პოლიტპატიმრების მხოლოდ ერთი სია იარსებებს

პოლიტპატიმრების მხოლოდ ერთი სია იარსებებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული პოლიტპატიმრების სიაზე მომუშავე კომისიის მიმართ უკანასკნელ დღეებში საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამიტომ კომისიის სამმა წევრმა, ლევან ჩიტაძემ, ნინო გვენეტაძემ და მერაბ ტურავამ for.ge-ს პრეს-კლუბში კომისიის მუშაობის პრინციპებზე და კომისიის მიმართ გაჩენილ შენიშვნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ამ დროისთვის კომისიაში დაახლოებით 300-მდე პატიმრის განაცხადია შეტანილი, მაგრამ სავარაუდოდ, ყველა მათგანი პოლიტპატიმრის სტატუსს ვერ მიიღებს. კომისიას მუშაობის ვადა 5 დეკემბრამდე აქვს და ამ დროისთვის იგი უკვე პოლიტპატიმრების საბოლოო, შეჯერებულ ვარიანტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

ლევან ჩიტაძის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს (რომლებიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ) პოლიტპატიმართა საკუთარი სიები აქვთ და ამ სიებს ლობირებენ, რის გამოც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ჩიტაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული კომისია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ პოლიტპატიმართა სიას განიხილავს და სწავლობს. ამიტომ კომისიას არ აქვს სწორება რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაზე და საბოლოოდ ყველა ამ საქმის შესწავლის შედეგად იგი პარლამენტს საბოლოო, შეჯერებულ ვარიანტს წარუდგენს.

„პოლიტპატიმართა რაოდენობა არ განისაზღვრება ერთი რომელიმე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი სიით. მათი რაოდენობა სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი საქმეების და აღიარებული პოლიტპატიმრების მიხედვით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას (ადგილობრივსაც და საერთაშორისოსაც), რომელიც ამ საკითხში ჩვენთან ითანამშრომლებს და პოლიტპატიმრების საქმეებს მოგვაწოდებს, მადლობას გადავუხდით. რომელმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც არ უნდა განაცხადოს, რომ მას პოლიტპატიმრების საკუთარი სია აქვს, ეს არ გვაჩვენებს სრულ სურათს. არ დავაკონკრეტებ ორგანიზაციებს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა პოლიტპატიმრების საქმეებზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყეს და რა თქმა უნდა, ამ კუთხით მათ გაცილებით ნაკლები რეზულტატი აქვთ. ორგანიზაციების ნაწილმა კი ამაზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო“, - აღნიშნავს ლევან ჩიტაძე.  

იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ არ იგეგმება რომელიმე კონკრეტული პირის საქმის ცალკე შესწავლა და არ იქნება რაიმე ცალკე სია. პარლამენტს წარედგინება ერთიანი სია, რომელშიც სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი პატიმრები იქნებიან შეყვანილი.

„პოლიტპატიმრობის ოქროს წესია, რომ თავდაპირველად თავად პიროვნება უნდა მიიჩნევდეს თავს პოლიტპატიმრად. შემდეგ უკვე მის საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ და ანიჭებენ პოლიტპატიმრის სტატუსს, მაგრამ თუკი ადამიანი ითხოვს პოლიტპატიმრების სიიდან საკუთარი გვარის ამოღებას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას პოლიტპატიმრის სტატუსი ვერ მიენიჭება. ვერც ერთ ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსს ძალით თავს ვერ მოვახვევთ. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტპატიმარს მოვუწოდებ მშვიდად დაელოდონ ამ პროცესის დასრულებას და სხვადასხვა სახის პროვოკაციებს არ აჰყვნენ. გამორიცხულია, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანის საკითხის განხილვა ცალკე მოხდეს და მასთან დაკავშირებით გმირის ლეგენდები შეიქმნას“, - აცხადებს ლევან ჩიტაძე.

მისი თქმით, ერთადერთი, ვინც უნდა ინერვიულოს, არიან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებებების შემსრულებლები თუ დამკვეთები იყვნენ და მათ გვარებს პოლიტპატიმრები ასახელებენ. ჩიტაძე ამბობს, რომ როდესაც ეს ადამიანები საპატიმროებს დატოვებენ, მათ საქმეებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების არერთი მაღალჩინოსნის მიმართ იქნება საქმე აღძრული. უფლებადამცველი ამბობს, რომ რამდენიმე ათეული პოლიტპატიმრის არსებობა პირდაპირ ნიშნავს წინა ხელისუფლების პოლიტიკურ გასამართლებას.

