ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში 3 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 88 ათასზე მეტი კი ინფიცირებულია. მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, იტალია და ირანი. კორონავირუსის გამო იტალიაში ლა სკალას ოპერის სახლი, ხოლო საფრანგეთში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიხურა. რაც შეეხება საქართველოს, დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსს ჩვენი ქვეყანა მომზადებული დახვდა. ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებსა და ბაღებში სწავლა 16 მარტამდე შეწყდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლებს მოუწოდებს, ონლაინგაკვეთილები ჩაატარონ.
რა მოლოდინი აქვთ მედიკოსებს კორონავირუსთან დაკავშირებით? ამის შესახებ For.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.
ჩინეთში კორონავირუსით დასნეულებულთა რაოდენობის კლება აშკარაა, მაგრამ ეს ვირუსი გამოჩნდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პანდემია?
- ტერმინი „პანდემია“ ერთგვაროვანი არ არის და ყველა მას თავისებურად განმარტავს. პანდემია, ანუ მსოფლიო ეპიდემია მაშინ გვაქვს, თუ ინფექცია გასცდება ორ კონტინენტს და გავრცელდება რამდენიმე კონტინენტზე. ამ კრიტერიუმით პანდემია ნამდვილად არის, რადგან კორონავირუსი პრაქტიკულად, ყველა კონტინენტზე დაფიქსირებულია და ფორმალურად შეიძლება ამას დავარქვათ პანდემია. თუმცა, სინამდვილეში, ეს არ არის ჯერ პანდემია, ვინაიდან ჩინეთისა და კიდევ სამი ქვეყნის გარდა სხვაგან არის ერთეული ან ათეული შემთხვევები. ასე რომ, ოფიციალურად კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება დავარქვათ პანდემია, სინამდვილეში კი, ჯერ პანდემია არ არის, რადგან ევროპის (გარდა იტალიისა) და ამერიკის ქვეყნებში არის ერთი, ხუთი, ათი ან თხუთმეტი შემთხვევა და ამას ჯერ პანდემიას ვერ დავარქმევთ. ანუ დე იურედ პანდემია არის, დე ფაქტოდ-არა.
რაც შეეხება ჩინეთს, იქ ძალიან დამაიმედებელი სიტუაციაა, რადგან ყოველდღიურად კლებულობს ახალი კორონავირუსის შემთხვევები. ადრე ჩინეთში ყოველდღიურად იმატებდა ეს შემთხვევები, ერთ დღეს რომ იყო 500 ახალი შემთხვევა, მეორე დღეს იყო 700 შემთხვევა, მესამე დღეს-1000, შემდეგ- 1200, 1500 და ა.შ. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, ჩინეთში აღინიშნება ახალი შემთხვევების კლების სტაბილური ტენდენცია და, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია, ამ ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ანუ ჩინეთში ეპიდემია უკვე ლოკალიზებულია, კონტროლქვეშ არის და წავიდა დაღმავალი დინებისკენ. სხვა ქვეყნებში კი, პირიქით, ყოველდღიურად მატულობს ახალი შემთხვევები და, თუ აქამდე ჩინეთის გარეთ სულ რამოდენიმე ათეული ან ასეული შემთხვევა იყო, ახლა ჩინეთის გარეთ არის 9700 შემთხვევა. ეს ჩვენთვის კარგი პროგნოზი არ არის. ჩინეთში მიღებულია ძალიან ეფექტური, მკაცრი ზომები, იქ მთელი ქალაქები და პროვინციები კარანტინშია, სახლიდან გასვლა ეკრძალება მოსახლეობას, მაგრამ მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, სადაც ჯერ არ არის ასეთი მკაცრი საკარანტინო ზომები მიღებული (იტალიის გარდა), შემთხვევების რაოდენობა მატულობს.
შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისეთი მომაკვდინებელი არ არის კორონავირუსი, განსხვავებით ჩინეთისგან, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა ამ ინფექციით?
- გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნაკლებია პროპორციულად, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პროცენტულადაც ნაკლებია. მაგალითად, არის ეჭვი, რომ ირანი არ იძლევა სწორ ინფორმაციას, მაგრამ, თუ მათი მონაცემები სწორია და ირანში, მთლიანობაში, 1500 შემთხვევაა რეგისტრირებული, ხოლო 66 ადამიანი გარდაცვლილია, ეს ძალიან მაღალი პროცენტია.
იყო მოლოდინი, რომ ახალი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ადაპტაციას განიცდიდა და უფრო შემცირდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს მართლაც ასეა?
