საქართველო 46-ე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ცალკე სივრცეში. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე, არანაირი საფრთხე არ ემქურება.
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოშ ეპიდემია არ გავრცელდეს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ახალი კორონავირუსი – COVID-19 მსოფლიოს ყოველდღიურად მეტ საფრთხეს უქმნის, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2 698–ს მიაღწია. COVID–19 სრულიად ახალი ვირუსია და სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთება არ შეუძლიათ. ამის მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრები შეინიშნება, ზოგ შემთხვევებში, ვითარება დასტაბილურდა კიდეც. თუმცა ვირუსი როგორც ჩინეთის, ისე მის საზღვრებს გარეთ ვრცელდება. ვირუსი გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის არის: გერმანია, საფრანგეთი და იტალია.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მსგავსი მითითება არ გაცემულა. საქართველომ უკვე შეაჩერა პირდაპირი მიმოსვლა ირანთან და ჩინეთთან, რამაც ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თვეში 30 მილიონიანი ზარალი გამოიწვია. საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა.
„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მთლიანად მსოფლიო დადგა. ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით, უპირატესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა ირნთან, ჩინეთთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიიჩნევს, მთავარია, როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც დავაკვირდეთ კორონავირუსის გავრცელებას.
„პიკმა გადაიარა ჩინეთში, მაგრამ მსოფლიოს ახლა ეშინია არა იმდენად ჩინეთის, არამედ დანარჩენ მსოფლიოსი, რადგან 30–ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული კორონავირუსი. რა თქმა უნდა, ეს აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. ორი დღის წინ საფონდო ინდექსების დიდი ვარდნა იყო, რომელიც არ ყოფილა 2016 წლის შემოდგომიდან. თუმცა, დღეს, ვითარება დასტაბილურებულია, შიშმა გადაირა საფონდო ბირჟებზეც, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეფექტი ჯერაც მოქმედებს.
ბირჟაზე 3-4%-ანი ვარდნა ნიშნავს ძალიან ბევრი მილიარდის დაკარგვას აქციონერებისთვის. ეს კი, ცხადია, აისახება საქართველოზეც. გარდა იმისა, რომ ჩვენთან უკვე ნაკლებად შემოვლენ ჩინელი ტურისტები, ვინაიდან ჩინეთთან პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს, უკვე ირანელებიც ნაკლებად შემოვლენ ამავე მიზეზით.
სხვადასხვა გათვლებით, ზარალი, 100 მილიონ ლარამდე შეიძლება ავიდეს, რაც, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა კატასტროფული. ჯერჯერობით, თეორიულად ვსაუბრობთ 100 მილიონზე, თუ 4–5 თვე კიდევ გაგრძელდა ფრენების აკრძალვა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
როგოც ექსპერტი აცხადებს, მნიშვნელოვანი დანაკარგი გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით კატასტროფულ ზიანზე ზედმეტია საუბარი.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახვადასხვა ქვეყნებში როგორ მოხდება კორონავირუსის კონტროლი. რაც შეეხება ეკონომიკას, ის აკრძალვები რაც ჩვენ გვაქვს, ცხადია, იმოქმედებს ეკონომიკაზე. ის კომპანიები, რომელიც უშუალოდ ირანელი ტურისტების შემოყვანაზე მუშაობდნენ, ცხადია, დაზარალდებიან, ისევე როგორც ჩინეთზე მომუშავე კომპანიები“, – აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
მიუხედავად შეზღუდვებისა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა ღონისძიება არის გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია და ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ 1 თვის წინ თამამად შეიძლებოდა თქმა, რომ საქართველო მწვანე ზონაში იყო, რადგან ვირუსი არც ერთ ახლომდებარე ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული.
„ირანში შექმნილმა სიტუაციამ კი სურათი ჩვენი ქვეყნისთვისაც შეცვალა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერებული. დღეს გამოვა მთავრობის განკარგულება, სადაც განხილული იქნება საერთოდ, სხვა დასენიანებული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ პირებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
უკვე ცნობილია, რომ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება ერთი მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის მყოფი 16 პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს უფიქსირდება.
„საბოლოო პასუხის გაცემა ჩვენ შეგვიძლია, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ. ის ოთხი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში რჩება, ჩვენი მონაცემებით არ ჰგავს კორონავირუსით ინფექციას, მაგრამ ვაგრძელებთ დაკვირვებას და მკურნალობას. საქართველოში ის ზომები ტარდება, რაც რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან დიდია, თუმცა საქართველო კვლავ რჩება დაბალი რისკის ზონად“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია: ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, რაც ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
სასუნთქი სისტემის ჰიგიენა – ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან მოხრილი იდაყვი. ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.
შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია – შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს. თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით.
ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს; თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.
მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრნელები, ფრინველები, ღამურები). განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან აკონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.