„საჩუქრად პუტინს“, - ინტერნეტში ვრცელდება ასეთი წარწერის მქონე თურქული ჭურვის ფოტო გასროლამდე. ექსპერტების ნაწილი რუსეთ-თურქეთს შორის სერიოზულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს. თუ ასე მოხდება, რუსეთ-თურქეთის თაფლობის თვე, მოლოდინისამებრ, ხანმოკლე აღმოჩნდება და მათი დროებითი დაზავება სირიაში რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკურ ინტერესთა გატარებას შეეწირება.
სირიის პროვინცია იდლიბში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
რამდენად შორს წავა რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირება, ამის შესახებ For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე ესაუბრა.
ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, ასადის რეჟიმთან პირისპირ დატოვოს. თავის მხრივ, პუტინი ამბობს, რომ არავისთან აპირებს ომს, მაგრამ ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ რუსეთთან ომი თავში არავის მოუვიდეს. ხომ არ დაუბრუნდა რუსეთი და თურქეთი თავის პირვანდელ ისტორიულ მდგომარეობას, ანუ დაძაბულობას მცირეხნიანი ტაიმაუტის შემდეგ? როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში, რას გაიყოფენ და გაინაწილებენ მხარეები? მით უმეტეს, ირანიც არ აპირებს სირიის ტერიტორიაზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
- ირანი რუსეთზე ადრე იყო ჩართული ამ კონფლიქტში. რუსეთი 2015 წელს ჩაერთო და ირანი თავიდანვე იყო ჩართული ბაშარ ალ ასადის მხარეზე. ბაშარ ასადი ვერც კი მიაღწევდა რუსეთის დახმარებამდე, რომ არა ირანის დახმარება. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ერდოღანს უკან დასახევი გზა არ აქვს, ამიტომ ცდილობს შედგეს მოლაპარაკება, რომლის დიდი იმედი აქვს, რომ 5 ან 6 მარტს გაიმართება პუტინთან. თუმცა ეს შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს პუტინის მხრიდან. ერდოღანი ყოველმხრივ ცდილობს, უშუალოდ შეხვედრის წინ ჰქონდეს მაქსიმალურად მომგებიანი პოზიცია, მაქსიმალურად მეტ ტერიტორიას აკონტროლებდეს სირიაში, რომ მოსალაპარაკებელი ბაზა მომგებიანი იყოს მისთვის. უხეშად რომ ვთქვათ, სავაჭროდ ზედმეტი კარტები ეჭიროს ხელში. გულწრფელად თუ ვიტყვით, თურქეთი ძალიან ტყუის. მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ალ ასადმა და სირიის ხელისუფლებამ აღიარა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მაშინვე გაწყდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% მიტაცებული აქვს, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ კონფლიქტში თურქეთი ზუსტად იმ როლს ასრულებს, რასაც რუსეთი ასრულებდა და ახლაც ასრულებს საქართველოში. ეს არის უკანონოდ შემოჭრა, ტერიტორიების დაკავება, ისეთი ძალების მხარდაჭერა, რაც არ ეკადრება დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს. რაც შეეხება სირიას, იქ ამ წუთებშიც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, რომ ერდოღანმა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაიკავოს და სავაჭრო ჰქონდეს რუსეთის ფედერაციასთან. მან ძალიან კარგად იცის, რომ რუსულ ძალებთან პირისპირ დადგომა არანაირად არ აწყობს.
ცალკეული ექსპერტები რუსეთ-თურქეთს შორის ფართომასშტაბიან ომს არ გამორიცხავენ.
- ეს შეუძლებელია. არავინ ელოდება, რუსეთ-თურქეთის პირდაპირი შეჯახება მოხდეს სირიის ტერიტორიაზე, ან სხვაგან, ან დაიწყოს საომარი მოქმედებები. ამ დღეებში მოვისმინე ათასნაირი ექსპერტის მოსაზრება - ფართომასშტაბიანი ომი, საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენება რუსეთის მიერ თურქეთისთვის შეტევის მიზნით. ეს ზღაპრებია, იმხელა ეკონომიკური საფუძველი უდევს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას, რომ ერდოღანი ამას ასე იოლად ვერ გადაჭრის. ერდოღანი ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მას მოუწევს უკან დახევა და რაღაცების დათმობა, თუმცა ამის შემდეგ მას სახლში ელოდება ძალიან მძიმე სურათი, რადგან ურაპატრიოტულად განწყობილი ძალები მას არ აპატიებენ უკან დახევას. შავ დღეშია ეს კაცი, მაგრამ თვითონვეა ამაში დამნაშავე, რადგან თავად ჩაიგდო თავი ამ დღეში. იდლიბის პროვინცია და სირიის მთელი ტერიტორიული მოწყობა დაიზეპირა მსოფლიომ, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, M-5 ტრასა რა არის, M-4 რა არის, რა განსხვავებაა მათ შორის, ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ მდგომარეობამ მოიტანა, რომ ყველა ერკვევა ამ საკითხში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთს უნდოდა ასადის მოშორება, მაგრამ პუტინი მას პრინციპულად უჭერდა მხარს და სათავისო ინტერესებს ატარებდა სირიაში. ასადის რეჟიმი რამდენადაა დამნაშავე იმაში, რაც ახლა სირიაში ხდება?
