გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დაჭერას აღარ აპირებს. როგორც ამბობენ, არაფორმალურ დახურულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმას, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაკავებები უნდა შეწყდეს. ასე რომ, ლეიბორისტების მაგიდასთან შემოკრებილი ოპოზიცია გულდამშვიდებულია - არჩევნებამდელ პერიოდში, მაინც, ციხეში არ აღმოჩნდებიან.
რა შეცვალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „ლელოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გამოჩენამ? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ოპოზიცია მოითხოვს, არჩევნებამდელ პერიოდში დაჭერებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. რამდენად გონივრულია მორატორიუმის გამოცხადება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დასავლეთის კრიტიკა არ დაიმსახუროს?
- ეს ყველაფერი პოლიტიკური ინსინუაციები და პოლიტიკური ელფერის შექმნაა. მორატორიუმი რა შუაშია, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, არავითარი მორატორიუმი მისთვის არ უნდა იყოს. თუ სერიოზული სისხლის სამართლის საქმეა, მორატორიუმი არაფერ შუაშია. მით უმეტეს, თუ საუბარია სახელმწიფო მოხელეობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე. მეორეც, სად ნახეთ, მასობრივი დაპატიმრებები ხორციელდებოდეს? უგულავას დაპატიმრება არ ითვლება პოლიტიკურად შეკერილ საქმედ. თუ მმართველ პოლიტიკურ ძალას სურვილი ჰქონდა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები დაეპატიმრებინა, მაშინ ვანო მერაბიშვილს არ გამოუშვებდნენ და, როგორც ეს სააკაშვილის ციხეებში ხდებოდა, ადამიანს გაუგრძელებდნენ პატიმრობის ვადას. როცა ჯალათი მერაბიშვილი გამოუშვეს ციხიდან და უგულავა შევიდა 48 მილიონი ლარის გაფლანგისთვის, სად არის აქ პოლიტიკური თემა?
როგორ გესახებათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი? ბევრი თვლის, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
- მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა, ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო თამაშის წესები და 4 აპრილიდან ისინი იწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას. მათ უკვე დაასახელეს კონკრეტულ მაჟორიტარულ თბილისის ოლქებში კონკრეტული კანდიდატები. გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიმუშავა კონკრეტული სტრატეგია, რომლითაც ისინი თვლიან, რომ ამ სტრატეგიით შეძლებენ უმრავლესობაში მოსვლას, თუნდაც 60/40-ზე ვარიანტით, რაც მათ მისცემს საშუალებას, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და ძირითადი პოლიტიკური თანამდებობები ხელში ჩაიგდონ. ეს მათი ნარატივია. ისინი მაჟორიტარულ ოლქებში აყენებენ ერთიან კანდიდატებს და ცდილობენ, ამ გზით რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში დაამარცხონ მმართველი გუნდის მაჟორიტარები. მაჟორიტარული ოლქების აღების შემდეგ კი, იმ 15%-ის საფუძველზე, რომელიც მათ ეგულებათ, რომ ისინი პროპორციულად აიღებენ, შექმნიან უმრავლესობას კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
ოპოზიციისგან ხშირად რევოლიციური სცენარის შესახებ წამოცდენებიც ისმის. რომელ თამაშს აპირებენ რეალურად და მათ მიერ დასახელებული კანდიდატები, თავიანთი „ნაციონალური“ შლეიფით (ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე) მიაღწევენ წარმატებას?
- რა გითხრათ, მაგრამ პრინციპი ასეთია, ვისაც გააჩნია თანხა, ის უკვეთავს მუსიკას. „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, სამწუხაროდ, მომხრეთა გარკვეული გარანტირებული ნაწილი, 10-15% გააჩნიათ. ესენი არიან პოლიტიკურად მოწამლული ადამიანები. ეს არის ავტოკრატიის ერთგვარი სინდრომი. ბუნებრივია, 9-წლიანმა ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისი დამღა დაასვა ხალხს და არქიფო სეთურის პოლიტიკური სექტანტები წარმოშვა. მიხეილ სააკაშვილმა შეძლო პოლიტიკური შხამი გაეშვა და მოეწამლა საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჩვენთვის ასეთი სინდრომი უცნობი არ არის -იყვნენ სტალინისტები, ლენინისტები, რაღა დაგიმალოთ და, კომუნისტებიც კი იყვნენ ეროვნული მოძრაობის პერიოდში. კომუნისტურმა პარტიამ 9 აპრილის მერე ხმათა დაახლოებით 30% აიღო. თქვენ წამოიდგინეთ, 28 ოქტომბერს აიღეს ასეთი მაღალი პროცენტი და ეს შოკი იყო. მართალია, იმ დროს არსებობდა ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, „მრგვალი მაგიდის“ სახით, რომელმაც უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ პარალელურად 30% აიღო კომუნისტურმა პარტიამ. თანაც, ის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ მაშინდელმა კომუნისტურმა პარტიამაც ვერ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები. საზოგადოების 30% მოწამლული გვყავდა კომუნისტური შხამით. ასე რომ, 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ავტორიტარული შხამით მოწამლული 15%-ის არსებობა არ უნდა გაგვიკვირდეს.
ამ სიის წარდგენით კიდევ ერთხელ გაიშიფრა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის არსი, რომ როგორადაც არ უნდა შეფუთონ, ესენი მაინც არიან „ნაცები“ და „ევრონაცები“.
