კომუნალური გადასახადების ტარიფები ვერ განახევრდება, მაგრამ შემცირედება - ახალ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების დროულად შესრულება უჭირს, მიზეზი კი ის მოულოდნელი გარემოებებია, რაც ახალმა მთავრობამ სფეროში შედარებით საფუძვლიანად ჩახედვისას აღმოაჩინა და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავად მიაწოდა ინფორმაცია.
ზუსტად რა ხდება გაზთან დაკავშირებით, ბოლომდე გარკვევა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, რადგან გარკვეული დოკუმენტაცია მისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია.
ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე თვლის, რომ გაზის სეგმენტში ნაკლებ სავარაუდოა ტარიფის შემცირება.
მისივე განმარტებით, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გაზის ტრანზიტის და შესყიდვის ფასი განსაზღვრულია 2012 წლის ბოლომდე. საქართველო კონსორციუმისგან 2012 წლამდე პერიოდში გაზს იღებდა შეღავათიან ფასად, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. თუმცა, მომავალი წლიდან გაზის ამ ფასად შეძენა სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება.
„საქართველო 430 მლნ კუბურ მეტრ გაზს ტრანზიტის საფასურად იღებს. კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი შეღავათიან - 61-65 აშშ დოლარად ვიღებთ მაქსიმუმ 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს წლიურად. თუმცა, ხელშეკრულების ამ კომპონენტს ვადა მიმდინარე წლის ბოლოს გასდის“,- აცხადებს ჯერვალიძე.
მოკლედ, 2013 წლიდან გაზის საფასური შეიძლება გაიზარდოს.
როგორც ჯერვალიძე განმარტავს: „2001-2002 წლებში, როცა ეს ხელშეკრულება დაიდო, ევროპაში გაზი 250 დოლარი ღირდა, დღეისათვის კი 500-550 დოლარი ღირს. ამდენად, გაზის ფასი საქართველოსთვის სავარაუდოა, 170-230 დოლარის ფარგლებში ჩამოყალიბდეს, ანუ ევროპული ფასის 50% მაინც იქნება.
სავარაუდოა, აგრეთვე, რომ დაახლოებით ამავე საზღვრებში იქნება „სოკარისგან“ მოწოდებული სოციალური და კომერციული გაზის ფასიც. ამგვარად შეზღუდულია როგორც ტრანზიტით მიღებული გაზის რაოდენობა ისე შეღავათიანი ფასით შესასყიდი გაზის რაოდენობა და გაიზრდება მისი ფასიც“, - ამბობს ჯერვალიძე.
ეს კომპონენტიც რომ გამოვრიცხოთ და ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ წელს გაზის შესყიდვასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს, ამის გარდა, სხვა ხელისშემშლელი გარემოებებიც იკვეთება, რომელსაც უფრო სუბიექტური ელფერი დაჰკრავს და იმ მძიმე მემკვიდრეობათა სიაშია, რაც ახალ ხელისუფლებას ძველისგან ერგო.
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრა.ტვ“-ის ეთერში, საუბრისას განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი მოულოდნელი პარამეტრი აღმოაჩინა.
მოულოდნელი პარამეტრები აღმოჩნდა, მათ შორის არამიზნობრივად აღებული ვალდებულებების სახით, ეს იქნება ნავთობისა და გაზის კორპორაციაში თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, უშუალოდ ნავთობისა და გაზის კორპორაციას აღებული ჰქონდა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა პარლამენტის მშენებლობა, ტრაქტორების შეძენა და ევროობლიგაციების მომსახურების ყოველწლიური თანხის გადახდა.
„კორპორაცია აშენებდა პარლამენტს, ტრაქტორებს ყიდულობდა და ბევრ სხვა რამეს აკეთებდა. ევრობონდებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან ამაყობდა ჩვენი ხელისუფლება, ამ ვალის მომსახურების თანხა ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი. ეს ყველაფერი აისახება ტარიფში და ბუნებრივია, კორპორაცია წაგებაზე ვერ იმუშავებდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ძნელი სათქმელია, კიდევ ბევრ სიურპრიზს აღმოაჩენს თუ არა ხელისუფლება საკითხის უფრო ღრმად შესწავლისას, თუმცა იმაში, რაც უკვე გაარკვია, უკვე ბევრი კითხვის ნიშანია.
„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რადგან ერთი შეხედვით რაც ჩანს, ისაა, რომ აბსურდამდეა მისული ეს ყველაფერი.