- ეს მოლოდინი მთლად მეცნიერულად დასაბუთებული არ არის, რომ ვირუსი ადაპტაციას განიცდის და ამიტომ სიკვდილიანობის პროცენტი შემცირდება. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არ არის გამართული ვარაუდი. ჯერჯერობით სიკვდილიანობა 2-დან 3%-მდე მერყეობს, ხანდახან აჭარბებს 3%-საც, მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ 2-დან 3%-მდე სიკვდილიანობის პროცენტს როცა ამბობენ, გულისხმობენ დადასტურებულ შემთხვევებს. დადასტურებული შემთხვევების გარდა, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ ერთი ამდენი მაინც დაუდასტურებელი შემთხვევებია, აქ იგულისხმება ის, ვინც ფეხზე გადაიტანა ეს ინფექცია, ანუ რესპირაციული ინფექციის ნიშნები ჰქონდა, ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი აღენიშნებოდა, მაგრამ არ ჩაუტარებია გამოკვლევა ამ ინფექციაზე. გამოკვლევას განა ყველა იტარებს? ყველა ქვეყანას არც აქვს საშუალება, ეს გააკეთოს. საბედნიეროდ, საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის წყალობით ამის შესაძლებლობა აქვს.
თითქოს არ უნდა იყოს რთული ვაქცინის შექმნა, რადგან კორონავირუსის გენომი გაშიფრულია, მაგრამ ვაქცინის გამოცდას რა პერიოდი სჭირდება?
- თუკი გამომწვევი ვირუსი იდენტიფიცირებულია, ამ შემთხვევაში, საუბარია კორონავირუსზე (COVID-19), მაშინ ტექნიკურად ვაქცინის შექმნა პრობლემა არ არის, მაგრამ მისი ეფექტურობის შემოწმება და გამოცდა ჯერ ცხოველებზე, შემდეგ კი ადამიანებზე დროს მოითხოვს. უბრალოდ, პროცედურებია ისეთი, რომ ამას დროში ვერ დავაჩქარებთ, უნდა შესწავლილ იქნას ამ ვაქცინის უსაფრთხოება ადამიანისთვის, მისი გავლენა სხვადასხვა ორგანოებზე. სხვა დროსაც დაუმზადებიათ ვაქცინა და, წესით, თეორიულად მას უნდა ემუშავა, მაგრამ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, ვაქცინას არ უმუშავია, თეორიულად შესანიშნავი იყო, ლაბორატორიაშიც ძალიან კარგი შედეგი უჩვენებია, მაგრამ გამოსცადეს რა ადამიანებზე, არ უმუშავია. ამიტომ ვაქცინის დამზადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ვაქცინას ფლობს ჯანდაცვის სისტემა. როცა გამოცდიან ჯერ ცხოველებზე, მერე ადამიანებზე, მისი ეფექტიც ამის შემდეგ დადასტურდება. ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინა გვაქვს. როგორც ამბობენ, სულ ცოტა, ამას ერთი წელი მაინც დასჭირდება.
16 მარტამდე სწავლა გადაიდო და ვიდეოლექციებზეცაა საუბარი. უნდა გახანგრძლივდეს თუ არა თუნდაც 1-ელ აპრილამდე პრევენციის პერიოდი ვიდეოლექციების ხარჯზე?
- მიმაჩნია, რომ არ არის 1-ელ აპრილამდე ვადის გახანგრძლივება საჭირო. პირიქით, ის ზომები, რომლებიც მიღებულია, ესეც თავის დაზღვევაა. სრულიად საკმარისია საქართველოსთვის ეს ზომები, რამეთუ ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მხოლოდ 3 შემთხვევა და მიაქციეთ ყურადღება, სამივე შემთხვევაში პაციენტი დაინფიცირდა საქართველოს გარეთ, ანუ 2 დაინფიცირდა ირანში, ერთი დაინფიცირდა იტალიაში და ჩვენმა სასაზღვრო სამსახურებმა კარგად იმუშავეს, მოხდა მათი გამოვლენა, იდენტიფიცირება. ირანელების შემთხვევაში, ისინი პირდაპირ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრით გადმოიყვანეს, ხოლო ერთ შემთხვევაში, ის პირი, ვინც იტალიაში მოგზაურობდა, თვითონვე მოვიდა მეორე დღესვე, რადგან თავი ცუდად იგრძნო. ასე რომ, საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა არც ერთი შიდა გადაცემის შემთხვევა, ანუ ის, რომ ვინმეს საქართველოში ვირუსი დაემართა საქართველოში მცხოვრები ადამიანისგან. სანამ ეს არ დაფიქსირდება და იმედი ვიქონიოთ, არ დაფიქსირდება, ან დიდხანს არ დაფიქსირდება, მანამდე სერიოზიული რისკები არ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სკოლებში ისედაც გახანგრძლივდა არდადეგები და ამ ეტაპზე კიდევ უფრო გახანგრძლოვება არ არის მიზანშეწონილი. 16 მარტისთვის ვნახავთ, რა სიტუაცია იქნება, იქნებ, 16 მარტისთვის სრულიად განსხვავებული მოცემულობა იყოს.
რას იტყვით ტრადიციული საშუალებების გამოყენებაზე (ხახვი, ჭაჭა) ანტივირუსული თვალსაზრისით?
- ეს ყველაფერი მეცნიერულად დასაბუთებული არ არის, არ ჩატარებულა არავითარი კვლევა, არავითარ შემთხვევაში ამ ღონისძიებებს არ უნდა დავეყრდნოთ და ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ხახვის შეჭმა უნდა ადამიანს, მიიღოს, ხახვი არ დაუშავებს არაფერს, ჭაჭაც დალიოს, მაგრამ ამის იმედზე ნუ იქნებიან.