სადამსჯელო ღონისძიების მასშტაბები აჩვენებს, კერძოდ, „პუტჩის“ შემდგომ პერიოდში (2016წ) 50 651 ადამიანი დააკავეს, 27 234 ადამიანი დაიჭირეს, 3 465 მოსამართლე და პროკურორი სამსახურიდან გაანთავისუფლეს, 120 ჟურნალისტი დააპატიმრეს, 1254 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს, 5266 არმიის ოფიცერი დააპატიმრეს, 159 მაღალი თანამდებობის მქონე გენერალი დაითხოვეს, 2 346 უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი მოხსნეს, 2099 სკოლა და ინტერნატი დახურეს, 1254 კომერციული ფირმა დახურეს. წმენდების დროს, ჯამში 104 914 ადამიანი დაზარალდა. წმენდები დღესაც გრძელდება.
შედეგად, ერდოგანს, საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად და „ისტორიაში შესასვლელად“, როგორც პუტინს, მუდმივად ესაჭიროება „გამარჯვებები“. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებს წააგებს და ყველა მისი მოწინააღმდეგე ხმას ამოიღებს. კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება იდლიბის პროვინციაში მოსახლე თურქების მოძმე თურქმანული მოსახლეობის დაცვა დასახელდეს. მათგან და ზომიერი სირიელებისაგან შედგება თურქეთის პროქსი.
კიდევ ერთ მიზეზად, შესაძლებელია, მივიჩნიოთ რუსეთის შეიარაღებილი ძალების თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველი მიახლოება, იმ შემთხვევაში, თუ ასადის ძალები რუსების დახმარებით იდლიბის პროვინციას აიღებენ.
რუსეთის სირიის ტერიტორიაზე ოფიციალური სამხედრო ყოფნის მიზეზები
2017 წლის 18 იანვარს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციასა და სირიის არაბულ რესპულიკას შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც გათვალისწინებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო ჯგუფის განთავსება სირიაში, ხმეიმიმში, ლატაკიის პროვინციაში. შეთანხმება ეყრდნობა 1980 წლის 8 ოქტომბერს საბჭოთა კავშირსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას, და ასევე - 1994 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სირიის თავდაცვის სამინისტროს შორის დადებულ შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ მხარეები ხელმძღვანელობენ რა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებით, ეყრდნობიან რა ორმხრივ მისწრაფებას, დაიცვან რუსეთის ფედერაციისა და სირიის არაბთა რესპუბლიკის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება, აღიარებენ რა, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსეთის საავიაციო ჯგუფის ყოფნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნებს პასუხობს, თავდაცვით ხასიათს ატარებს და არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, ასევე ადასტურებენ რა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ამოცანათა ერთობას, რუსული მხარე, სირიული მხარის თხოვნით, სირიის არაბულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საავიაციო ჯგუფს ანთავსებს. აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს 49 წლით და შემდგომი ყოველი 25 წლის შემდე ავტომატურად გრძელდება, თუ რომელიმე მხარემ შესწორება არ შეიტანა დოკუმენტში, ანუ შეთანხმება უვადოა. რეალური მიზეზები
გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ 2016 წლის 24 თებერვლის სტატიაში მოცემული იყო სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ხუთი ძირითადი მიზანი:
სირიაში რეჟიმის შეცვლის არდაშვება, რომელიც შესაძლებელი იყო გარე ჩარევის გამო,
რუსეთის საგარეო პოლიტიკური იზოლაციის აშშ-ს გეგმების ჩაშლა;
დამტკიცება იმისა, რომ რუსეთი უფრო სანდო მოკავშირეა ვიდრე ამერიკა;
რუსეთის ახალი შეიარაღების შესაძლებლობების დემონსტრირება;
მეზობელ უკრაინასთან ომით დაღლილი რუსეთის საზოგადოებისათვის ახალი საგარეო პოლიტიკური სპექტაკლის შეთავაზება.
შევჩერდებით რუსეთის ახალი შეიარაღების შესაძლებლობების დემონსტრირებაზე, ლაპარაკია ახალი საბრძოლო პლატფორმებისა და შეიარაღების სისტემების ფართო სპექტრის გამოცდაზე ომის პირობებში. ასევე, პირადი შემადგენლობის მიერ საბრძოლო პირობებში მიღებული გამოცდილების თაობაზე, კერძოდ, 2018 წლის 28 აგვისტოს, რფ-ს შძ-ის(შეიარაღებული ძალების) სირიაში ოპერაციების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 63 012 რუსეთის სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის თითქმის ნახევარმა (25 738 პირი)- ოფიცერმა სამხედრო გამოცდილება მიიღო. ასევე ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო 434 გენერალმა. სირიაში დისლოცირებული რუსეთის დაჯგუფებაში საბრძოლო გამოცდილება მიიღო რფ-ს შძ-ის სამხედრო ოლქების, საერთო-საჯარისო არმიების, სამხედრო-საჰაერო ძალების არმიების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილების ყველა სარდალმა, დივიზიების მეთაურებმა, აგრეთვე საერთო-საჯარისო ბრიგადების და პოლკების მეთაურების 95%-მა; საბრძოლო გამოცდილება შეიძინა საარმიო ავიაციის 90%-ზე მეტმა ეკიპაჟმა, 60%-მა ოპერატიულ-ტაქტიკური და შორეული ავიაციის ეკიპაჟებმა. ოპერაციის მსვლელობისას გამოცდილ იქნა 231 სახეობის იარაღის ნიმუში. ავიაციამ შეასრულა 39 000 საბრძოლო გაფრენა, 189 საბრძოლო კამპანიაში მონაწილეობა მიიღო რფ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის 86-მა საბრძოლო გემმა, 14-მა წყალქვეშა ნავმა და 83-მა უზრყნველყოფის გემმა.