- მე მგონია, ტყუილ-უბრალოდ არ წამოვიდა მათი კანდიდატურების შესახებ მესიჯი. არ ვიცი, მმართველი პოლიტიკური ძალა როდის დაიწყებს ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ 4 აპრილს კამპანიას ნამდვილად იწყებს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ პარტელიტა დომინანტობს. „ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ როდის დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ესეც საინტერესოა. ჩვენ ვხედავთ, რომ ორი პოლუსის მიღმა კიდევ გაჩნდა ორი პოლიტიკური გაერთიანება - „ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც დისტანცირებს ორივე ძალისგან და ეს კარგია, რომ ოთხპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი მივიღეთ ამ ეტაპზე.
„ნაცებს“ შანსი რომ ჩაუვარდეთ ხელში, რევოლიციურ სცენარზეც არ იტყვიან უარს. ამას წინათ ჩვენთან საუბრისას თქვენ კითხვა დასვით, საერთოდ მივაღწევდით თუ არა არჩევნებამდე?
- იმ პერიოდში მე ვაცხადებდი, თუ აპრილამდე ვერ მოხერხდებოდა მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა, მაშინ საპარლამენტო არჩევნები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, მაგრამ 4 აპრილს რადგან გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გამოდის და იწყებს საპროტესტო აქციებს, ეს ნიშნავს, რომ ამით ერთგვარი კონსენსუსი შედგა. ამიტომ, ფაქტობრივად, საპარლამენტო არჩევნები შეიძლება შემდგარად ჩავთვალოთ. არც ერთმა ექსპერტმა და პოლიტტექნოლოგმა ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, თუ რატომ მოხდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დათანხმდა მმართველი პოლიტიკური ძალის თამაშის წესებს. დათანხმდა იმიტომ, რომ გაჩნდა ორი შედარებით დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა - „ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. მათი გამოჩენის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია იძულებული გახდა, ჩართულიყო პროცესში და მიეღოთ ის თამაშის წესები, რომელიც შემოთავაზებული იყო მმართველი ძალის მიერ.
სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ „ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლების შექმნილია.
- ეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთგვარი ილუზორული ხედვაა. ეჭვი მეპარება, ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომელთა საქმეებიც სასამართლოში განიხილება, ან იგივე „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც მნიშვნელოვანი საკითხები დაუბლოკა „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, რეჟიმის გასამართლების კუთხით, ვინმეს თამაშს თამაშობდნენ. „პატრიოტთა ალიანსი“ უკვე იწყებს „ქართული ოცნების“ ანტინაცისტურ ელექტორატზე მუშაობას. კარგია რომ ასე მოხდა, „ქართულმა ოცნებამაც“, ბოლოს და ბოლოს, უკვე რეალურად დაიწყო ბრძოლა „ნაცისტების“ და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და იმ კომფორმიზმზეც უარი თქვა, რის გამოც თავის დროზე ხიბლში ჩავარდა. „ოცნება“ უკვე იწყებს ამ ხიბლიდან გამოსვლას. რამდენად გამოუვათ ეს, არ ვიცი. თუ „ოცნებამ“ არ შეცვალა სტრატეგია, არ მოახდინა კადრების გადახალისება და დინამიურად არ მიუდგა საქმეს, საკმაოდ რთული სიტუაცია ელის.
რთულ სიტუაციაში რას გულისხმობთ, იმას, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი „ლელოსა“ და „პატრიოტთა ალიანსზე“ გადანაწილდება?
- ასეთი სცენარი სავსებით არ არის გამორიცხული. შესაძლოა, ეს სიურპრიზი გამოვლინდეს და მომავალ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც აისახოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთი ნიუანსია, შემთხვევითი არ არის, რომ თუნდაც იგივე „ენდიაი“ და „აირაი“ მუშაობენ „ნაცმოძრაობის“ წმინდა 15%-იან ელექტორატზე და „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილ სოციოლოგიურ ანალიტიკურ ცენტრებს უკვეთავენ სოციოლოგიურ კვლევებს. აღნიშნულ „ანალიტიკურ ცენტრებს“ კი გააჩნიათ თავიანთი ელექტორატის სიები, ამ სიებში ის ხალხია შეყვანილი, რომლებიც „ნაცებს“ მისცემენ ხმას. ამ სიების მიხედვით ატარებენ ე.წ. სოციოლოგიურ კვლევას და ამის მიუხედავადაც, „ნაცმოძრაობის“ ელექტორატში მაინც რომ ლიდერობს „ქართული ოცნება“, ეს არის ზუსტად საინტერესო მომენტი.
ძალიან ნუ ამარტივებ სიტუაციას.
1921-ში ხალხს, ანუ რასაც შენ მეხუთე კოლონას უწოდებ, იმდენად უჭირდა, რომ მათთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდა მთავრობაში. ერთი-ორი დღეს ე.წ. პატრიოტი, რომელიც მაშინ გასაბჭოებულ მთავრობას ებრძოდა, მხოლოდ იმიტომ იბრძოდა, რომ საკუთარ ქონებას კარგავდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსეთის იმპერატორის ოფიცერი იყო და სანამ მის ქონებას არ შეექმნა საფრთხე, არც უფიქრია "თავისი სამშობლოს" გათავისუფლება. თუ მეფის დროს მისი სამშობლო თავისუფალი იყო?
გასაბჭოებამდე ქართველი მოსახლების 60-70%-მა წერა-კითხვა არ იცოდა.
გასაბჭოებამ მოუტანა ქართველ ხალხს სიმშვიდე, სტაბილურობა, განათლება, გამრავლება და იმედი.
წაიკითხე კოსტავას "რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა" ბმული
რაც იყო აღარ დაბრუნდება, წარსულზე ნუღარ ვიფიქრებთ, აწმყოა საფიქრალი, სადარდო და საომარი, რომ ამ პოლიტიკანებს გამოვგლიჯოთ ხელიდან უკუღმართობით მოპარული ძალაუფლება და ხელისუფლება ქვეყნის და ერისთვის მზრუნველ თაობას გადავაბაროთ!