ჩინეთში კორონავირუსის დაავადების ახალი შემთხვევები კლებულობს, მაგრამ ამ ვირუსმა ჩინეთის საზღვრები გაარღვია და არაერთ ქვეყანაში გამოვლინდა. მას შემდეგ, რაც საქართველოშიც დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ქვეყანა პანიკამ მოიცვა, წამსვე დაცარიელდა მაღაზიებისა და აფთიაქების დახლები, იმარაგებდნენ ყველაფერს, რისი მომარაგებაც არასდროს მოაფიქრდებოდათ.
როგორ უნდა დავუსხლტეთ კორონავირუსს, ამის შესახებ For.ge-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიისთვის, - ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების არეალმა უამრავი ტერიტორია მოიცვა. რამდენად საშიშია ახალი ვირუსი კაცობრიობისთვის და რამდენად ადეკვატური იყო ჩვენი მოსახლეობის ქმედება, როცა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა?
- კორონავირუსი უცხოა ადამიანის ორგანიზმისთვის, იგი ადამიანისა და ცხოველის კორონავირუსის შერწყმით წარმოიქნება, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ჩვენთვის და ორგანიზმი მას ვერ ცნობს. შესაბამისად, ვერ აღიქმება იმუნური სისტემის მიერ, ამიტომ ის განსაკუთრებულ ბრძოლას იწყებს მის მიმართ. თუმცა იმ ორგანიზმებში, როგორებიც არიან ბავშვები, ახალგაზრდები, სადაც არის გადაუღალავი ორგანიზმი, იმუნური სისტემა საღია და, სადაც არის ვაქცინაცია, საშიში სიტუაცია არ ფიქსირდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ წითელას ვაქცინაცია ჯვარედინ მოქმედებაში აღმოჩნდა კორონავირუსის გამომწვევ ვირუსთან და მასზე აშკარად მოქმედებს. ამიტომაც ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები სტატისტიკურად ნაკლებია და შედარებით მარტივად მიმდინარეობს. ლეტალობის შემთხვევებიც ბავშვებში ჩემთვის ცნობილი არ არის. ვიმეორებ, კალენდარული ვაქცინა, რომელსაც ბავშვებს უკეთებენ, ჯვარედინ მოქმედებაშია ვირუსის გამოწვევთან, ფაქტობრივად, ვერ ხდება მისი გამრავლება ორგანიზმში და იმუნური სისტემა კორონავირუსს უმკლავდება იმიტომაც, რომ ბავშვებს არ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, დიაბეტი, სისხლის უკმარისობა, უამრავი თანმხლები დაავადება. განსაკუთრებით, ასაკოვან ხალხში უფრო მეტია ლეტალობის შემთხვევები.
ასაკის მიუხედავად, თავი უნდა შევიკავოთ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან?
- აუცილებლად. უნდა შევზღუდოთ, მინუმუმამდე დავიყვანოთ საჯარო სივრცეებში გადაადგილება, სეირნობა, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბავშვთა გასართობი ცენტრები. რა თქმა უნდა, ჰაერზე უნდა გავიდეთ და უნდა ვიაროთ სიფრთხილით იქ, სადაც არ არის დახურული ზონები.
თქვენი რეკომენდაციით, მოსახლეობამ აგარაკებსა და სოფლებს უნდა შეაფაროს თავი. ამ შემთხვევაში, სუფთა ჰაერი გადამწყვეტია?
- ვისაც აქვს სოფლები, აუცილებლად უნდა გაიყვანონ ბავშვები. სუფთა ჰაერზე ამ დაავადების განვითარებისა და გავრცელების ნაკლები შანსია. რაც შეეხება პანიკას, მე დღეს პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცაღა ვერც ვამტყუნებ ხალხს, რომ ეშინია. ასეთ დროს შიში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, თუ მივყვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქტაჟს, თუ ვისწავლით, რომ ავადმყოფი ბავშვები და მოზრდილები არ მივიდნენ ბაღებში, სკოლებში და სამსახურებში, თუ სადეზინფექციო საშუალებებს გამოვიყენებთ, თუ დავალაგებთ სველი წესით ოთახებს, არ ვივლით საჯარო დასწესებულებებში, გადახურულ სივრცეებში, ხელებს ხშირად დავიბანთ, ჰიგიენის ნორმებს დავიცავთ, არ მივუახლოვდებით ადამიანს, მაინცდამაინც არ გადავკოცნით, არ ჩავეხუტებით და გარკვეული მანძილიდან ვესაუბრებით, სარისკო არაფერია. ასეთი ექსტრემალური სიტუაციების მართვაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს კარანტინის სისტემას. მე მაინც მომხრე ვარ, დავაკვირდეთ სიტუაციას და შემდეგი კვირიდან შევაჩეროთ სკოლებში, ბაღებში ბავშვების მიმოსვლა. მართალია, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან ამ ვირუსით, მაგრამ ბავშვები მერე კონტაქტში არიან ოჯახის წევრებთან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კორონავირუსს აქვს ორკვირიანი ინკუბაციის პერიოდი, ერთი შეხედვით, ადამიანი ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ, სინამდვილეში, შეიძლება იყოს მატარებელი ვირუსის. ამიტომაც კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. მე დროებით შევწყვეტდი სწავლას. მალე დადგება გაზაფხულის თბილი დღეები და კორონავირუსი 33-დან 36 გრადუსამდე კვდომას განიცდის. უნდა ვინატროთ, დროზე მოვიდეს თბილი პერიოდი და მერე გავაგრძელოთ სწავლა, თუნდაც ივლისის ჩათვლით ავუნაზღაუროთ ბავშვებს სწავლის პერიოდი. ყველა ეპიდემია, რაც კი არსებულა მსოფლიოში, შედარებით ნელდება თბილი დღეების დადგომასთან ერთად. ასე იყო ფრინველის გრიპის, ღორის გრიპის დროს. 2008-09 წლებში, როდესაც გავრცელდა ე.წ. ღორის გრიპი („შვაინგრიპ“) მე პირადად გახლდით კლინიკის დირექტორი და მახსოვს, დატვირთული რეჟიმით ვმუშაობდით. უამრავი მძიმე პაციენტი გვყავდა და ნიღაბსაც არ ვიკეთებდით, ისე დავრბოდით ექიმები, ერთმანეთს ვეჯახებოდით. იმ პერიოდში გარდაცვალების შემთხვევებიც ბევრი იყო, მაგრამ ეს დაავადება გადავაგორეთ. პანიკა, სტრესი არყევს ადამიანის ჯანმრთელობას და განსაკუთრებით იმუნურ სისტემას. უფრო მარტივად დაგვეუფლება ყველა დაავადება, თუ პანიკას მივეცემით. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ პანიკის გარეშე.
