ჩემი სარკმლიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ულამაზესი ხედი იშლება: მთაწმინდა, მამა დავითის ეკლესია, ქაშვეთი, მტკვარი... ალექსანდრეს ბაღი, რუსთაველის პროსპეტისა და თაბუკაშვილის ქუჩის შენობები - ყოველივე ეს თრიალეთის ქედის რელიეფის ფონზე, ხედის მიმზიდველობას ერთიორად აძლიერებს.
ბოლო 20 წლის მანძილზე, სამწუხაროდ, სურათი შეიცვალა: შეუსაბამო პროპორციის ახალშენებმა ლანდშაფტის სილამაზე გადაფარა .
90-იანი წლების გარიჟრაჟზე ექსპოზიციის ცენტრში „მთავრობის სახლის“ ფრონტონი და ძველი სასტუმრო თბილისი იყო მოქცეული, რომლის უკანა კედელზე დიდი ასოებით ფრანგულად ეწერა Hotel Majestic, ოდნავ გვერდით, რუსთაველის თეატრის დამხმარე შენობის გრაფიტი Складъ & Ко შენობის ადრინდელ დანიშნულებაზე მიუთითებდა. ნაგებობათა სილუეტები, მათი პროპორცია და მასშტაბი იდეალურად ერწყმოდა გარემოს.
დღეს, ფანჯრიდან არქიტექტურული ქაოსი იშლება: კულტურულ ლანდშაფტში პირველი დისონანსი ჯერ კიდევ თბილისის ომამდე აგებულმა ეკონომიკის სამინისტროს კოლოფმა შემოიტანა. უკონტროლო მშენებლობებისას, მის გვერდით საცხოვრებელი კორპუსი ამოიზარდა, რომელმაც გარემო უარესად დაამახინჯა. ომის შემდეგ, “მარიოტად“ გარდაქმნილი „თბილისი“ თეთრად გადაღებეს, საწყობის წარწერაც აღარ ჩანს - ისტორიზმი გაქრა. პირველი სკოლის თავზე უშველებელი მრავალბიანიანი სახლია წამომართული, რომელიც ხედს ამძიმებს; მთაწმინდის ფერდობზე კერძო სახლებია შეფენილი - მათი დონე, თითქმის უახლოვდება ფუნიკულიორის პირველ გაჩერებას. დარღვეულია ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის მთავარი პოსტულატი - ნაგებობების მასშტაბისა და პროპორციის გარემოსთან შესაბამისობა.
არქიტექტორები წუხილით აღნიშნავენ, რომ ბოლო 20 წლის პოლიტიკამ და საქალაქო სივრცის მიმართ საზოგადოების სრულმა გულგრილობამ საქართველოში ურბანისტიკა ჩაკლა.
დღეს, მილიონნახევრიანი თბილისის დაგეგმარების ფუნქციას მთავარი არქიტექტორის სამსახურის სამკაციანი განყოფილება ასრულებს. ურბანისტიკის ვაკუუმი ხელისუფლებისა და კერძო მენაშენეების თვითნებობით ივსება.
„ქალაქი შენობებით, ქუჩებითა და პარკებით შემოსილი სოციალური სხეულია, სადაც საზოგადო ინტერესი, როგორც წესი, კერძოზე მაღლა დგას“ - ამბობს გერმანიაში მოღვაწე ურბანისტი, ზურაბ ბაქრაძე - არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ორი სხვადასხვა სფეროა. არქიტექტურა კერძო პირის დაკვეთას ასრულებს. ქალაქგეგმარება - საზოგადოებისას. მოქალაქეებს საკუთარ გარემოზე ისეთივე უფლება აქვთ, როგორც განათლებასა და ჯანმრთელობაზე. არქიტექტორი კერძო დამკვეთის წნეხის ქვეშაა. ქალაქგეგმარებაზე კი არავითარი წნეხი არ უნდა არსებობდეს. ის შემოქმედებითი, და ამდენად, სამომავლოდ ორიენტირებული პასუხი უნდა იყოს სოციუმის მოთხოვნილებებზე და მისწრაფებებზე. როცა კერძო და საზოგადო ინტერესი კონფლიქტშია, უპირატესობა საზოგადოს ენიჭება. ამის მაგალითად გერმანია გამოდგება: აქ, კონსენსუსის შეუძლებლობის შემთხვევაში, საზოგადო ინტერესის უპირატესობა კონსტიტუციით არის დაკანონებული“.