ხშირი როტაციების მეშვეობით, სირიის ომმა პირადი შემადგენლობის გამოცდილების ამაღლებაზე უზარმაზარი ზეგავლენა იქონია, მოსალოდნელია, რომ სირიაში პირადი საბრძოლო გამოცდილება მიღებული სამეთაურო შემადგენლობის წინსვლა დააწინაურებს რუსულ სამხედრო აზრს და ზემოქმედებას იქონიებს გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგიებზე.
ასევე არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთის ექსპორტი სირიის ომის ფონზე გაიზრდება. მათივე მოლოდინით შეიარაღების გაყიდვით, ისინი უფრო მეტს მოიგებენ, ვიდრე დახარჯეს. კონფლიქტის დაწყებიდანვე „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურმა სამსახურმა“ დააფიქსირა საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებულ შეიარაღებაზე და ტექნიკაზე მოთხოვნის ზრდა. „კომერსანტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი უახლოეს წლებში პოტენციურ ექსპორტის კონტრაქტებს 6-7 მლრდ. დოლარით აფასებს.
დასკვნის მაგივრად
იმედია ერდოღანის მთავრობა გაითვალისწინებს სააკაშვილის მთავრობის შეცდომებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში და არ დაეყრდნობა ისეთ მოლოდინს, როდესაც ჩვენ მთავრობას ეგონა, რომ რუსეთი სრულად არ ჩაერეოდა კონფლიქტში.
ასევე მეორე შეცდომას, როდესაც საქართველოს შძ-ს გაერთიანებულ შტაბს მართავდნენ არაპროფესიონალები და სამხედრო ოპერაციებში ერეოდნენ პოლიტიკოსები, ერდოგანის მთავრობამ ბევრი პროფესიონალი და მაღალი რანგის ოფიცერი დაითხოვა ჯარიდან, რამაც შეიარაღებული ძალები შეასუსტა.
და მესამე შეცდომას - ომის წარმოებას მოკავშირეების გარეშე, აშშ-სთან და ნატო-ს სხვა წევრებთან მისი დღევანდელი დამოკიდებულება მას, რუსეთის პირისპირ მარტო დატოვებს.
რუსეთი და თურქეთი ერთმანეთისაგან დამოკიდებული არიან ორ სფეროში. თურქეთი დამოკიდებულია რუსეთისაგან ენერგეტიკული კუთხით, ხოლო რუსეთი თურქეთისაგან ბოსფორის გამო. მაგრამ ამ ბერკეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი ესკალაციის შემთხვევაში, ანუ ომის გამოცხადების დროს, ამის გარეშე თურქეთი სრუტეებს რუსული გემებისათვის ვერ დაკეტავს.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ 2015 წლის მოვლენებს, როდესაც თურქულმა გამანადგურებელმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, მოლაპარაკებები გაზსადენ „თურქული ნაკადის“ თაობაზე შეწყდა, მაგრამ არსებული გაზის მიწოდება თურქეთში რუსეთს არ შეუწყვიტავს.
იდლიბის პროვინციაში ძალთა განლაგება ახალი შეთანხმებითაც დაძაბულობას არ ამცირებს, რადგან მ4 ტრასის დაცვა 12 კმ. განივი დეესკალაციის ზონით იდლიბის სამხრეთით განლაგებულ თურქების დაჯგუფებას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ამიტომ ცეცხლის შეწყვეტიდან მშვიდობის მიღწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ნეტავი რას აწვალებ შენს ე.წ. რუხ ნივთიერებას?
რას მიედ-მოედები?
ან რა დამსახურბა გაქვს ისეთი, რომ შენი თითიდან "გამოწუწნული" აზრი ვინმესთვის მისაღები იყოს?
შენ გაგონილი გაქვს რამე დედუქციურ მეთოდზე?
არტურ კონანდოილი თუ გაგიგია და მისი შერლოკ ჰოლმსი (ისე, სირიის ერთ-ერთი პროვინციის სახელს კი ჩამოაგავს.
წაიკითხე, არ წააგებ და მერე მაშნვე არ დაჯდე დასაწერად. გირჩევ რამდენიმე თვე იფიქრე მხოლოდ ამაზე და თუ ამის შემდეგაც შეგრჩება სურვილი მსგავსი დაწერო, რბილ ქაღალდზე დაიტანე, არ წააგებ.