ნინო გვენეტაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ის ორი ორგანიზაციაც ეწსრებოდა („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“), რომლებმაც კომისია რამდენიმე დღის წინ დატოვეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ამ ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს იმ პირთა საქმეები, რომლებზეც თავად იმუშავეს, ისევე როგორც კომისიის შემადგენლობაში შემავალმა სხვა ორგანიზაციებმა, მაგალითად „ჰელსინკის ჯგუფმა“, „საზოგადოებრივმა დამცველმა“ და ა.შ. საბოლოოდ, კომიტეტის სხდომაზე პოლიტპატიმართა სიის შეჯერებულ ვარიანტს კენჭიც ეყარა, მაგრამ კომისიის მუშაობა ვერ დასრულდა იმის გამო, რომ უკანასკნელ პერიოდში კომისიაში კიდევ უამრავი განაცხადი შევიდა. ამიტომ კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივება გახდა საჭირო. ნინო გვენეტაძის თქმით, კომისიას ფორსირებულ რეჟიმში უწევს მუშაობა, რის გამოც სამუშაო შეხვედრები ხშირად გვიან ღამემდე გრძელდება, ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობაც არის ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტს პოლიტპატიმართა სიის კომისიის წევრების მიერ შეჯერებული ვარიანტი წარედგინება.

„ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც დღესაც სასჯელს იხდიან საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში და პოლიტიკური ნიშნით დევნილები, რომლებიც დღეის მდგომარეობით საქართველოში არ იმყოფებიან. კომისია მსჯელობს, ამ ნიშნით აღიარებულ ადამიანებს რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება უკავშირდებოდეს“, - აღნიშნავს ნინო გვენეტაძე.

მისი თქმით, პარლამენტი პოლიტპატიმრების საკითხზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სამართლებრივი დეტალებიც იქნება გათვალისწინებული. ამაში იგულისხმება ის, რომ შესაძლოა პოლიტპატიმრებად ადამიანების აღიარების შემდეგ კომიტეტმა მათ საკითხზე მუშაობა გააგრძელოს და ვთქვათ, ამნისტიით გაათავისუფლოს, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნილებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში არსებობს მოსაზრება, რომ ამ ადამიანებს სამართლიანი სასამართლოს უფლება მიენიჭოთ, ანუ მიეცეთ ქვეყანაში დაბრუნების და თავისი უდანაშაულობის სასამართლოში მტკიცების საშუალება. ნინო გვენეტაძე ხაზს უსვამს იმას, რომ კომისია არ არის სასამართლო და პოლიტიკური ნიშნით ადამიანის საქმის შესწავლა არ ნიშნავს ვინმეს გამართლებას, ან დადანაშაულებას. კომისია ამ საქმეებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციაზე დაყრდნობით სწავლობს.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ყველა უფლებადამცველი ორგანიზაცია (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. ტურავას თქმით, თუნდაც ის ორი ორგანიზაცია („საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“), რომლებმაც ჯგუფი დატოვეს, ამ სამუშაო პროცესს არ ემიჯნებიან და კომიტეტის სხდომაზე მათ მიერ შესწავლილ პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულთა სიაც წარმოადგინეს. უბრალოდ ამ ორგანიზაციებს არ სურთ პასუხისმგებლობის აღება იმ პირებზე, ვისი საქმეც არ აქვთ შესწავლილი. მერაბ ტურავა ბუნებრივად მიიჩნევს იმას, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ მხოლოდ იმ პირებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომელთა საქმეებიც შესწავლილი აქვს.

„მახსენდება ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც ბიზნესმენ მამა-შვილს გამოძიება ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებას ედავებოდა და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები ერთ-ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან იყვნენ დაკავშირებულები, ერთს 30 წლით, ხოლო მეორე 35 წლით პატიმრობა მიესაჯათ. გასაოცარი კი ის არის, რომ მოგვიანებით ამ პირებს რეალური სასჯელი პირობითი მსჯავრით შეეცვალათ. თვითონ ეს ფაქტი, რომ ადამიანს ეკონომიკური დანაშაულისათვის 35 წელს უსჯი და შემდეგ ამხელა სასჯელმისჯილი პატიმარი ციხეში არ გყავს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ პიროვნების მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს და პოლიტიკური მოტივით იყვნენ დევნილები“, - ამბობს მერაბ ტურავა.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევები მრავლად არის. ასევე ტურავა აცხადებს, რომ კომისია თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა პირის საქმე ზედმიწევნით კარგად იყოს შესწავლილი. ამიტომ სიაზე, რომელიც საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება, კომისია მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას.