„მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში“,-გიორგი გახარიას ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს The Washington Times-ი. საქართველოს პრემიერი დასავლეთს საქართველოს მნიშვნელობას შეახსენებს და ხაზს უსვამს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების როლს.
პრემიერის თქმით, საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას. ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატოს ლიდერებმა საქართველოს არაერთხელ აღუთქვეს ნატოს სრული წევრობა. აქედან გამომდინარე, გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
გახარია უკრაინის მაგალითსაც იშველიებს და აცხადებს, რომ ბოლო დროს უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება ადასტურებს, რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტული პოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
„შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატოს, აშშ-ის ინტერესთა დაცვაში მტრული ძალებისგან... რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონები. თუმცა შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე, მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა შავიზღვისპირა სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობს ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით. ეს ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, სტრატეგიული სანაპირო ტერიტორიის-აფხაზეთის ჩათვლით“, - ნათქვამია გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
რატომ ითხოვს გიორგი გახარია დაჩქარებულად ნატოში შესვლას? რაიმე სერიოზული გამოწვევები არსებობს რუსეთის მხრიდან, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, თუ პრემიერი ცდილობს, ოპოზიციისგან მიწებებული პრორუსის იარლიყი ჩამოირეცხოს?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ იარლიყების მიწებება საქართველოში იმდენად გაცვეთილი თემაა, რომ არ მუშაობს. თუ გახარიას მიაწებეს ეს იარლიყი, არ უნდა დაგვავიწყდეს, ვანო მერაბიშვლი კრემლის ფორმიანი გავლენის აგენტია. რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ დროა, ნატომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ამ პროცესის გახანგრძლივება რუსეთს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო თავხედურად იმოქმედოს არა მარტო საქართველოს, არამედ შავი ზღვისპირეთის რეგიონის მიმართ.
„პარლამენტში სწორედ ახლახან იყო ჩემი გამოსვლა, რომელიც ეხებოდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებს და მე უსაფრთხოების ბლოკის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი გახლდით. სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ საქართველო იმყოფება რუსული ჰიბრიდული ომის დარტყმის ქვეშ და რუსეთი ამით ჩვენი უსაფრთხოების მოწყვლადობის რისკს ზრდის. გახსოვთ, ალბათ, 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული კიბერშეტევა, რის შესახებაც მაშინვე ვთქვი, რომ ეს იყო რუსული „გერეუ“-ს შეტევა. უკვე, ეს ფაქტი აბსოლუტურად დაადასტურა პომპეომაც და საქართველოს მთავრობამაც და აღმოჩნდა, რომ ეს იყო რუსული კიბერშეტევა „გერეუ“-დან. საქართველო არა მარტო კიბერშეტევების სამიზნეა, არამედ მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, საინფორმაციო ომი, სამხედრო მუსკულების დემონსტრირება ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზურ-რუსული კოალიციური ძალების შექმნა, რომელიც ჰიბრიდული ომის ფორმატში ჯდება. ეს ყველაფერი დღითი დღე სერიოზულ გაბარიტებს იღებს და მოქმედებს ჩვენი საზოგადოებრივი აზრის კონსტრუქციაზე. ამიტომ მართებულია, რომ გახარიამ მეტი ყურადღება ისურვა ნატოსგან. გარდა ამისა, პრემიერმა ისაუბრა უკრაინის მაგალითზეც, რომ ხელშეკრულებები ირღვევა და რუსი სეპარატისტები გადადიან შეტევაზე, ემზადებიან რა უკრაინაშიც მოახდინონ რეჟიმის დამხობა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.
მოახდენს თუ არა გიორგი გახარიას წერილი რაიმე ზეგავლენას ნატოზე, ამის შესახებ საუბრისგან ვახტანგ მაისაია თავს იკავებს. უბრალოდ, აცხადებს, რომ ნატო ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოთა კლუბი, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკა რამდენად შეიცვალა და რამდენად გახდა აგებული სწორ წარმოდგენებზე, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ფაქტია, თურქეთმა სრული მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ნატოს ხელმძღვანელობამ კარგად უნდა გააცნობიეროს და საქართველოს მაპის (ანუ სამოქმედო სამხედრო გეგმის) სტატუსი მაინც მიანიჭოს. ეს იქნება რეალურად დამადასტურებელი იმისა, რომ ნატოში საქართველოსთვის გზა გახსნილი იქნება. ამან შეიძლება შეაჩეროს რუსეთის აგრესია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კარგად უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. დამაფიქრებელია მოვლენები სირიაში, მაღრიბში და ა.შ.
