ბერლინალეს გამარჯვებულმა ირანელმა რეჟისორმა 1-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს

ბერლინალეს გამარჯვებულმა ირანელმა რეჟისორმა 1-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს

ირანის მთავრობამ ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორი მოჰამად რასულოფი სასჯელის მოხდის აუცილებლობის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Associated Press-ი რეჟისორის ადვოკატზე დაყრდნობით წერს.

მოჰამად რასულოფის 1-წლიანი პატიმრობა 2019 წლის ივლისში მიუსაჯეს. რეჟისორი დამნაშავედ ცნეს მისი ფილმების მეშვეობით სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში. საუბარია ფილმებზე „მშვიდობით“, “ხელნაწერები არ იწვიან“ და “მოუსყიდველი“.

რეჟისორს ქვეყნის დატოვება და 2 წლის განმავლობაში ფილმების გადაღება აუკრძალეს. რასულოფმა განაჩენის გასაჩივრება სცადა, თუმცა ის წარმოებაში არ მიიღეს.

რასულოფის ფილმი „ბოროტება არ არსებობს“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა. რეჟისორის ნაცვლად ფესტივალის მთავარი პრიზი მისმა ქალიშვილმა, ბარან რასულოფმა მიიღო.

2010 წელს რეჟისორს ეროვნული უსაფრთხოების წინაააღმდეგ შეთქმულებისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით 6 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელის ვადა 1 წლამდე შეუმცირეს, თუმცა ციხეში არ ჩაუსვამთ.