თქვენი აზრით, დამშვიდების საფუძველი მარტის ბოლოსთვის გვექნება?
- მე ვფიქრობ და მჯერა, რომ დათბება და თანდათან იკლებს ეს ტალღა. ჩინეთში უკვე შემცირდა ეს ვირუსი რაოდენობრივად, კორონავირუსი თანდათან დაუძლურდება. მჯერა იმის, რომ ძალიან მალე გაჩნდება ანტივირუსული საშუალება, იმის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ „ეიჩ ერთი ენ ერთის“ დროს, „ტამიფლუს“ სახით. როდესაც ეს ვირუსი პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, მსოფლიოს უამრავმა მძლავრმა ქვეყანამ წაიღო გენომი პირველი დაზარალებული ადამიანისგან და იქმნება მის წინააღმდეგ ვაქცინა. ალბათ, ეს ვაქცინა მალე მოგვისწრებს, მალე დავძლევთ ამ ვირუსს და არ მივალთ ეპიდემიამდე.
მეცნიერები ამბობენ, რომ ებოლას წინააღმდეგ შექმნილმა პრეპარატმა გამოცდის დროს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კარგი შედეგი აჩვენა.
- ყველანაირი იმუნომოდულატორი, ყველანაირი საშუალება-ხალხური თუ ქიმიური უნდა ვცადოთ. ჩვენს აფთიაქებში დახლებზე შემოწყობილი უამრავი იმუნომოდულატორის საშუალებაა, რომელმაც შეიძლება ადამიანებს დახმარება გაუწიოს. აუცილებელია ჯანსაღი კვება, განსაკუთრებულად არ უნდა მივეტანოთ ტკბილს. დიდი რაოდენობით ტკბილი და ცომეული იმუნიტეტს ასუსტებს, ეს არ არის ჯანსაღი კვება, ჩვენ უნდა ვიკვებოთ უფრო ჯანსაღად, მეტი ხილი, ბოსტნეული, მოხარშული ხორცი, რძის ნაწარმი, დიდი რაოდენობით სითხე-წყალი იქნება, თუ კომპოტი.
ტრადიციული საშუალებები - ნიორი და ჭაჭა კორონავირუსს აგვაცილებს?
- რატომაც არა, ნიორი ვირუსებსა და ბაქტერიებს ანადგურებს. ბუნებრივ ფლავონოიდებს, ბუნებრივ ანტიბაქტერიულ საშულებებს ეძახიან ისეთ პრუდუქტებს, როგორიცაა ნიორი, ხახვი, თაფლი, ნიგოზი, ქოქოსი, გრეიფრუტი ან სხვა რომელიმე ციტრუსის წვენი. ძველი წესია არყისა და ნივრის მეშვეობით ვირუსებისგან ორგანიზმის გასტერილება, ყველაფერი უნდა მოვიხმაროთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არ დაუძლურდეს.
ისმის მოწოდებები, დახურეთ სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს საჯარო ღონისძიებები. როგორც ჩანს, ნაწილობრივ თქვენც იზიარებთ ამ აზრს.
- ამ ყველაფერს მდგომარეობის მიხედვით უნდა შევხედოთ. იქნებ, მომავალი კვირიდან სასურველი იყოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მაინც, ბავშვთა დაწესებულებებში შეჩერდეს სწავლება. დინამიურად უნდა დავაკვირდეთ პროცესს. კარანტინის წესით უფრო ბევრს მივაღწევთ. უამრავ პაციენტს ყელი ტკივა, მაღალი ტემპერატურა აქვს, ბევრს ფილტვების ანთებაც აწუხებს და ისმის ირონიული გადახვევა, იქნებ, ჩვენ გადავიტანეთ კორონავირუსი. რეალურად, კორონავირუსი ყველას გადატანილი გვაქვს ცხოვრებაში, რადგან ეს ვირუსი ჩვეულებრივ გრიპისმაგვარ სიმპტომატიკას იწვევს. იქნებ, ამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ჩვენს ორგანიზმს რაღაც ბრძოლის უნარი აქვს. კორონავირუსი არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა ლეტალურია, იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსი შეხვდათ, გადარჩა, ყველა არ დახოცილა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად, მთავარია, სახელმწიფომ დროულად გაატაროს ღონისძიებები. იმედი მაქვს, ამას გააკეთებენ კიდეც.