„ნუ გამოვცდით ღმერთს, ღმერთი იძახის, ტვინი იმიტომ მოგეცით, ხანდახან გაანძრიეთო“

„ნუ გამოვცდით ღმერთს, ღმერთი იძახის, ტვინი იმიტომ მოგეცით, ხანდახან გაანძრიეთო“

კორონავირუსის თემა რელიგიურ საკითხთან გადაიჯაჭვა და განსჯის საგნად იქცა, ამ მეტად საშიში ვირუსის თავიდან ასაცილებლად ზიარების დროს ერთი ბარძიმი და საერთო კოვზი უნდა გამოვიყენოთ, თუ ინდივიდუალური კოვზი?! რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეკომენდაციით, გამონაკლისის სახით მრევლი საკუთარი კოვზით უნდა მივიდეს საზიარებლად. ამ აზრს არ იზიარებენ ქართველი სასულიერო პირები და ფიქრობენ, რომ ამით ზიარების საიდუმლოებას ჩრდილი მიადგება.

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ 21 საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებოდნენ და ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო. არათუ გავრცელებულიყო, პირიქით, ზიარება ადამიანს კურნავს.

მისი თქმით, პირველ საუკუნეში ადამიანებს ბარძიმს სახლში ატანდნენ, ზიარება ბარძიმიდან ხდებოდა. კოვზით ზიარება რამდენიმე საუკუნის შემდეგ შემოიღეს, რადგან ბარძიმით ზიარება საფრთხესთან იყო დაკავშირებული. შეიძლებოდა ადამიანს ადამიანისთვის ხელი ეკრა და სასულიერო პირს ბარძიმი დაქცეოდა, რაც ძალიან მძიმე ცოდვაა. ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით ეკლესიამ კოვზით ზიარება შემოიღო.

რას ფიქრობენ სპეციალისტები კორონავირუსის საფრთხის შესახებ, ამის თაობაზე For.ge-ს იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი ესაუბრა.

- ალბათ, გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა, „მართალია, არის მშვიდობა, მაგრამ დენთი მაინც მშრალად შეინახეთო“. ყველას გვწამს ღმერთის, უფლის ნებაა ყველაფერი და არა მგონია, უფალმა თავის საყდარში ვინმე გაწიროს, მაგრამ, სადაც შეიძლება, ვირუსის გავრცელების ალბათობა შემცირდეს, ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, სჯობს ზიარებისას ინდივიდუალური კოვზი გამოვიყენოთ. ვირუსი სპირტში იღუპება და კოვზს ღვინოში როცა ყოფენ, ღვინოშიც სპირტია, მაგრამ აქ ეს ფაქტორიცაა, ეს რესურსი რამდენ ხანს იქნება საკმარისი და ვირუსიანი ადამიანის კოვზს ჩაყოფენ თუ არა იმ ღვინოში.

ერთ-ერთმა ქართველმა სასულიერო პირმა ამის შესახებ აღნიშნა, რომ ღვინო ანტისეპტიკია.

- კი, ღვინო არის ანტისეპტიკი, მაგრამ, თუ არის საშულება და არა მგონია, ამის საშუალება არ იყოს, ერთჯერადი კოვზები გამოიყენონ. ცივილიზაცია წინ მიდის. სხვათა შორის, შუა საუკუნეებშიც რომ იყო ეპიდემიები, შავი ჭირი, ქოლერა, ხალხი მაშინაც დადიოდა ეკლესიებში და მაშინაც სწამდათ ღმერთის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ალბათობა მაინც არის, რომ ადამიანებს ვირუსი გადაედოთ, ამიტომ ნუ გამოვცდით ღმერთს. ღმერთი იძახის, ტვინი იმიტომ მოგეცით, ხანდახან გაანძრიეთო. კი ბატონო, ღმერთი ყველაფერს გვიკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ რაც ახლა მოხდა, კორონავირუსის სახით, ესეც უფლის ნებაა, ამითაც გვასწავლის უფალი. ამიტომ დაავადების გადადების ნაკლები ალბათობა რომ შევქმნათ, ერჯერადი კოვზები აბსოლუტურად მისაღებია. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ უკვე დათბა საქართველოში, ისეთი სიცივეები აღარ არის და საერთოდ ეკლესიის კარებს თუ გააღებენ, გაანიავებენ და ისე ჩატარდება ლოცვები, კიდევ უკეთესი. სხვათა შორის, საკმეველს ანტივირუსული ეფექტი აქვს და, რაც მეტს გამოიყენებენ, უკეთესია. ჩვენ ვიცით, რომ ვირუსს კლავს ჟანგბადი, საკმეველი, ერთჯერადი კოვზები, ეს ყველაფერი უფალმა გვასწავლა. ვერ ვხვდები, რატომ არის ერთჯერადი კოვზებით ზიარება აკრძალული. ეკლესიას, ან თუნდაც მრევლს არ უჭირს, რომ ბევრი ერჯერადი კოვზი შეიძინონ.

