ნიღაბი ეფექტურია, როცა ავადმყოფს უკეთია - პაატა იმნაძის რჩევები პირბადის მოხმარების შესახებ

ნიღაბი ეფექტურია, როცა ავადმყოფს უკეთია - პაატა იმნაძის რჩევები პირბადის მოხმარების შესახებ

„ნიღაბი ეფექტურია, როცა ავადმყოფს უკეთია, მოსახლეობის მიერ ტარება საფრთხილოა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"კარგად უნდა იცოდე, როგორ ატარო ეს ნიღაბი. ჯერ ერთი არ უნდა შეცვალო მხარეები და ჯერ ერთ მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან არ უნდა გეკეთოს. გარდა ამისა, გინახავთ ხო ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, იმიტომ რომ ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა.

მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არამარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან [თასმებით] და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის", - ამბობს იმნაძე.

ამავდროულად, ის მიუთითებს, რომ ნიღაბი აუცილებელია სამედიცინო პერსონალისთვის და მათ მუდმივად უნდა ატარონ.

"ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი, რადგან წვეთოვანია, ამ შემთხვევაში საკმარისია, თუმცა თუ ექიმი ატარებს რაიმე მანიპულაციას, თუნდაც ბრონქოსკოპიას, სადაც აეროზოლი შეიძლება წარმოიქმნას, მაგ დროს უკვე საჭიროა რესპირატორი. რა თქმა უნდა კარგია სახის ფარი ექიმისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის რათა დაიცვას თვალების ლორწოვანები", - ამბობს იმნაძე.