დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება. ადგურ არძიმბა, ლეონიდ ძიაფშპა და ასლან ბჟანია - აფხაზეთის დე ფაქტო ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები დაარეგისტრირა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია, რომელიც ბოლო მონაცემებით მაღალი რეიტინგით სარგებლობს, უკვე მეორედ მოწამლეს. ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში 2 მარტს გადაიყვანეს. რამოდენიმე საათში კომიდან გამოვიდა, ადეკვატურად პასუხობს ყველა კითხვას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ თავის დაქნევით.
მომხდარის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბჟანიას მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მიზანამიმართულად მოწამლეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ასლან ბჟანია 2019 წლის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხაჯიმბას მთავარ ოპონენტად განიხილოებოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბჟანია მაშინაც პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოწამლეს.
ასლან ბჟანია საბჭოთა „კაგებეს“ ოფიცერი იყო და სსრკ-ს დაშლის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „კაგებე“-ში მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს იგი გუდაუთის „კაგებე“-ში ირიცხებოდა. ის ალექსანდრე ანქვაბის კადრია, მისი „პრეზიდენტობის“ დროს დე ფაქტო უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წლის გადატრიალებისა და ანქვაბის რუსეთში გაქცევის შემდეგ ბჟანიამ ოპოზიციაში გადაინაცვლა.
ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის კვალს ხედავს აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ჯემალ გამახარია მიიჩნევს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო აფხაზების მიმართ შურისძიებით არის დაკავებული. for.ge-სთან საუბრისას ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული იყო, ასლან ბჟანია ე.წ. არჩევნებზე დაეშვა, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად გაიაზრეს მოვლენების შესაძლო განვითარება.
for.ge ჯემალ გამახარიას ესაუბრა.
აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს თუ დავაკვირდებით, პრინციპში, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა უმართავია და რუსეთს ხელიდან გაექცა პროცესები, მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის ჩართულობას, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს მობეზრდა აფხაზეთის დე ფაქტო მმართველობა და ამიტომ ამ ფორმით გადაწყვიტა რაულ ხაჯინბას ჩამოშორება?
ჯემალ გამახარია: ეს პროცესები 2004 წლიდან მიმდინარეობს. კერძოდ, ხელისუფლების ცვლა იმ მეთოდებით, რა მეთოდებიც ვიხილეთ ახლო წარსულში. ასე მოხდა ბატონი ანქვაბის შემთხვევაში. იცით, რომ რუსეთს არ უნდოდა მისი მოსვლა ხელისუფლებაში. არძინბას წასვლის შემდეგ რუსეთი იბრძოდა, რომ ხაჯიმბა ყოფილიყო აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი. არ ვიცი, რა ასეთი განსაკუთრებული ნდობა ჰქონდა ხაჯინბას.
იქნებ იმიტომ, რომ ხაჯიმბა გამორჩული სეპარატისია, ვიდრე ბაღაფში და ანქვაბი, რომლებიც თბილისში მოღვაწეობდნენ...
– დიახ, აქ ბევრი მეგობარი ჰყავდათ, მაგრამ ისინი აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდნენ. რაც შეეხება ხაჯიმბას, ადგილობრივი კადრი იყო, რომელიც სულ უშიშროების სამსახურში მუშაობდა, ძველ „კაგებე“-ში, ანუ პუტინის კოლეგა იყო. ერთმანეთს არ იცნობნენ, მაგრამ მაშინ „კაგებე“ ერთი სტრუქტურა იყო მთელი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ამიტომ იყო „სტავკა“ ამ ადამიანზე.
ის იყო ბაღაფშის ალტერნატივა რუსეთისთვის, ანქვაბის ალტერნატივაც, რომელმაც ვერ დაასრულა თავისი ვადა, ისე ჩამოაშორეს ხელისუფლებას და ეს გაკეთდა რუსეთის ხელით. რაც შეეხება ხაჯიმბას ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, ეს არ არის რუსეთის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი ბოლო წუთამდე ცდილობა ხაჯიმბას შენარჩუნებას, მაგრამ ვერ მოახერხა, ისევე როგორც თავის დროზე, 2004 წელს ვერ მოახერხა მისი გაპრეზიდენტება.
