სვანეთის საგანძურზე ერთი წლის წინ, მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე შეტანილი კოლექტიური საჩივარი და მიმდინარე წლის 1 ნოემბერს for.ge-ს კორესპონდენტის ნინო მიქიაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე შეტანილი განცხადება, რომელიც ეხება ეროვნული მუზეუმის მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვის ფაქტს და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას (სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით), შესაძლოა ერთ საქმედ გაერთიანდეს და ძიება დაიწყოს.
ამის შესახებ for.ge-ს კორესპონდენტისთვის 26 ნოემბერს გახდა ცნობილი - ნინო მიქიაშვილი მთავარ პროკურატურაში მის მიერ 1 ნოემბერს შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიბარეს.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში ვიყავი. განმიმარტეს, რომ ეს იყო გამოკითხვა, ფაქტების დასაზუსტებლად. პროკურორის კითხვებს დაახლოებით ნახევარი საათი ვპასუხობდი, რის შემდეგაც ოქმი შედგა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი გახლდათ - როგორ ფიქრობთ, ეროვნულ მუზეუმს აქვს და გიმალავთ საჯარო ინფორმაციას, რის გამოც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი გეშლებათ, მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ და ამიტომ ვერ გაძლევენ? ჩემი პასუხი ასეთი გახლდათ - ის ინფორმაცია და დოკუმენტები, რასაც ვითხოვ, ეროვნულ მუზეუმს წესით და კანონით უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩემი აზრით, არ აქვს. თუ რატომ არ აქვს მუზეუმს ეს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, ვიმედოვნებ, რომ ამას ძიება დაადგენს.
დავინტერესდი, ძიების დაწყების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა 1 ნოემბრის განცხადება და ერთი წლის წინ (2011 წლის 18 ნოემბერს) შეტანილი საჩივარი გაერთიანებულიყო ერთ საქმედ. განმიმარტეს, რომ თუ საჩივარი და განცხადება ერთი და იგივე თემას ეხება, შესაძლებელია ერთ საქმედ გაერთიანდეს. ამასთან, მითხრეს ისიც, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის შესახებ ტელეფონით მაცნობებენ“, - ამბობს ნინო მიქიაშვილი.
რამდენადაც for.ge-სთვისაა ცნობილი, ამჟამად სვანეთის საგანძური ისევ მესტიის მუსიკალური სკოლის შენობაშია დაბინავებული, სადაც სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან 2011 წლის 2 დეკემბერს გადაიტანეს. სვანეთის ახალი მუზეუმის შენობა ზარ-ზეიმით 2012 წლის 13 სექტემბერს გაიხსნა, მაგრამ საგანძური იქ არ გადაუტანიათ. ეროვნული მუზეუმის დირექტორმა და სვანეთის მუზეუმის წარმომადგენელმა ტელევიზიით განმარტეს, რომ ახალი შენობის კედლების გამოშრობამდე საგანძურს არ გადაიტანენ.