„ევროპულ ქალაქს კომუნა და მისი მიზნები ქმნის, მაგრამ საზოგადოებაში, რომელსაც ფხიზელი სოციალური ცნობიერება დაკარგული აქვს, ქალაქგეგმარება ქრება. საქართველოში თემის პასუხიმგებლობა თითქმის საუკუნოვანმა ავტორიტარულმა მმართველობამ დაასუსტა, ან , საერთოდ გააქრო“ - ამბობს ბაქრაძე.
შეიძლება აზრი პირიქითაც ჩამოვაყალიბოთ - დაქვეითებული თემის გრძნობა არქიტექტურაში ავტორიტარიზმის საწინდარია. ჩვენში, საზოგადოების მოთხოვნა ქალაქის მართვაში მონაწილეობაზე, ძალიან დაბალია, რაც ჩვენს საარსებო გარემოზე ნეგატიურად აისახება.
ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებები პოლიტიკური მმართველობის პრინციპიდან გამომდინარებს. ისტორიამ იცის მცდარი ნაბიჯებიც, მაგრამ გონივრული მმართველობის ტრადიცია, საუკუნეების მანძილზე ევროპული ქალაქების სწორი განვითარების პირობა იყო. ბაქრაძის თქმით, დღეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ანაქრონიზმია და ქალაქგეგმარება მხოლოდ თემიდან ინიცირებულ სურვილებსა თუ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს.
თბილისი თავისი ინსტიტუტებით ყოველთვის ევროპული ქალაქი იყო. რა ქმნიდა მის დასავლურობას? მმართველობის ხასიათი, მულტიეთნიკურობა, სუბკულტურები, უმცირესობებისადმი შემწყნარებლობა და ინსტიტუციური ორიენტაცია, რომელზეც ხელოსანთა და ვაჭართა გილდიებმა დატოვეს ანაბეჭდი. ასეთი რამ აზიურ ქალაქებში არ ხდება. სწორედ ევროპულ საქალაქო სხეულს და მოქალაქეს, როგორც ინდივიდს გამოუცხადა ბრძოლა სტალინმა, რომლის ინერცია დღემდე მოგვყვება.
„ბოლშევიკების შემდეგ ქართულ პოლიტიკას ავტორიტარიზმი ახასიათებს. ჩვენ არ განვიცდით საარსებო გარემოს ჩვენს საკუთრებად, საერთო ღირებულებად; მიგვაჩნია, რომ ყველა ამ ღირებულებას ძალაუფლების მქონე ვიღაც პოლიტიკოსი უნდა მართავდეს. სწორედ ხელისუფალზე გვაქვს მინდობილი აშენება და ნგრევა - ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ საარსებო გარემოს ფეოდალური ცნობიერებით აღვიქვამთ, სადაც ყველაფერს მეფე წყვეტს. უბრალოდ, ქართველებს კარგი და კეთილი მეფე გვინდა გვყავდეს“ - ამბობს ბაქრაძე.
სტალინის პროექტები სამოქალაქო კულტურას მიზანმიმართულად სპობდა. მან 20-იანი წლების ავანგარდს სპეციალური დეკრეტით მოუღო ბოლო, რომელსაც აბსურდული სახელი დაარქვა - „კლასიკური მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისება“ (როგორ არ გაგახსენდება სააკაშვილისეული „მდგრადი განვითარების სამინისტრო“).
უნიჭიერეს არქიტექტორთა ნაწილი მმართველის ძალმომრეობას ემიგრაციაში გაექცა. ვინც დარჩა, მუშაობა ახალი კონიუნქტურისა და სტილისტური მოთხოვნების პირობებში განაგრძო. ისინი მკვიდრ, ხარისხით გამორჩეულ იმპერიულ ნაგებობებს აპროექტებდნენ ავტორიტარებისთვის ესოდენ ძვირფას ნეოკლასიკურ სტილში. სტალინის ამპირად წოდებული რამდენიმე შენობა - მთავრობის სახლი, მეცნიერებათა აკადემია, გერმანელი ტყვეების აშენებული რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, „იმელი“ და ფუნიკულიორის რესტორანი, თბილისის ისტორიაა რომლებმაც ჩვენი ქვეყნის არქიტექტურის ახალი ეპოქა შექმნეს.
„შჩუსევი, ჟოლტოვსკი, ქურდიანი სტალინის გემოვნებით კი აშენებდნენ, მაგრამ მათ ჰქონდათ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, რომელსაც ჩვენს დღევანდელ ცოდნას ვერაფრით შევადარებ“ - ამბობს ბაქრაძე.