- 2015 წლამდე, სანამ რუსეთი შევიდოდა სირიაში, წლების განმავლობაში გრძელდებოდა კონფლიქტი, რომელშიც ძალიან ბევრი ძალა იყო ჩარეული. საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ირანის დახმარების გარეშე ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება დაეცემოდა და ისლამური სახელმწიფო აიღებდა დამასკოს, სირიის დედაქალაქს. ეს ახლა შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა, მთელი მსოფლიოს თავსატეხი გახდებოდა სირიის გართულებული მდგომარეობა. ასე რომ, ბაშარ ალ ასადმა მაინც შეაკავა ტერორისტები, მიუხედავად მისი პოზიციისა საქართველოსთნ მიმართებით, ასევე, დემოკრატიასთან დაკავშირებით მისი ორმაგი პოზიციისა, რაც არც არის გასაკვირი, რადგან რომელ დემოკრატიაზე შეიძლება იყოს საუბარი ახლო აღმოსავლეთში?! ასადმა მიაღწია იმას, რომ ისლამურ სახელმწიფოს სირიის ტერიტორიაზე ძალიან მცირე ადგილი უჭირავს, ისიც იატაკქვეშეთში და ღიად უკვე ისინი საერთოდ აღარ ჩანან. ეს არ ნიშნავს, რომ ისლამისტი მებრძოლები საერთოდ არ არიან სირიის ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა. სამაგიეროდ, იდლიბის პროვინციაში სხვა დაჯგუფებები იმყოფებიან, ალ-ქაიდას ყოფილი ფილიალი და კიდევ არაერთი დაჯგუფება, მათ შორის, კავკასიური დაჯგუფებაც, უიღურული დაჯგუფება. უიღურები ჩინეთიდან ჩასული ხალხია. ეს ყველაფერი ერდოღანის დამსახურებაა, ერდოღანმა ოჯახებით დაასახლა უიღურები იქ, მოამარაგა იარაღით და ყველაფრით. ერდოღანი ძალიან მალე მოიმკის იმ შედეგებს, რაც დათესა სირიაში.
თურქი ჯარისკაცების შესახებ მინდა გკითხოთ, „პუტინს სიყვარულით“, - ასე აწერია გასროლამდე გადაღებულ თურქულ ჭურვს, ასევე, კაბინაში მჯდარი თურქი სამხედრო მფრინავი უშვერი სიტყვებით აგინებს რუსეთს. უბრალო ხალხის დონეზე ისევ გაცხოველდა თურქებსა და რუსებს შორის კრიზისი?
- მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად კარიკატურებისა, მიუხედავად რუსეთის საელჩოს მისამართით გამოთქმული მუქარებისა ანკარაში, ისინი მაინც მოილაპარაკებენ. შეიძლება, 5 და 6 მარტს არ გაიმართოს ეს შეხვედრა, მაგრამ უახლოეს ხანში გაიმართება, თუ რაიმე განსაკუთრებული არ დაემთხვა. ძალიან ბევრი ძალა შეეცდება, ეს შეხვედრა არ შედგეს, რათა თურქეთმა უფრო მეტად შეტოპოს და მეტად დაზარალდეს. თურქეთი დიდი, მძლავრი, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ უნდა ვისურვოთ, რომ უფრო მეტი დაძაბულობა არ მოხდეს რუსეთ-თურქეთს შორის, რადგან ეს ყველასთვის დიდი მინუსი იქნება.
თუნდაც ლტოლვილების თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა, თურქეთი აშანტაჟებს მთელ ევროკავშირს. შეხედეთ, რა ხდება საბერძნეთის მისადგომებთან, იქ უკვე ათი ათასობით ადამიანია მიმდგარი, ეს მხოლოდ დასაწყისია. მილიონებზეა ლაპარაკი, ლტოლვილები შეიძლება დაიძრან, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება, რადგან ბევრი ძალა არსებობს ევროპაში, აშშ-ში საიმისოდ, რომ ამდენი ლტილვილი არ დაიძრას ევროკავშირისკენ. ეს სახიფათო იქნება ყველასთვის.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დათბობა საქართველოზე როგორ აისახება?
- ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს, მათ მოილაპარაკონ და ზედმეტი დაძაბულობა ჩაცხრეს, რადგან, თუ დააკვირდით, თურქეთის ოფიციალურმა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა კიდევ ერთი სახიფათო განცხადება გააკეთეს, რომ დიდი კონფლიქტის შემთხვევაში, არ დაავიწყდეს რუსეთს, რომ მის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი მუსლიმანი ცხოვრობსო. ჩვენც დავფიქრდეთ ამაზე, მეტ ფრჩხილებს ნუ გავხსნით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ვიფიქროთ, რადგან ჩვენ აჭარა გვაქვს. ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე ჩრდილო კავკასიაზე კი აღარაფერს ვიტყვი.
?
ექსპერტებს არ მოუგონიათ ეს "ზღაპრები", თურქეთის მაღალჩინოსანმა სახელმწიფო მოხელეებმა განაცხადეს, - 16-ჯერ გვქონდა ომი რუსეთთან და ერთ ომს კიდევ გავუმართავთო!..