„2014 წელს, სანამ რუსეთი შევიდოდა სირიაში, დავწერე, რუსეთი აუცილებლად შევა სირიაში ასადის დასაცავად და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაერევა ყველა იმ გეოპოლიტიკურ პროცესში, რაც მაღრიბში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ერთიან ბმაში იყო. დასავლეთი არ არის კონსოლიდირებული, დასავლეთში სხვადასხვა ვექტორებია და ეს ვექტორები ერთმანეთს ებრძვიან. არსებობს გლობალური ინტერესები, გლობალური ჰეგემონია. ამის პროექცია მიმდინარეობს ყველგან და, მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც გავლენები ერთმანეთს ეჯახება. ამ პროცესებში საქართველოს ჩათრევას ცდილობდნენ, საქართველო ახლაც გარკვეულ როლს ასრულებს იმ ბრძოლაში, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებსა და ძალებს შორის, მაგრამ ჩვენ გადავრჩით და, ღვთის წყალობით, 8 წლის განმავლობაში შეიარაღებულ კონფლიქტებში არ მიგვიღია მონაწილეობა. კარგია, რომ არ აღმოვჩნდით ჩათრეული რომელიმე შეიარაღებულ კონფლიქტში. არადა, ამის რისკი ნამდვილად არსებობდა და ახლაც არსებობს“,-მიიჩნევს სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური გავლენის ჯგუფები ოცნებობენ, რომ საქართველო კვლავ გაღიზიანების პოლიტიკაზე გადავიდეს, რათა ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ამისთვის ცდილობენ გამოიყენონ ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი განწყობები რუსეთის მიმართ. ზოგიერთი ძალა ცდილობს, ეს განწყობები ჩვენი ისტორიული წყენის გამო თურქეთის, აზერბაიჯანის ან სომხეთის მიმართულებითაც გამოიყენოს, მაგრამ რუსეთთან ყველაზე უფრო ახალია ეს კრიზისი. სოსო მანჯავიძე ფიქრობს, რომ ეს სრულიად დამღუპველი მიდრეკილებებია, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ საქართველო მშვიდობის კუნძულად გადავაქციოთ. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა და არა მსოფლიო ძალების ურთიერთადაპირისპირების არეალად გადაქცევა.
„ვინც ოცნებობს, აქ იდლიბი მოგვიწყოს, კარგად უნდა დაფიქრდეს და უყუროს საინფორმაციო საშუალებებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ რაღაცით უკეთესები ვართ, ან ნაკლები შანსია ჩვენთან იმავე მოვლენების განვითარების, ძალიან ცდება. მსოფლიო შევიდა საშიშ ფაზაში, დამთავრდა ძველი წესრიგი და ძველ წესრიგსა და ახალ წესრიგს შორის ყოველთვის არის მღელვარების პერიოდი, ამ რყევებს ჩვენ არ უნდა შევეწიროთ უპასუხისმგებლო, ბოღმითა და ხელისუფლებისკენ ლტოლვით დაბრმავებული ადამიანების გამო. რაც შეეხება გიორგი გახარიას სტატიას, ბუნებრივია, ნატოს ყოველთვის აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის მწვავდება სიტუაცია. რუსეთსა და თურქეთს შორის მთელი გორგალია წინააღმდეგობების. ბუნებრივია, რუსეთთან დაპირისპირების დროს თურქეთის პოლიტიკურ არსენალში არის საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივა, ამ არსენალშია, ასევე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც აღუთქვა ერდოღანმა ზელენსკის, მაგრამ რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე რუსეთს და რა ჰიბრიდულ საშუალებებს გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ, ეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, გავხდეთ ვიღაცის ინტერესებისთვის შეწირული ცხვრის როლში“.
მერე როგორ იქნება ჩვენი საქმე - ჩვენ შეგვეკითხებიან, სადაური სამხედრო კოტინგენტი გირჩევიათ: ინგლისური, გერმანული, ამერიკულიო... თუ არაფერსაც არ შეგვეკითხებიან, ცხრამთის იქიდან ამხელა აღჭურვილობის ჩამოტანის ზედმეტ ხარჯებს მოერიდებიან და აქვე, ყურისძირში მყოფი, ნატოს წევრი თურქეთიდან გადმოსხმულ ჯარს ჩაგვიყენებენ რუსეთისაგან დასაცავად (როგორც მანამდე რუსის ჯარი გვეყენა თურქებისაგან დასაცავად)?
კარგი იქნება, თუ , როგორც სააკაშვილმა უწოდა, "ისტორიულად ჩვენი მეგობარი თურქეთის" ჯარს ჩაგვიყენებენ, იმიტომ, რომ ამერიკელებს ჩვენი ქვეყნის დაპყრობის გამოცდილება არა აქვთ და სულ დისკომფორტი ექნებათ.
ისე დანარჩენში ვეთანხმები აბსოლუტურად!!!