რუსეთი, რომელიც მთლიანად ფლობს მართვის ბერკეტებს აფხაზეთში, რატომ ვერ შეძლო ხაჯიმბას შენარჩუნება, ხალხის აზრი გაითვალისწინა და გაწირა ხაჯიმბა?
– აფხაზეთის ტერიტორიას თავიდან ბოლომდე აკონტორლებს რუსეთი. იმდენი სამხედრო ძალა ჰყავს, რომ არანაიარი საფრთხე აფხაზებისაგან არ ემუქრება. მაგრამ ამასთანავე რუსეთი ცდლობს, რომ აფხაზური საზოგადოება არ დაიპირისპიროს. ამიტომ, ზოგჯერ იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს საზოგადოების ინტერესებს და მათ მისწრაფებებს. აფხაზურმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა უნდა რუსეთს აფხაზეთში. რუსეთს სჭირდება აფხაზეთის ტერიტორია, სულაც არ სჭირდება აფხაზები. მაგრამ, ამ ეტაპზე, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს აფხაზეთის ოკუპაციას და დე–იურე საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მას ეს აფხაზობა სჭირდება იმისათვის, რომ აფხაზეთის სახელით ეკავოს ეს ტერიტორია. რუსეთი ცდილობს მოახდინოს ამ ტერიტორიის ანექსია, ისე როგორც ეს გააკეთა ყირიმის შემთხვევაში და მერე, უკვე, აფხაზი საერთოდ არ სჭირდება. ეს შესანიშნავად იციან აფხაზებმა. ამიტომ ერთი მხრივ აფხაზი კმაყოფილია იმით, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი, მაგრამ მეორე მხრივ აფხაზი არის შეშინებული, დაშინებული და ფიქრობს იმაზე, რა შემთხვევაში შეიძლება ის რუსეთმა გადაყლაპოს.
შეშინებული და დაშინებული აფხაზი საფრთხეა რუსეთისთვის?
– საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ ვითომ დამოუკიდებელი აფხაზეთის პროექტი შეიძლება ჩამოეშალოს. აღმოჩნდეს, რომ იქ აფხაზების ნებით კი არ იმყოფება, როგორც ახლა აჩვენებს მთელს მსოფლიოს, რომ აფხაზებმა რეფერენდუმი ჩაატარეს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ამ დამოუკიდებელმა აფხაზეთმა მოიწვია რუსეთი და კანონიერ საფუძველზე დგას იქ. ამ პროექტს არის ამოფარებული და თუ დაიპირისპირა აფხაზები, მაშინ ჩამოიხსნის ამ ნიღაბს და უკვე ღიად გახდება ოკუპანტი.
მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს რუსეთს როგორც ოკუპანტს, მაგრამ აი, როცა აფხაზი აღიარებს მას ოკუპანტად, მერე უკვე წასასვლელი ექნება იქიდან. ამიტომ, იძულებულია ანგარიში გაუწიოს აფხაზებს. აფხაზები ყოველთვის ეჭვით უყურებენ იმ პიროვნებებს, რომელთა კანდიდატურა მოდის მოსკოვიდან. ვაითუ ის პოლიტიკა განახორციელონ, რომლის შემდეგ ჩვენ აქ ვერ ვიქნებით და ჩვენი ადგილი აქ ვერ იქნება. აფხაზები ასე უყურებდნენ ხაჯიმბას ყოველთვის – 2004 წელსაც, 2012 წელსაც, როდესაც ის გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. ასე უყურებდნენ ახლაც, ბოლო დღემდე.
