გია კრიალაშვილის საქმე

გია კრიალაშვილის საქმე

მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახი საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ გენერალ გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ითხოვს, გამოძიებამ მისი ძმის დაღუპვის რეალური მოტივი დაადგინოს.

კერძოდ, ლია კრიალაშვილს აინტერესებს, მართლაც იმყოფებოდა თუ არა გია კრიალაშვილი მუხროვანში და სად ჰყავდათ სპეცოპერაციამდე ორი კვირით ადრე. ლია კრიალაშვილის სარჩელზე პასუხი მით უფრო საინტერესოა, რომ სულ ახლახანს რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვია მუხროვანის საქმის მთავარმა მოწმემ გია ღვალაძემ, რომელმაც მის მიერ მიცემული ცრუ ჩვენების გამო დაკავებულ ყველა პირს ბოდიში მოუხადა და პროკურატურას დაკითხვა სთხოვა.

For.ge ლია კრიალაშვილს ესაუბრა. 

- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ თემას. დღეს გამოქვეყნდა ღვალაძის ინტერვიუც (რომლის ფარული ჩანაწერის საფუძველზეც დააკავეს მუხროვანის ე.წ. ამბოხებაში მონაწილე ბიჭები), რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენებას აძლევს, თუ როგორ დააწერინეს აღიარება, როგორ ალაპარაკეს. ეს იყო სცენარი გიას მოსაკლავად, რადგან გია კრიალაშვილი ავტორიტეტული პიროვნება იყო ჯარში.

გია კრიალაშვილი თქვენი სახლიდან გაიყვანეს.

- ჩვენს სახლში ცხოვრობდა გია. იმ ღამესაც ნარდს ეთამაშებოდა ჩემს მეუღლეს. გამთენიისას, სადღაც ხუთის წუთებზე, ჩემი მეუღლე დაწვა და გია კიდევ ჩემს გოგონას ნარდს ეთამაშებოდა.

ცნობილია, რომ მოულოდნელად მას ვიღაცამ დაურეკა. ხომ არ გაგირკვევიათ, ვინ დაურეკა?

- ამას ვერ გავარკვევთ, სანამ გამოძიება არ ჩატარდება. ვერ ამოვიღებდით სატელეფონო ჩანაწერებს. მათ არც ტელეფონი დაუბრუნებიათ, არც ტანსაცმელი. რომც მომეთხოვა, ვინ გამცემდა პასუხს. გაიყვანეს გია და მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს. ეს ხდებოდა 2009 წლის 5 მაისს.

ეს ყველაფერი 26 მაისის აღლუმის წინა პერიოდს უკავშირდებოდა, რადგან სამხედროები განიცდიდნენ აგვისტოს ომის შედეგებს და ამის გამო უარი თქვეს აღლუმში მონაწილეობაზე. როგორც ცნობილია, ამ ომში მათ მხედართმთავრის საქციელი არ მოსწონდათ.

- რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ ომის დროს მხედართმთავრის საქციელი. იმ ბიჭებს, ვინც ბოდიში და, ვერ დააჩმორეს და ვინც ვაჟკაცებად თვლიდნენ თავს, ასეთი მხედართმთავარი არ უნდოდათ.

მაგრამ აღლუმში მონაწილეობაზე მუხროვანში დისლოცირებულმა სატანკო და გაერთიანებული შტაბის რეინჯერებმა თქვეს უარი, თუმცა თქვენს ძმასთან რა უნდოდათ?

- ჩემი ძმა არსად მუშაობდა. საერთოდ, არ ცხოვრობდა საქართველოში, რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. იცით, რატომ მიაბეს ჩემი ძმის სახელი ამ თემას? იმიტომ, რომ ღვალაძეც წერს, ასე ითქვა, თუ არ მოვაშორებთ გია კრიალაშვილს, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს ჯარში, რომ ჯარს ვერ დავაჩმორებთო. ზუსტად ასე წერს ღვალაძე.

სახლიდან აყვანის შემდეგ ის ტრაგიკული ფაქტი გლდანში მოხდა. გია კრიალაშვილის დაღუპვის საეჭვო ვითარება დღემდე გაურკვეველია. მართლაც ავტომანქანიდან გადაიყვანეს და სპეცნაზმა ესროლა?

- ესენი ამბობენ, რომ სამივე მიდიოდა და ვითომ საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათო. მათ კი თურმე მიაგნეს, როგორც ყველაფერს „აგნებდნენ“ და ყველაფერი „იცოდნენ“. თითქოს მოხდა ორმხრივი სროლა და იქ დაიღუპა ჩემი ძმა. სწორედ ამას არ ვეთანხმები და ამის არ მჯერა, რომ იქ ორმხრივი სროლა იყო, რადგან, სავარაუდოდ, ბიჭები აყვანილები არიან წინასწარ. სხვებზე არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა აყვანილი ჰყავდათ რამდენიმე ხნით ადრე, რადგან კაცი, რომელიც იყო ვეებერთელა, მოიყვანეს 40 კილო და თანაც, დაჩეხილი. ამას ტყვიით მოკლული არ ჰქვია. შესაძლოა, მერე მოკლეს ტყვიით, მაგრამ მანამდე, ალბათ, სხვა რაღაც დამართეს.

აგვისტოს ომის თაობაზე თქვენი ძმის შეფასებები მკვეთრი იყო?

- რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი იყო. გამწარებული იყო და ამბობდა, არ უნდა ეპატიოს ამ ხელისუფლებას იმ ბიჭების სიკვდილი, დაჭრილების იქ დაყრა და სხვა. უწყლობით დაიხოცნენ იქ ბიჭები, თორემ რომ გამოეყვანათ, შეიძლება, გადარჩენილიყვნენო. ბოლოს და ბოლოს, სუნი აუვიდათ ამ ბიჭების გვამებს. ეს ყველამ იცის, იქ დაყარეს მიცვალებულებიც და დაჭრილებიც და ის დაჭრილებიც დაიხოცნენ. ალყაში დატოვეს ბიჭები და ისე გამოიქცნენ დღევანდელი გმირები - ისინი, ვისაც ჩვენი პრეზიდენტი და თეა თუთბერიძეები, წიკლაურები და სატანისტები ცოტნე დადიანებსა და გმირებს უწოდებენ.

გია კრიალაშვილი აგვისტოს ომში არ მონაწილეობდა?

- იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ომის პერიოდში კი ჩამოვიდა, მაგრამ, სანამ ის ჩამოვიდოდა, დღენახევარში ამათ ომი დაამთავრეს და იამაყეს კიდეც, ვითომ მოიგეს. შემდეგ გია სამაჩაბლოში წასულა, მოგვიანებით გავიგე ამის შესახებ და იქიდან ჩამოუსვენებია დახოცილი ბიჭები.

გამოდის, მას ამ ომის დეტალების შესახებ თვითმხილველებისგან ყველაფერი ეცოდინებოდა.

- ალბათ, და შესაძლოა, ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ის არ სჭირდებოდათ.

თქვენ აცხადებთ, რომ დაჭრილ გია კრიალაშვილს გივი თარგამაძე ურტყამდა.

- ზუსტად არ ვიცი, გია იმ დროს დაჭრილი იყო, თუ გარდაცვლილი. უფრო გარდაცვლილი მგონია, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან მე მგონია, რომ გია შემოაკვდათ, მიიყვანეს და დააგდეს. ის, ვისგანაც გავიგე ეს ინფორმაცია, ამბობს, იქ ესროლესო. ეს ყველაფერი დაუდგენელი და ბურუსით მოცულია, მაგრამ ფაქტია, რომ მიცვალებულს თუ დაჭრილს წიხლებს როგორ ურტყამდა თარგამაძე, აგინებდა და აფურთხებდა. ტელევიზიითაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თარგამაძე ფიზიკურადაც, სულიერადაც და ტვინითაც მახინჯია და მახინჯების დრო დამთავრდა-მეთქი. ვინ სად წავა, ახლა უნდა ვნახოთ და ყველა უნდა დაისაჯოს. ნუ მიიყვანენ ხალხს იმ ზომამდე, რომ ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდეს ამათ ჩასაქოლად.