სააკაშვილის მმართველობამ, საბჭოთა წარსულისაგან გათავისუფლების მოტივით, სტალინური ეპოქის შენობებს გამოუცხადა ბრძოლა, მაგრამ რამდენად არის თანამედროვე არქიტექტურა ძველზე უკეთსი? ბაქრაძის აზრით, წინა ხელისუფლების ეს მოწოდება ცინიზმია და მეტი არაფერი: „ნაციონალები, მმართველობის ყაიდით ავტორიტარები იყვნენ, სტალინის არქიტექტურულ ფორმებს კი ბრძოლა გამოუცხადეს. მათ სტილს ყალბ ნეოსტალინიზმად მოვნათლავდი, რადგან ის კიტჩია და სხვა არაფერი“.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის პერიოდის ნაგებობებმა მასშტაბით სტალინის არქიტექტურასაც გადააჭარბა. ამის მაგალითებია სამების ტაძარი, რომლის გრანდიოზულობა სრულიად უცხოა ქართული საეკლესიო არქიტექტურისთვის, და პრეზიდენტ სააკაშვილის ახირებული გემოვნების ნიმუშები - უშველებელი რეესტრი და რიყის საკონცერტო დარბაზები.
რიყე, როგორც მეტეხისა და კალაუბნის ანსამბლის ნაწილი, კომუნისტური მმართველობისას, მდინარის ორივე მხარეს გაყვანილ ავტომაგისტრალებს შეეწერა. ამ დროს დაანგრიეს ულამაზესი მეტეხის უბანი, გააქრეს რკინის აჟურული ხიდი და მტკვრის დონიდან ამოზრდილი ნაგებობები ლურჯი მეჩეთის ჩათვლით - კომპლექსი, რომელიც ისეთივე ფასეული გახდებოდა თბილისისათვის, როგორც პონტე ვეკიო ფლორენციისათვის. რიყის ქარვასლაც დაანგრიეს. მოსახლეობა, წყალდიდობის საშიშროების საბაბით, მასივებში გაასახლეს; ბარათაშვილის ძველი, ლითონის კონსტრუქციებით ნაგები უნიკალური ხიდი ახლი, უფრო ფართო და უსახური ხიდით შეცვალეს. რიყე დაცარიელდა. მოგვიანებით, შევარდნაძემ აქ თბილისობის კონიუნქტურული ფსევდოდღესასწაულის გამართვა დაიწყო.
„რიყემ დაკარგა ორგანული კავშირი კალასთან - თავის ნაწილთან. მე დიდი ხნის განმავლობაში თბილისში ვმუშაობდი ქალაქმგეგმარებლად და რიყის განაშენიანების თითქმის ყველა საკონკურსო პროექტს ვიცნობ. პროფესიული აზრი მივიდა დასკვნამდე - რიყეზე უნდა ყოფილიყო პარკი. ეს ტერიტორია ერთის მხრივ ლიფტებით გარე ავლაბრის პლატოს უნდა დაკავშირებოდა, ხოლო მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ფილიგრანული ხიდით – კალას, რაც ჩართავდა რიყეს კალა–ისან–ავლაბრის ერთიან სივრცულ და საკომუნიკაციო სისტემაში. პარკი ამ სივრცული სისტემის ცენტრად იყო ჩაფიქრებული, საიდანაც მნახველის წინ კალას დიდებული ამფითეატრი გადაიშლებოდა. პარკის მტკვარზე უშუალოდ გასასვლელად საავტომობილო მაგისტრალი მიწის ქვეშ უნდა ჩასულიყო, რაც რიყეს კალასთან ისევ დააახლოვებდა.