ახალ ხელისუფლებას კონკრეტულ დოკუმენტებზე ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი, მაგრამ უახლოეს დღეებში, როგორც ვიცი, იქ იგეგმება ახალი მენეჯმენტის შესვლა აუდიტთან ერთად და მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
საკმაოდ საინტერესო სურათია - თუკი გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობენ, სულ მცირე, მათ უფლება აქვთ, ეს იცოდნენ. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ მომხმარებლის, ანუ საქართველოს მოქალაქეების მიერ ყოველთვიურად გადახდილი ფული ხმარდება პარლამენტის მშენებლობას, ტრაქტორების შეძენას, საგარეო ვალის მომსახურებას და ყველა იმ პროექტს, რასაც „საპარტნიორო ფონდში“ შემავალი კომპანიები ახორციელებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღატაკი ქვეყნის ყველა მოქალაქე, საკუთარი სურვილის მიუხედავად, ინვესტორი გამოდის. საკმაოდ საინტერესო გეგმაა და ასევე დიდი ინტერესით დაველოდებით, რა დასკვნას დადებს აუდიტი - გვაქვს თუ არა საქმე აფერასთან.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდია“, რომლის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ხოლო, თვითონ ფონდი თავის მხრივ 100% -ით ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს ელექტროსისტემის“ აქციებს, „თელასის“ აქციების- 25%-ს.
გარდა ამისა, ფონდში არის საინვესტიციო მიმართულება, რომელიც სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს. როგორც ფონდის ახალი ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, „საპარტნიორო ფონდის“ ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის კერძო ინვესტიციების მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით. ესენია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება, ასევე მრეწველობაა.
ფონდს გააჩნია სამეთვალყურეო საბჭო, სადაც მთავრობის რამდენიმე წევრი შედის, კერძოდ ეკონომიკის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრი. ასევე, ფონდში წარმოდგენილია რამდენიმე კომერციული ბანკის პირველი პირი-„საქართველოს ბანკიდან“, „თიბისი ბანკიდან“, „კორსტანდარტ ბანკიდან“ და „ლიბერთი ბანკიდან“.
საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად ყოფილი პრემიერი ნიკოლოზ გილაური 30 ივნისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.
მთავრობამ „საპარტნიორო ფონდი“ შეფერხებული პროექტების დაფინანსებისთვის გასულ წელს შექმნა.
ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი განმარტავდა, რომ ფონდის მიერ გაკეთებული საქმე მომავალში საქართველოს ეკონომიკური განვითარების საფუძველი უნდა გამხდარიყო, მათ შორის, უცხოეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის წახალისება სწორედ ამ კომპანიას უნდა მოეხდინა.
ჯერჯერობით საპარტნიორო ფონდმა მხოლოდ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია წაახალისა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე 250 მილიონი აშშ დოლარი ევრობონდი გამოეშვა. პრემიერ-მინისტი ნიკა გილაური აცხადებდა, რომ ეს იყო კორპორაციის წარმატებული ტრანზაქცია და 250 მილიონი დოლარის ხუთწლიანი ევრობონდი 6,8 - 6,9 პროცენტში გამოუშვა. ფინანსურმა ინსტიტუტებმა კი კორპორაციას სახელმწიფო გარანტიის გარეშე გამოუყვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური საზოგადოება საქართველოს მაკროეკონომიკას ენდობა.
სავარაუდოდ, ევრობონდებით დაინტერესება სამართალდამცველებსაც მოუწევთ, რადგან არავინ იცის, ევრობონდებით შემოსული თანხა (არა მხოლოდ ამ შემთხვევაში) რას მოხმარდა, რეალურად რა პროცენტზეა ლაპარაკი და ა.შ.
რაც შეეხება, ტარიფის შემცირებას, როგორც ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, ამ საკითხზე საუბრები უკვე დაწყებულია, თუმცა კახა კალაძე იმასაც ამბობს, რომ მისი შემცირება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობის შეცვლამდე გართულდება.
ისიც საკითხავია, საქართველომ ბუნებრივ გაზში მის ხელთ არსებული ბერკეტები აზერბაიჯანულ „სოკარს“ რატომ გადასცა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია, ანუ ქართული მხარე გაზის შესყიდვაში რატომ აღარ მონაწილეობს.
ნებისმიერ სფეროში კითხვები ძველი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ ბევრია, თუმცა განსაკუთრებით ბევრია ენერგეტიკის სფეროში, გვახსოვს უამრავი გასაიდუმლოებული ხელშეკრულება სადაც საეჭვოა, გადასახადების გადამხდელთა ინტერესები ვინმეს გაეთვალისწინებინა.