ჯონი დეპი შესაძლოა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს დაუბრუნდეს

ჯონი დეპი შესაძლოა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს დაუბრუნდეს

მსახიობი ჯონი დეპი შესაძლოა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს დაუბრუნდეს, რომელსაც ის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ თამაშობდა. ამის შესახებ We Got This Covered-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 56 წლის დეპი ფრანშიზის მე-6 ფილმში ითამაშებს, რომლის სცენარზეც კრეიგ მეიზინი და ტედ ელიოტი მუშაობენ. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Disney-მ დეპი პროექტს მას შემდეგ ჩამოაშორა, რაც მსახიობის ყოფილმა ცოლმა ემბერ ჰერდმა ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. თუმცა ბოლო დროს გაჩნდა იმის მტკიცებულებები, რომ ჰერდის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თვითონ დეპი იყო. გამოცემის წყაროს თქმით, ამის და საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე სტუდიამ დეპის პროექტში დაბრუნება გადაწყვიტა.

ვებგვერდზე Change.org პეტიციას დეპის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ დაბრუნების შესახებ 170 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ჯონი დეპი და ემბარ ჰერდი ქორწინებაში 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის მაისამდე იმყოფებოდნენ. გაყრის გადაწყვეტილება დეპმა მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ ჰერდმა განაცხადა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცა 2019 წელს დეპმა ყოფილი ცოლი ცილისწამებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.