კონცეპტუალურად თითქოს ყველაფერი ასეც გაკეთდა, მაგრამ - საშინელი შეცდომებით: რიყე გარე ავლაბარს ლიფტებით არ დაუკავშირეს, ფილიგრანულის ნაცვლად უზარმაზარი ხიდი ააშენეს, რომელიც კალას მხარეს ქუჩების სისტემას არ უკავშირდება, საავტომობილო მაგისტრალის მიწის ქვეშ ჩატანის ნაცვლად ის იგივე დონეზე დატოვეს, რკინაბეტონის კონსტრუქციით „შეფუთეს“, რიყის დონე მის სახურავამდე აამაღლეს და შეფუთულ მაგისტრალს მტკვრის მხრიდან „ბუდა ბარი“ მიუშენეს, რითაც ეგრეთწოდებული პარკი მტკვარს კიდევ უფრო დააშორეს და რიყის, მტკვრისა და კალას სივრცული მიმართებები დაამახინჯეს. ამას დაამატეს ფუნქციით, ფორმითა და ზომით ამ ადგილისთვის სრულიად შეუფერებელი ფუქსასის „მილები“ და საბაგირო გზა, რითაც რიყე, როგორც ძველი ქალაქის ორგანული ნაწილი საბოლოოდ დაასამარეს“ - ამბობს ბაქრაძე
ნაცმოძრაობას კონკურსი არ გამოუცხადებია - რიყის განაშენიანების პროექტი რამდენიმე არქიტექტორს დაუკვეთა. მათ შორის, საერთაშორისო სახელის მქონე უცხოელებს - კოპენჰაგენის ოპერის არქიტექტორს, ჰენინგ ლარსენსა და იტალიელ მასიმილიანო ფუქსასს. ლარსენის პროექტი მოიცავდა პარკს, ფილიგრანულ ხიდს, საფეხურებით მტკვრამდე ჩამავალ პარკს და ნინო ანანიაშვილისთვის განკუთვნილ ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. ქალაქის მთავრობამ, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, უპირატესობა ფუქსასის პროექტს მიანიჭა - რიყის დონე რამდენიმე მეტრით ამაღლდა. კავშირი ავლაბართან მაინც ვერ დამყარდა. ანძიანი, თხელი ხიდის ნაცვლად მდინარეზე შუშის საკმაოდ მძიმე ხიდი გაიდო. საკონცერტო დარბაზების გრანდიოზულმა „გველეშაპებმა“ მეტეხი, სიონი და კალა შთანთქა; მათ მასშტაბთან შედარებით, ავლაბრის აღმართის საყრდენი თაღებიანი კედელი და დედა-მდინარეც კი აღარ ჩანს. დღეს, დაუსრულებელი გადაკეთებებით ნატანჯ, ძველ ქალაქში პრეზიდენტის სასახლე, საკონცერტო მილები, შუშის ხიდი და კაზინო „შანგრი-ლა“ დომინირებს - ისტორიული უბნის ორიენტირები სრულიად შეცვლილია.
„ფუქსასს რა ენაღვლება - ამბობს ბაქრაძე - მან გააკეთა ქალაქისა და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი რამ. მას ფორმალური უფლება აქვს, იყოს ცუდი არქიტექტორი. მაგრამ საზოგადოება არ უნდა ანებებდეს საკუთარ წარმომადგენელს ქალაქისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების მიღებას - არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს წარმომადგენელი: მიშა, გიგი, თუ კიდევ სხვა ვინმე. პირადად ჩემთვის, ეს პროექტი მიუღებელია და ამიტომ მომხრე ვარ მისი დემონტაჟის“ - ამბობს ბაქრაძე.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საზოგადოება ბევრს მსჯელობს იმის თაობაზე, დარჩეს თუ არა რიყის კომპლექსი დღევანდელი სახით. შეფასება ყველას ნეგატიური აქვს - მინაში გახვეული, რკინაბეტონის უცნაური ფორმის კონსტრუქცია არც არავის მოსწონს. თუმცა, ტრადიციულად, საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. დამფრთხალი მერი იტალიელ არქიტექტორთან გარბის და „მსოფლიო საზოგადოებისგან მოწონებული, გამორჩეული პროექტის დაცვას სთხოვს“ . მერის აქტიურობა კომიკურია, რადგან მსგავსი საკითხების გადაწყვეტა, პირველ რიგში თბილისელების უფლებაა და არა „მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენლების“. საგულისხმოა - მასიმილიოანო ფუქსასის დაპროექტებული ვილნიუსის გუგენჰეიმის მუზეუმი მუნიციპალიტეტმა დაიწუნა. სამაგიეროდ, იმავე ფუქსასის ახირებულ პროექტს, საქართველოს პრეზიდენტმა მისცა მწვანე შუქი.
ქალაქგეგმარებას ვერ მიანდობ ვერც ბაზარს, ვერც მმართველის გადაწყვეტილებას, ვერც - მსოფლიო სახელის მქონე არქიტექტორის გემოვნებას. იგი საზოგადოების ინსტრუმენტია თავისი საარსებო გარემოს ფორმირებისთვის. მაგრამ კულტურული პროცესები მეტისმეტად სწრაფად ვითარდება. ცოტა ხანში გამოჩნდება, რამდენად მიიღებს ქალაქის სოციუმი რიყის სააკაშვილისეულ პროექტს. თუ ევროპის მოედნად მონათლული დღევანდელი რიყე, კვლავ უკაცრიელ კუნძულად დარჩა, ხელისუფლებას საზოგადოების ინიციატივის დაკმაყოფილება და მისი დემონტაჟი მოუწევს. თუ თბილისელები ამ ლანდშაფტს შეეგუებიან, რიყე, ბეტონის უფუნქციო როიალით, ამფითეატრითა და ბარძაყის ძვლის ფორმის დარბაზებით, თბილისის კიდევ ერთ სამარცხვინო ისტორიად იქცევა.