თქვენ აცხადებთ, რომ გიას სხეული დაჩეხილი, გულ-მკერდი და თავიც გადახსნილი ჰქონდა, ვისი ბრძანებით უნდა გაეკეთებინათ ეს?

- პირველ რიგში, ეჭვი მაქვს ჩვენს, ვითომ, პრეზიდენტზე. სპეცოპერაციის დროს იქ ყოფილა არა მარტო თარგამაძე, არამედ ახალაია, მერაბიშვილი. მოუხსენებია მერაბიშვილს, დაურეკავს პრეზიდენტისთვის და უთქვამს, თქვენი ბრძანება შესრულებულია, ბიჭები ლიკვიდირებულები არიანო. ვინ დავადანაშაულო? თითებზე ჩამოსათვლელი რამდენიმე კაცისგან შემდგარი ბანდა მართავდა სახელმწიფოს და მართლაც ამ გმირებს ხოცავდა.

კობა ოთანაძეც იქ იყო? ისიც სასიკვდილოდ გასწირეს, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა.

- ოთანაძეც იქ იყო ვითომ, „მარშრუტკაში“. ამირიძეც იქ იყო და ესენი ამტკიცებენ, ერთად იყვნენო, მაგრამ ვერ ვიზიარებ ამ აზრს, რომ ეს სამი ერთად ყოფილიყო. ვფიქრობ, ესენი აყვანილები ჰყავდათ, გია შემოაკვდათ და ეს სცენარი დადგეს. ოთანაძე და ამირიძე რვა და ცხრა ტყვიით იყვნენ დაცხრილულნი. საბოლოოდ კი ერთად ჰყავდათ სამარშრუტო ტაქსში.

მართალია, რომ ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის კოლექციიდან პიკასოს ნამუშევარი იყო წამოღებული, რომელიც ქართველ მაღალჩინოსნებს საქართველოს გავლით კონტრაბანდულად ამერიკაში გაჰქონდათ? ამ საქმესთან დაკავშირებით რა შეხება ჰქონდა თქვენს ძმას, რადგან ოთანაძის შესახებ ამბობენ, რომ მან ამის შესახებ იცოდა (რადგან ოთანაძე ერაყში ქართველ სამშვიდობოებს მეთაურობდა)?

- მე ვიცი, რომ გიას ამასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. გააშუქეს კიდეც, ვიღაც ნანა ამბობს, მე გია არ მინახავს, არ ვიცნობდი, არ შევხვედრივარო. არა მგონია, ჩემს ძმას მათთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. იქ 22 მილიონზე ყოფილა საუბარი. ჩემს ძმას კი მილიონები რომ ჰქონოდა, მე ბანკი სახლს არ წამართმევდა და დღეს ქუჩაში არ ვიქნებოდი. პრობლემები გიას შემდეგ შემექმნა, ყველანი უმუშევრები დავრჩით, არავის მოგვეცა მუშაობის საშუალება, ბინა ბანკში ჩავდე, ბანკმა კი ბინა წამართვა და ქუჩაში ვარ.

თავის დროზე გია კრიალაშვილი შენაერთთეთრი გიორგისმეთაური იყო და აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც იბრძოდა. იმ პერიოდის შესახებ რას გაიხსენებთ?

- გია არ იყო ის კაცი, რამის შესახებ ესაუბრა. ორ სიტყვას თუ იტყოდა. ამბობდა ხოლმე, აფხაზეთის ომში 16-17 წლის ბიჭები თავგანწირვით იბრძოდნენ, მათ იცოდნენ, რომ დაიღუპებოდნენ და მაინც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ და პოზიციებს არ ტოვებდნენ. იმ ბიჭებმა წელიწადი და ექვსი თვე გაძლეს. ეს ნაძირლები კი დღენახევარში გამოიქცნენ იქიდანო. დიდი იმედი მაქვს ბატონი არჩილ კბილაშვილის, თეა წულუკიანის და ბატონი ბიძინასი. ვფიქრობ, არ გამიმტყუნებენ იმედს. მჯერა, რომ ჩემი ძმის საქმეს ნათელს მოჰფენენ. ორი კვირაა, რაც შევიტანე განცხადება და ჯერჯერობით, არაფერი ვიცი. გია სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისთვის მოკლეს.