აქ რწმენაში შესუსტებაზეა საუბარი, რომ ზიარების საიდუმლოს ამით ჩრდილი მიადგება.

- უფლის ნებაა ყველაფერი, ერჯერადი კოვზებიც და თეფშიც უფალმა გამოგვაგონებინა. ბოლო ასი წლის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ახალი დაავადება გაჩნდა, იცვლება რაღაც ამ სამყაროში და ჩვენც შეგვიძლია მოვერგოთ ამ სიტუაციას. აუცილებლად ამ ვირუსის კლებისკენ წავა ვითარება და ყველაფერი კარგად დამთავრდება. ყოველ ღამეს მოსდევს დღე, არ არსებობს ღამე, რომელიც არ გათენებულა.

ჩინეთში კორონავირუსი თავდაპირველად მძიმედ იყო გამოვლენილი, ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თითქოს უფრო სუსტად მიმდინარეობს ამ ვირუსის გავრცელება. როგორ ფიქრობთ, ვირუსმა ადაპტაცია განიცადა ადამიანის ორგანიზმში და ისეთი მძიმე ფორმით აღარ მიმდინარეობს?

- ამ მხრივ საქართველოში ყველაზე კარგი ვითარებაა. ჯერ ერთი, ნაკლები შემთხვევაა, არც ერთი შემთხვევა ლეტალური არ არის. ვისაც ეს ვირუსი დაუდგინდა, საკმაოდ იოლ ფორმებში აქვს. ამ მხრივ იტალიას და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს- ბრიტანეთს, გერმანიას ვაჯობეთ, ამერიკასაც ვაჯობეთ. რაც შეეხება ადაპტაციას, შეიძლება ასეც არის და ვირუსმა ადაპტაცია განიცადა. ეს მაინც ახალი ვირუსია, ახალ გარემოში მოხვდა, შეიძლება ცოტა „ინერვიულა“. ეს რომ ვთქვი, ახლობლებმა დამცინეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ასეთი ვირუსი, უფრო სწორად ამ ვირუსის „მშობლები“ 2012-შიც იყო, თუ არც ვცდები, 2003-შიც იყო. რომ იცოდეთ, ეს ახალი კორონავირუსი ნაკლებად აგრესიულია. რთულია წინასწარ გათვლა, მომავალში რა იქნება, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ვირუსები უფრო აგრესიულები გახდნენ, ვიდრე 20-25 და 30 წლის წინ იყვნენ, ესეც ფაქტია. ეს ადამიანის ბრალია, თავისი არასწორი მიდგომით, არასწორი მკურნალობით, ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკების გამოყენებით. ანტიბიოტიკი ჩვენს ბუნებრივ დაცვის უნარიანობას აქვეითებს. ანტიბიოტიკი ერთ-ერთი დამაზიანებელი პროდუქტია. ანტიბიოტიკს თავისი გამოყენების წესები აქვს და ის უნდა გამოვიყენოთ უკიდურეს შემთხვევაში. სამწუხაროდ, მოსახლეობა არ ეკითხება ექიმებს არაფერს, ისეთი შემთხვევაც გვაქვს, რომ ზოგიერთი გაუნათლებელი ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკს. ეს შეცდომაა. ზუსტად ამან გამოიწვია, რაც ახლა ხდება სამყაროში. დედამიწაზე რაც ხდება, ყველაფერი ადამიანის ბრალია.

სხვათა შორის, „ნასაში“ აღნიშნავენ, რომ კორონავირუსმა დადებითად იმოქმედა გარემოზე და თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, ჩინეთის თავზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი - აზოტის დიოქსიდი შემცირდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთში ყველა საწარმო დაიკეტა.

- რა თქმა უნდა, დედამიწა თავს იცავს ჩვენგან და სწორსაც აკეთებს. რაც ხდება, ყველაფერი ნორმალურია.