რუსეთიდან ჩამოსული ემისრების მიზანი იყო ხაჯიმბას გადარჩენა. რომ ვერ გადაარჩინეს, ამის მერე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათ უზრუველყვეს მშიდობიანი გადადგომა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ამის მიზანია ადამიანების შეცდომაში შეყვანა. როცა მიხვდნენ, რომ ვერ შეინარჩუნებდნენ, მერე უკვე ადვილად დათმეს, იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება აფხაზეთი და არა ხაჯიმბა. მისთვის მთავარია აფხაზეთის შენაჩუნება და თუ ხაჯიმბა ამას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ რაში სჭირდებათ ხაჯიმბა?!
ვინ შეიძლება განვიხილოთ ხაჯიმბას ალტერნატივად, რომელსაც არ აქვს რუსეთის მხარადჭერა, მაგრამ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით?
– დღეს ხაჯიმბას ალტერნატივა არის ბჟანია, რომელსაც არ ჰქონდა რუსეთისგან ისეთი მხარდაჭერა, როგორც ხაჯიმბას. არათუ არ ჰქონდა, არამედ მოწამლეს და სწორედ რუსეთში მოწამლეს, რომ მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში. ჩავიდა რუსეთში, რომ დაერწმუნება ხაჯიმბაზე ნაკლები ერთგული არ არის, მაგრამ პასუხად მიიღო მოწამვლა. ეს ყველამ იცის, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი მისი მეორე სამშობლოა. ახლა ცდილობს დაარწუნოს რუსეთი, რომ არანაკლებ ერთგულია, ვიდრე იყო ხაჯიმბა. სხვანაიარად ხელისუფლების სათავეში ვერანაირად ვერ მოვა. ბჟანიას კანდიდატურა საზოგადოების მიერ იქნება მხარდაჭერილი, თუმცა ასე მარტივი ვერ იქნება მისი გაპრეზიდენტება. რა თქმა უნდა, ექნება კონკურენცია, რუსეთს არაერთი კანდიდატი ეყოლება. რომელი გაიმარჯვებს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინც გაიმარჯვებს, ის უკვე მისი მსახური იქნება.
ბჟანია არის ოპოზიციის აშკარა ფავორიტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის შტაბს სათავეში ალექსანდრე ანქვაბი ჩაუდგა. ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ეს გუნდი გაიმარჯვებდა. ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ რჩებოდათ, ეს იყო ასლან ბჟანიას საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორება, როგორც ეს შარშან გაკეთდა. რუსების მხრიდან აფხაზებზე შურისძიებას აქვს ადგილი. რუსეთი აფხაზებს უჩვენებს, რომ აქ ბატონი მე ვარ და უნდა გავიდეს ჩემი კანდიდატიო. რუსეთის კანდიდატი ადგურ არძინბაა.
რუსეთი მხარს უჭერს არძინბას, მაგრამ საქართველოს რეალობისთვის, რომელი კანდიდატია მისაღები?
– ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კანდიდატის გამარჯვება, რომელიც არ დაუშვებს აფხაზეთის ანექსიას რუსეთის მიერ. არ შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა მიეყიდოს უძრავი ქონება და რუსეთის მოქალაქეებს არ მიეცემათ საშუალება, რომ გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები. ხაჯიმბას ასეთი რამ აქვს ნათქვამი - თუ რუსეთის დავალებას შევასრულებ, ჩემი ხალხი ჩამომკიდებს, თუ არ შევასრულებ, მაშინ რუსეთი ჩამომკიდებს. ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც მან იწინასწარმეტყველა. მომავალ დე–ფაქტო პრეზიდენტსაც იგივე ბედი ელის. მთავარი წინააღმდეგობაა რუსეთის სურვილი მოახდინოს აფხაზეთის ანექსია, რისი წინააღმდეგი არის აფხაზური საზოგადოება.
დღევანდელ აფხაზეთში არის ისეთი ადამიანი, რომელიც ღიად ისაუბრებს დეოკუპაციაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე?
