უკანასკნელ დღეებში კონსტიტიუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელთა შორის არის 18 წლის ვასილ ჯამალაშვილიც. როგორც მისი დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯამალაშვილი კუდ-ში მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილმა შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო და ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.
ჯამალაშვილის დაკავებამ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა. კერძოდ, როგორ გახდა 18 წლის ახალგაზრდა კუდ-ის ჩინოსანი? საიდან აქვს მას ისეთი განსაკუთრებული ცოდნა, რომელმაც კუდ-ი დააინტერესა? ასევე რამდენად დასაშვებია, ასეთი ახალგაზრდა ადამიანის ძალოვან უწყებაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობა?
ქართულ მედიაში ჯამალაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, იგი კომპიუტერებით ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაინტერესდა, სკოლა 16 წლის ასაკში, ექსტერნად დაამთავრა, ხოლო 17 წლისა, უკვე კუდ-ის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ერთ-ერთი ვერსიით, შს სამინისტრო ჯამალაშვილით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 15 წლის ასაკში, მან კუდ-ის ვებ-გვერდი გატეხა. კერძოდ, ჯამალაშვილმა ჩეხეთში ქართველი სათვისტომოს წარმომადგენლის, გიორგი ალანიასთვის გაგზავნილი ვირუსის წარმომავლობა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ვირუსი კუდ-იდან იყო გაგზავნილი. ამის შემდეგ მან კუდ-ის ვებ-გვერდი გატეხა და პროგრამები გათიშა. ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალანია აცხადებს, რომ ის მალავდა ჯამალაშვილის მონაწილეობას მომხდარ ფაქტში, თუმცა ჯამალაშვილმა ეს ინფორმაცია თვითონ გაავრცელა, რის შემდეგაც „გამოსავალი არ დაუტოვეს, რომ არ დაეწყო მუშაობა, მას დაიჭერდნენ“ - აღნიშნავს ალანია.
ჯამალაშვილის ადვოკატს, გიორგი ფოფხაძეს კი სხვა ვერსია აქვს. მისი თქმით, მას უწყებაში რეკომენდაცია კომპიუტერული თამაშების კომპანია „პრედატორის“ ხელმძღვანელმა გაუწია. შემდეგ მას შეხვდა ვაჟა ლელუაშვილი და 16 წლის ასაკში კუდ-ში სამუშაოდ წაიყვანა. დაკავებულის ყოფილი მასწავლებლის თქმით, ჯამალაშვილმა პროგრამა კი არ შექმნა, მან უკვე შექმნილი პროგრამების კონფიგურაცია მოახდინა. ვასილ ჯამალაშვილს კიბერ-დანაშაულის გარდა, ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში ედება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელიამ აღიარა, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ფარულად მოპოვებულ ყველა მასალას 2010 წლიდან ეცნობოდა.
„ჩვენს შექმნილ ვირუსს პროგრამულად მითითებული ჰქონდა მოპოვებული ინფორმაციის მიწოდების მისამართი - მოდულის შენობის ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კომპიუტერების „აი-პი“ მისამართი, სადაც ავტომატურად იყრიდა თავს ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. ამ კომპიუტერებთან ხელი მიგვიწვდებოდა ექვს თანამშრომელს: მე, ავთო სოლომნიშვილს, გიორგი ჯავახიძეს, ვასილ ჯამალაშვილს, ერმალოზ ებანოიძეს და ალექსანდრე ბოცვაძეს, რომლებიც ასევე ეცნობოდნენ ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას. თავიდან ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისათვის მზადება დაიწყო, მთელი ჩემი სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო იქით, რომ მოგვესმინა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის“, - ამბობს თავის ჩვენებაში კვარაცხელია.
თავდაპირველად ათივე დაკავებულ მაღალჩინოსანს წინასწარ ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ 23 ნოემბერს კუდ-ის ოთხი მაღალჩინოსანი - გიორგი ყავლაშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, ავთანდილ სოლომნიშვილი და გიორგი ჯავახიძე გირაოს თანხის გადახდის შემდეგ ციხიდან გამოვიდნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახიძეს 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა, გიორგი ყავლაშვილს - 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს - 3 000 ლარი და ავთანდილ სოლომნიშვილს - 5 000 ლარი.
ვინაიდან ჯამალაშვილის დაკავებას და საერთოდ მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, შევეცადეთ იურისტებისა და ფსიქოლოგების შეფასებებს გავცნობოდით იმასთან დაკავშირებით, უნდა გაეწიოს თუ არა ჯამალაშვილს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე სახის შეღავათი და საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია ძალოვან უწყებაში 16 წლის მოზარდის მუშაობა, 17 ასაკში კი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და რამდენად აცნობიერებას ამ ასაკში ადამიანი იმას, რასაც აკეთებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ამ ასაკის ადამიანი დანიშნული არ უნდა იყოს. ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ შესაძლოა ჯამალაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ბრალდება მის მიმართ ლმობიერი უნდა იყოს, რადგან ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ის ჯერ კიდევ იმ ასაკში იყო, როდესაც ადამიანი უფრო მეტად უფროსის გავლენის ქვეშ ექცევა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რომ ეს ადამიანი გამოუშვეს, რადგან იგი პრაქტიკულად სხვის დავალებას ასრულებდა. შეიძლება აქ ისიც ითქვას, რომ უნდა გქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ რაღაც დავალება არ შეასრულო, ბოლოს და ბოლოს თუ მიიჩნევ, რომ უკანონობას სჩადიხარ, იმ დაწესებულებიდან უნდა წამოხვიდე და ა.შ. ამიტომ ამ საკითხის მიმართ აბივალენტური დამოკიდებულება მექნება და კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი თავის საქციელზე პასუხისმგებელი არ არის. იგი ახლაც კი „თინეიჯერია“ და ამ სამსახურში კიდევ უფრო პატარა დაინიშნა. „თინეიჯერი“ კი თავის ქცევაზე მთლიანად პასუხისმგებელი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა მას უკვე უნდა ჰქონდეს აღებული“, - აცხადებს ფსიქოლოგი.