რაც შეეხება ტრადიციულ საშუალებებს, ირონიაც გამოიწვია, რომ არაყი, ჭაჭა, ნიორი, თაფლი ადამიანს დაიცავს ვირუსებისგან, რადგან იმუნიტეტს აძლიერებს.

- თაფლი კატეგორიულად არ შეიძლება, ჭაჭით და არყით ხელს თუ დაიმუშავებენ, ძალიან კარგი ანტისეპტიკია, თუმცა ხშირად თუ მიიღებთ, იმუნურ სისტემას ესეც აქვეითებს. თაფლი არის ანტიგენი, ანუ ეს არის ნივთიერება, რომელიც იმუნურ სისტემას ნორმაზე უფრო მეტად ხარჯავს. სადაც იმუნური სისტემა ნორმაზე მეტად იხარჯება, ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა უფრო სუსტდება. ფუტკრის მიერ შექმნილ ყველა პრუდუქტს აქვს ანტიგენური, ანუ იმუნური სისტემის მხარჯავი ეფექტი. ამიტომ თაფლი საერთოდაც არ არის მიზანშეწონილი. ზოგიერთები სიგარეტსაც ეწევიან და ნარკოტიკსაც იღებენ, მაგრამ კარგია?

სიგარეტის შესახებაც ითქვა, რომ მწეველები ნაკლებად ზიანდებიან კორონავირუსით, რადგან მწეველები არ არიან მგრძნობიარენი ზოგიერთი დაავადების მიმართ.

- პირიქით, ტყუილია, მწეველები უფრო მეტად ზიანდებიან, მაგრამ ნარკოტიკის მომხმარებლები განსაკუთრებით ძლიერად ზიანდებიან კორონავირუსით.

ჩინეთსა და ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა, მაგრამ იტალიასთან მიმართებით ასე არ მოხდა. სხვათა შორის, რთული სანახავი იყო, რომ ირანიდან ჩამოსული ქართველი წუხდა, საკუთარ სამშობლოში საზღვარზე არ მიშვებენო.

- ეს არის ტაქტიკა. როდესაც ასეთი სიტუაციაა, იმ ქართველსაც ჭკუა უნდა ჰყოფნოდა და არ უნდა დაეწყო პორწიალი წინ და უკან. მსოფლიო განსაცდელშია და ადამიანებიც ისე უნდა მოიქცნენ, როგორც უმჯობესია მოსახლეობის უმეტესობისთვის. როცა იცი, რომ შეიძლება ვირუსის წყარო გახდე, ბოდიში და, უნდა დაეტიო სახლში. ირანიდან დაბრუნებული თუ არ შემოუშვეს, ესეც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ირანთან რომ დაიკეტა საზღვარი, კორონავირუსამდეც ამის მომხრე ვიყავი. იტალიასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან საზღვრის დაკეტვა არ არის სასურველი. ეს ყველაფერი ჩაივლის. კიდევ ერთ თვესაც გავძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება. რეზულტატები არ ტყუიან. მე ყველა მთავრობას ვაკრიტიკებ, მაგრამ ის, რაც ამ მთავრობამ და, განსაკუთრებით, დაავადებათა ზედამხედველობის სამსახურმა გააკეთა, რეზულტატები არ ტყუიან. ყველაზე კარგი მდგომარეობა საქართველოშია.

 

 

Katana . "ის, რაც ამ მთავრობამ და, განსაკუთრებით, დაავადებათა ზედამხედველობის სამსახურმა გააკეთა, რეზულტატები არ ტყუიან. ყველაზე კარგი მდგომარეობა საქართველოშია."
!
სწორედ ეს მეტყველებს, რომ ჯანდაცვის სისტემა, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძით დაწყებული, ოპოზიციის მხარეზეა!!!

ვინც ვერ ხვდება, რა შუაშია ოპოზიცია და პოლიტიკა,
მოუსმინეთ შალვა ნათელაშვილს:

"კორონა ვირუსი უკვე საქართველოშია!
გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ: გადაირთოს ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან, აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან სასიკვდილო ინფექციაზე! "

აი, რისთვის შემოიტანა ივანიშვილმა კორონა ვირუსი საქართველოში!..
მაგრამ რად გინდა, ჯანდაცვის სისტემამ წყალში გადაუყარა მთელი ჩანაფიქრი: ამ არამკითხე მატრაკვეცათა წყალობით, ყველაზე კარგი მდგომარეობა საქართველოშია თურმე და... რა გინდა, რომ ქნა?!..
4 წლის უკან