– ჯერჯერობით ასეთი კანდიდატი არ ჩანს და ვერც გამოჩნდება, იმიტომ, რომ მეორე დღე მისთვის დამთავრდება მძიმედ. ის განუკითხაობა, დაპირისპირება, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობს რუსულ პოლიტიკასა და აფხაზურ საზოგადოებას შორის, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს ნელ–ნელა მიგვიყვანს იქამდე, რომ აფხაზური საზოგადოება აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ თუ მას თავის გადარჩენა უნდა, აუცილებელია ქართველებთან შერიგება და ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში მისი დაბრუნება. გადარჩენის სხვა გზა მათ უბარლოდ არ აქვთ. დღეს ბევრია აფხაზეთში ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც ასე აზროვნებს. უამარავ აფხაზთთან მაქვს შეხვედრა, უამრავ აფხაზთან ვსაუბრობ, მაგრამ მე არასოდეს არ ვაყენებ ასე საკითხს, თვითონ სვამენ ასე საკითხს.
ადამიანების რა კატეგორია აყენებს საკითხს ასე?
– ესენი არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გარკვეული პოზიციები გააჩნიათ და ამბობენ, რომ აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს ასე. ზოგი ამბობს, რომ უმრავლესობა ფიქრობს ასე, მაგრამ ვერ ბედავენ ხმა მაღლა საუბარსო. ჩვენც დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს ასე. თუმცა ხმამაღლა ამაზე საუბარი არის შეუძლებელი.
გარდა სამშვიდობო პოლიტიკისა, რა ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და მისთვის სასარგებლოდ მართოს?
– ქართულ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული ბერკეტები, რომ იმუშაონ, მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის შესახებაც ხმამაღლა უნდა იყოს საუბარი. მთავარი, რაზეც ჩვენ ღიად ვლაპარაკობთ, ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერება, უფრო ფართო და საქმიანი კონტაქტების დამყარება აფხაზური საზოგადების ნაწილთან. შერიგება შესაძლებელია არა უბრალო განცხადებებით და საუბრებით, არამედ კონტაქტების დამყარებით და საქმის ერთობლივი კეთებით.
დღეს, აფხაზებს ეკონომიურად ძალიან უჭირთ. მივცეთ შესაძლებლობა, რომ აქ აკეთონ ბიზნესი, დავაფინანსოთ, უამარავი პროექტია. როდესაც გამოცხადდა სახელმწიფო სამშვიდო პროგრამა – უკეთესი მომავლისთვის, რომელიც სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას ითვალისწინებს, აფხაზებმა ასობით პროექტი შემოიტანეს, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი დაფინანსდა. სერიოზული მუშაობა მიდის იმაზე, რომ შეიქმნას დიდი ფონდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ეს პროექტები დავაფინანსოთ.
როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ სარგებელზე, ერთ–ერთ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა? სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რამდენად არის ურთიერთბის აღდგენის ერთ-ერთი გზა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ 200 მილიონ მოგებას ვკარგავთ წლიურად...
– ძალიან ძნელი სათქმელია. ჩვენთან არიან ეკონომისტები და არის ასეთი ახალგაზრდა ეკონომისტი ჭარაია, რომელსაც შესწავლილი აქვს ეს საკითხი. მქონდა მასთან საუბარი, ეს ადამიანი ამბობს, რომ იმდენად ძვირი დაჯდება ამ რკინიგზის აღდგენა, რომ იმდენად მომგებიანი ვერ იქნება, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ. გარდა ამისა, პოლიტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება ჩვენთვის? თუ აფხაზმა მდინარე ენგურზე საბაჟო დაგიყენა და შენ თუ გექნება ურთიერთობა იმ საბაჟოსთან, ეს უნდა აფხაზსაც. ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ მოგებაზე ნაკლებად იფიქრებს. სამწუხაროდ, ეს უფრო პოლიტიკური საკითხი გახდა, ვიდრე ეკონომიკური.