ჯანდაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველი დავით სერგეენკო წუხს, რომ დიდწილად მისი ბრალიცაა, რომ მინისტრობის პერიოდში ვერ მოახერხა ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრობლემის მოგვარება, რაც მას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს.
ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრობლემას ადასტურებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ის აცხადებს, რომ ეს არ არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ვინაიდან ადმინისტრაციის შენობას სახურავი გადახადეს და სახურავგადახდილ შენობაში მუშაობს მათი ადმინისტრაცია, წვიმის დროს ჩამოდის წყალი. რაც შეეხება ბოქსირებულ განყოფილებას, ის გადახურულია, მაგრამ შიგნით კედლებზე იატაკი და კაფელი დაცვენილია.
For. ge-სთან საუბარში თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს ინფექციური საავადმყოფო მთლიანად კერძო პირის ხელშია და ამიტომაც ვერ ხერხდება შენობის რეაბილიტაცია. სინამდვილეში, თავად ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფოს კუთვნილებაშია, უბრალოდ, 2009 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, „ნაციონალების“ დროს, „ავერსს“ მიჰყიდეს არა ინფექციური საავადმყოფო, არამედ კიდევ უფრო უარესი გააკეთეს და გაასხვისეს ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია და შენობები. ასე რომ, თვითონ საავადმყოფო დარჩა სახელმწიფოს ხელში, ოღონდ ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების გარეშე.
„ჩვენ დავრჩით მდგმურად, დავრჩით ჯაყოს ხიზნების მდგომარეობაში. გამოდის, რომ საავადმყოფოს ეზო, შენობები „ავერსის“ საკუთრებაა, ხოლო საავადმყოფოს მენეჯმენტი, ექიმები და ადმინისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებაა. პირობა ასეთი იყო, რომ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოს ადმინისტრაცია და მედპერსონალი სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო ახალი შენობით, რაც სწორედ სერგეენკომ არ გააკეთა, თუ ვერ გააკეთა. ამდენად, პრობლემები არის შენობის მდგომარეობის მხრივ, ვინაიდან ეს შენობა ჩვენი არ არის და ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვისი საკუთრების შენობაში მისი ნებართვის გარეშე ჩავატაროთ სარემონტო სამუშაობი და მოვიყვანოთ წესრიგში ეს შენობა. ასეთ ნებართვას „ავერსი“ არ გვაძლევს. ის ამბობს, ეს არის ჩემი შენობა, თქვენ არ გაქვთ უფლება, რაიმე გააკეთოთ“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა სულაც არ აისახება მომსახურების ხარისხზე, რომელიც უმაღლეს დონეზეა. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ, თუ კადნიერებად არ ჩაუთვლიან, მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი დონის მომსახურება არსად არ არის. საუბარია ექიმების კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების მიღება დაიწყო, მათი პერსონალი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, დღითა და ღამით საავადმყოფოში არიან და ავადმყოფებს ყველა გამოკვლევა ერთი ღამის განმავლობაში უტარდებათ, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.
„არც ერთი შეცდომა არ დაშვებულა. ყველაფერი მიმდინარეობს ოპტიმალურად, მომსახურება უმაღლეს დონეზეა, შენობის მდგომარეობა შედეგზე არ აისახება. თუ კედელი ცუდად გამოიყურება და იატაკი აყრილია, ეს არ მოქმედებს ავადმყოფთა გამოჯანსაღებაზე. წარმოიდგინეთ, ორი სტუდენტი ცხოვრობს ნაქირავებში, ერთ ბინაში კარგი რემონტია, მეორე ბინა ურემონტოა. სულ არ არის ეს იმის გარანტია, რომ, ვინც გარემონტებულში ცხოვრობს, იმ სტუდენტისგან უფრო კარგი მეცნიერი და მოქალაქე დადგება, ვიდრე გაურემონტებელში მცხოვრებისგან. რამდენი მაგალით ვიცით, რომ ხელმოკლე პირი დიდი ადამიანი გამოსულა. რაც შეეხება „ავერსს“, ის ამბობს, იმიტომ არ გაძლევთ რემონტის უფლებას, რომ იჯარა არ გაქვთ გაფორმებულიო. სინამდვილეში, იჯარას თვითონ არ გვიფორმებენ და ამას მიზეზად იყენებენ. სამი თვეა, უარს ამბობენ იჯარის გაფორმებაზე და ამით მანკიერი წრე გამოდის. იჯარას არ გვიფორმებენ იმიტომ, რომ მიუღებელ პირობას გვიყენებენ, რეანიმაციისა და ადმინისტრაციის კორპუსები დაცალეთო. თუ ეს კორპუსები დავცალეთ, მერე დანარჩენის დარჩენას რაღა აზრი აქვს? თუნდაც კორონავირუსით დაავადებულებს რეანიმაციის გარეშე როგორ ვუმკურნალებთ?“ - აინტერესებს თენგიზ ცერცვაძეს და მოითხოვს, სასწრაფოდ გაუფორმოს იჯარა „ავერსმა“ და რემონტს თავად გააკეთებენ.