იგი მიიჩნევს, რომ უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა იმან, ვინც ჯამალაშვილს ასეთი საქმის კეთება დაავალა. აქვე მანანა მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიაში 40-დან 60-65 წლამდე ასაკს, შუა ხანს უწოდებენ და სხვანაირად ასევე თანამდებობის ასაკი ჰქვია. ამდენად, მიჩნეულია, რომ ეს არის თანამდებობის ასაკი, რადგან 40 წლამდე პიროვნება უფრო პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს, როგორიც არის კარიერა, ინტიმური ურთიერთობების მოგვარება და ა.შ. 40 წლის ასაკისთვის კი ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული აქვს, რის შემდეგაც უკვე სხვაზე ზრუნვის სურვილიც ჩნდება. მაღალი თანამდებობა კი იმას ნიშნავს, რომ სხვებს უნდა ემსახურო. მანანა მელიქიშვილი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, სრულიად გაუმართლებელია, 16-18 წლის ასაკში ადამიანი ასეთ თანამდებობაზე დაინიშნოს.
„ამ ასაკის დამახასიათებელია თვითდამკვიდრება. ამიტომ მისთვის იცით როგორი თვითკმაყოფილებას და თვითშეფასების ამაღლებას იწვევდა ის, რომ მან იცის რაღაც კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ვიღაცას ასე სჭირდება, მას რაღაცას სთხოვენ და ა.შ. შესაძლოა თავად მას, ასაკიდან გამომდინარე ეს არც კი გაუცნობიერებია. პირადად ამ ადამიანს არ ვიცნობ და შესაძლოა მისი შესწავლისას აღმოჩნდეს, რომ ნეგატიური თვისებები ახასიათებს, მაგრამ ზოგადად მიმაჩნია, რომ მის მიმართ ლმობიერები უნდა ვიყოთ და როგორც მოგახსენეთ, ძალიან გამიხარდა, რომ ეს ბიჭი გამოუშვეს. სანამ დაჭერილი იყო, სულ მქონდა სურვილი, რომ იგი გაენთავისუფლებინათ. ასეთი ნიჭიერი ადამიანი ძალიან მენანება ციხისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისგან კარგი პიროვნება დადგება“, - აღნიშნავს მანანა მელიქიშვილი.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან როგორც ამბობს, გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ჯამალაშვილი იმ სისტემის მსხვერპლია, სადაც იგი მუშაობდა. ლორთქიფანიძის თქმით, თუკი ჯამალაშვილი ვიღაცისთვის საინტერესო გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ უნარებს ფლობდა და იგი კუდ-ში წაიყვანეს და ისეთ უკანონო საქმიანობაში ჩააბეს, როგორიც არის უკანონო მოსმენები, ასეთ შემთხვევაში დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის ანტისაზოგადოებრივ მოქმედებებში ჩაბმის გამო საზოგადოებრივი ბრალდების საქმე უნდა აღიძრას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც ამგვარ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუკი ვინმე არასრულწლოვანს უკანონო საქმიანობაში ჩააბამს. ამიტომ თუკი ბატონი ვასილ ჯამალაშვილი გააკეთებს განცხადებას (ან გამოძიებას მისცემს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით), რომ თუკი იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ, შანტაჟის ან სხვა რაიმე იძულების გზით იგი 16 წლის ასაკში ჩააბეს ისეთ ქმედებებში, რომელთან დაკავშირებითაც იგი აცნობიერებდა, რომ მოქმედებდა საზოგადოების ინტერესის წინააღმდეგ, შესაძლებელია საქმი აღიძრას იმ პირების მიმართ, ვინც მის „დავერბოვკებას“ ახდენდა“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარე, ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ვასილ ჯამალაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თუ არ მოსწონდა ის სამსახური, სადაც იგი მუშაობდა, წამოსულიყო იქიდან.
„აქ საუბარია შრომით ურთიერთობებზე, თუ თავიდან იგი შეაშინეს, შემდეგ ხომ ის თავად იყო თანამდებობის პირი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი უფლება-მოსილებით აღჭურვილი პირი იყო. როგორც ჩანს, მას ეს მოეწონა და ამ შრომით ურთიერთობაზე თანახმა იყო. ის რომ წინააღმდეგი ყოფილიყო, მიმაჩნია, რომ მას შეეძლო სამსახური დაეტოვებინა. მით უმეტეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ადამიანს მაღალი თანამდებობა ეკავა, ჰქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება და ამიტომ მან სრულად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა, რადგან ეს ზრდასრული ადამიანის ნება იყო. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად აცნობიერებდა ჯამალაშვილი იმ ბოროტებას, რასაც ემსახურებოდა. საერთოდ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები ცოტა ცალმხრივი და შეზღუდული პროფესიული ინტერესებით გამოირჩევიან და ნაკლებად აინტერესებთ მათი შრომის პროდუქტი დაარღვევს თუ არა ვინმეს ფუნდამენტურ უფლებას“, - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.
იგი აქვე განმარტავს, რომ წინასწარ ცალსახად რამის თქმა ჯერ ნაადრევია და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.