აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის სპეციალური პროგრამით აფხაზეთში თურქი-აფხაზების ჩასახლება იგეგმება. სოხუმის ადგილობრივმა მოსახლემ „ივერონს“ აცნობა, რომ თურქ-აფხაზებს სოხუმში, იმ სახლებში ჩაასახლებენ, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს.
ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულმა საკითხმა აფხაზურ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი მიდგომა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარი აღნიშნულ პროგრამას დადებითად შეხვდა, მოსახლეობის ნაწილში მან კითხვები გააჩინა. მოსახლეობას აინტერესებს, თუ რა მოელით აფხაზებს თურქი-აფხაზების ჩასახლების შედეგად და რას მოუტანს ეს ადგილობრივ მოსახლეობას.
სოხუმის ერთ-ერთი მკვიდრის ცნობით, აფხაზეთში თურქი-აფხაზების ერთი დელეგაცია უკვე იმყოფებოდა. ეს იმ ფონზე, როცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აფხაზეთი არ განვითარებულა და ახლაც ისეთია, როგორიც ქართველებმა დატოვეს. აფხაზებს აინტერესებთ, რატომ არ დებენ ინვესტიციებს აფხაზეთში, მათ შორის, ეთნიკური აფხაზებიც რატომ არიდებენ თავს ინვესტირებას, მაშინ, როდესაც კლიმატური პირობებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთი ინვესტიციისთვის საუკეთესო ადგილია.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თურქი აფხაზების ჩასახლების პროექტი ანქვაბს არ ეკუთვნის, არამედ ეს პროექტი ჯერ კიდევ არძინბას ჰქონდა, თუმცა აფხაზებმა დღემდე ვერ განახორციელეს.
ზაალ კასრელიშვილის თქმით, თავის დროზე აფხაზებმა თურქეთში მცხოვრები რამდენიმე ეთნიკურად აფხაზი ბიზნესმენი ჩაიყვანეს აფხაზეთში, მაგრამ მათ არ იმუშავეს, თუ ვერ იმუშავეს და უკანვე დაბრუნდნენ.
კასრელიშვილის განმარტებით, ამ თემამ ახლაც წამოიწია, რაც საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლას უკავშირდება.
„ვფიქრობ, აფხაზები ამით ქართველებსაც, რუსებსაც და დასავლეთსაც თავისი ინტერესების შესახებ ახსენებენ. კერძოდ, რომ მათაც, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, აქვთ ინტერესები. მე მგონი, ეს არ არის რეალობის შესაბამისი, რადგან არცერთი წარმატებული ბიზნესმენი კონფლიქტურ ზონაში არ ჩავა საცხოვრებლად და არ ჩადებს თანხას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რისკების ფაქტორი დიდია, როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური რისკის თვალსაზრისით“, - მიიჩნევს ზაალ კასრელიშვილი.
ამასთან, თურქი აფხაზების ჩასახლების პროექტი მას იმ თვალსაზრისითაც აეჭვებს, რომ აფხაზები თვითონ რუსების ქვეშევრდომები არიან. ამდენად, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულზე არ უნდა ეხატებოდეს ეს ინიციატივა. ზაალ კასრელიშვილს ეს ფაქტიც უმყარებს იმ შეხედულებას, რომ, გარკვეულწილად, ეს არის მესიჯი საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი.
რაც შეეხება არა ბიზნესმენების, არამედ უბრალო მოჰაჯირთა შთამომავლების ჩასახლებას აფხაზეთში, ზაალ კასრელიშვილის აზრით, სავარაუდოდ, არც ისინი ჩავლენ აფხაზეთში, რადგან მათ მისაზიდად შესაბამისი პირობები უნდა არსებობდეს.
აფხაზეთში კი არ არის ასეთი პირობები. ამდენად, ზაალ კასრელიშვილის თქმით, დალაგებული ქვეყნიდან - თურქეთიდან იქ დაბადებულ-გაზრდილი აფხაზი არ აიყრება და დანგრეულ სახლში არ შევა. აფხაზეთის მთავრობა მათ ვერ მოუწყობს პირობებს. ეს გამორიცხულია.