რაც შეეხება საკითხის სტაბილურ გადაწყვეტას, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მათთვის ახალი შენობის აშენების ან გადაცემის საკითხი 7 წელი ჭიანურდებოდა. გასული წლის 30 დეკემბერს კი მას პირადად შეხვდა ბატონი გახარია და კატეგორიული პირობა მისცა, რომ, რადგან ეს საავადმყოფო ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, მთავრობა შეიძენს სამედიცინო ინოვაციების ცენტრის შენობას, რომელიც მდებარეობს დიღომში, ღუდუშურის საავადმყოფოს პირდაპირ. სამედიცინო ინოვაციების ცენტრი ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ ააშენა, მაგრამ მისი მფლობელი ყიდის ამ 11-სართულიან შენობას, რასაც მთავრობა შეიძენს.
„ეს ძალიან კარგი შენობაა. მისი შეძენა არ უნდა იყოს ძვირი, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს არ მოხდება. მანამდე „ავერსის“ ხელმძღვანელობამ, ბატონმა კურტანიძემ უნდა გაგვიფორმოს იჯარა და უნდა გავაკეთოთ აუცილებელი რემონტი. ჩვენი საავადმყოფოს ტერიტორიები კი დარჩება „ავერსს“, რომელმაც ჩალის ფასად ჩაიგდო ეს ადგილი და ახლა ამ ტერიტორიის საბაზრო ფასი, სულ ცოტა, 70 მილიონი დოლარია“, - გვითხრა თენგიზ ცერცვაძემ.
იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ რემონტი არ იყო გაკეთებული ინფექციურ საავადმყოფოში, ეს მენეჯმენტის ბრალი არ ყოფილა.
„ბოდიში და ყველა მთავრობამ გაძარცვა საქართველო. ვიღაცას ხომ უნდა დაეტოვებინა თანხა, რითაც შეიძლებოდა საავადმყოფოების გარემონტება. არ შეიძლებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფექციური საავადმყოფოს კერძო პირისთვის, კერძო ფირმისთვის გადაცემა, როცა აიღეს და „ავერსს“ მიჰყიდეს ეს საავადმყოფო. ქვეყანაში უნდა დარჩეს ისეთი ობიექტები, რომელთა გასხვისებაც კერძო პირებზე არ არის მიზანშეწონილი. ინფექციური საავადმყოფო ასეთი ორგანიზაციაა. ამ მთავრობის ადგილზე რომ ვიყო, დავუბრუნებდი „ავერსს“ 12 მილიონ დოლარს და ტერიტორიას უკან გადავცემდი საავადმყოფოს, ამის შემდეგ უკვე მივხედავდი ამ საავადმყოფოს. სამწუხაროდ, ყველას თავისი ინტერესები აქვს. ეტყობა, „ავერსს“ უნდა, ინფექციურ საავადმყოფოს ლიკვიდაცია გაუკეთოს და იმ ადგილას უფრო დიდი თანამედროვე საავადმყოფო ააშენოს. ტერიტორია როცა კერძო პირისაა, ვერავის აიძულებ სახელმწიფოებრივად მოიქცეს. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია, მთავრობამ უკანვე გამოისყიდოს ეს ტერიტორია“, - აცხადებს დავით ნანობაშვილი.