„აფხაზ მოჰაჯირთა შთამომავლები თურქეთის პირობებთან, იმ გარემოსთან უკვე ადაპტირებულები არიან. მიწის ყივილი მათ არ აქვთ. ამას წინათ თურქეთის ერთ-ერთმა ქალაქმა სოხუმთან ხელშეკრულება გააფორმა, ესეც თურქების მესიჯი იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ თუ საქართველოსა და რუსეთის ინტერესების დაახლოება მოხდებოდა აფხაზეთში, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თურქეთის ინტერესებიც. ასე რომ, ამის უკან რეალობა არ დგას, ეს არის ჭადრაკის დაფაზე სვლები პოლიტიკური თამაშის დაწყების წინ“, - განმარტავს კასრელიშვილი.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს გოგი ხუციშვილს ეეჭვება, რომ აფხაზეთში ე.წ. თურქი აფხაზების ჩასახლებამ მასობრივი ხასიათი მიიღოს. მისი თქმით, ადრეც ჰქონდათ აფხაზებს მათი ჩასახლების თაობაზე სახელმწიფო პროგრამები.
„ძალიან დიდი აფხაზური დიასპორაა თურქეთში და უნდოდათ, ეს ხალხი ჩაეყვანათ და დემოგრაფიული დისბალანსის პრობლემა გადაეწყვიტათ, რადგან, მე მგონი, სომხები აფხაზებზე მეტნი არიან აფხაზეთში. თუმცა თავის დროზე ეს არ გამოუვიდათ. თურქეთიდან ჩასულმა წარმომავლობით აფხაზმა ბიზნესმენებმა როცა დაინახეს, აფხაზეთში არ აქვთ მუშაობის, ბიზნესის კეთების პირობები, ისევე, როგორც ეს თურქეთში ხდება, რა თქმა უნდა, თურქეთში დარჩენა არჩიეს,“ - აცხადებს გოგი ხუციშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, აგვისტოს ომის წინ პირადად იგი სოხუმში იყო ჩასული, სადაც გაიცნო აფხაზეთის პარლამენტის წევრი, რომელიც ამ საკითხებს განაგებდა და თვითონაც თურქეთიდან იყო წამოსული. ახლაც, გოგი ხუციშვილი გაოცებულია, რა უნდა ჰქონდეთ აფხაზებს ის უპირატესობა ან სტიმული, რომ თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა მასობრივად დაანებონ თურქეთს თავი და აფხაზეთი არჩიონ. ასეთი სტიმულის არსებობის შესახებ კი გოგი ხუციშვილს არ სჯერა.
„პერიოდულად უჩნდებათ ეს იდეა სოხუმში, მაგრამ, როგორც წესი, ეს აზრი მასობრივ ხასიათს არ ღებულობს. სინამდვილეში, აფხაზებს, უპირველეს ყოვლისა, უნდათ, რომ დემოგრაფიული დისბალანსი დაძლიონ და რაოდენობრივად უფრო მეტნი იყვნენ. გარდა ამისა, მათ სურთ, განავითარონ თურქული ბიზნესი, თურქეთთან ბიზნეს-კავშირები და ამით ცოტათი გამოაცოცხლონ აფხაზეთის ეკონომიკა,“ - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა.
მანვე კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ სურთ აფხაზებს თურქეთში მცხოვრები თანამემამულეების დაბრუნება. ეს მიზეზი ქართველ დევნილებს უკავშირდება. კერძოდ, მოჰაჯირთა შთამომავლების აფხაზეთში ჩასახლების შემთხვევაში, კიდევ უფრო გართულდება ქართველთა საკუთრების ამბავი. შესაბამისად, აფხაზებს არ სურთ, დაისვას ყოფილ მესაკუთრეთა საკითხი. ასე რომ, აქ სხვადასხვა მოტივაციებია. თუმცა ერთია, რომ აფხაზები ცდილობენ, აჩვენონ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომ მას ძალიან გართულებულად ექნება საქმე და აჯობებს, საერთოდ არ მოჰკიდოს ხელი აფხაზეთის საკითხს.