ოპოზიციის 7 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია – “მთავარი არხი”

ოპოზიციის 7 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია – “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი 2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს.

ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაციაზე თანხმდება და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთისთვის კონკურენტების დაყენებას არ აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარდება.

ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი, ნიკა მელია  და ზაალ უდუმაშვილი ადასტურებენ, რომ მაჟორიტარებად კენჭისყრისთის მზად არიან, თუმცა, არა აუცილებლად თბილისში.

“პრაქტიკულად მიღწეულია საერთო ოპოზიციური შეთანხმება მაჟორიტარული ბლოკის შექმნაზე. ფაქტობრივად, ჩვენ შევქმენით ისეთი ბლოკი, რომლის საშუალებითაც პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი და თანაც, ძირითადად ცნობილი ლიდერების დონეზე. მეც, რა თქმა უნდა, მათ რიგში ვარ, ოღონდ სად, ზუსტად არ ვიცი”, – განაცხადა “ლეობორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ადასტურებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, თუმცა არ ამბობს, რომ აუცილებლად – თბილისში.

“რამდენიმე ოლქზე ვფიქრობ და ვესაუბრები კოლეგებს. შესაძლებელია იყოს მთაწმინდის რაიონი, ზუგდიდი ან მცხეთა. მე ხუთ ოლქზე მაქვს ფიქრები აშლილი, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუ ოპოზიციას ეყოლება მთაწმინდის ოლქში ძლიერი კანდიდატი, რა თქმა უნდა, მთაწმინდის ოლქში კენჭს არ ვიყრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ელენე ხოშტარია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭის, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი, თუ რომელ ოლქში იყრის კენჭს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

“ჯერ ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, თუმცა არის საუბარი, რომ მე ვიყო თბილისში ერთ-ერთი მაჟორიტარი. რომელი ოლქი იქნება, ჯერ კონკრეტულად ვერ გეტყვით. ოლქებბის მიხედვით ჯერ არ არის დანაწილებული, საუბარია გარკვეულ კანდიდატებზე, ვინც შეიძლება იყოს თბილისში და მათ შორის, ერთ-ერთი მეც ვიყავი დასახელებული”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც უდუმაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, ოპოზიცია, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს, შეთანხმებულია არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარული ფრონტით გასვლაზე. გამონაკლისია “ლელო”, რომელსაც საბოლოო პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია და საკუთარ კანდიდატებს ამ ეტაპზე არ ასახელებს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ნაწილდება კვოტები, რომელ პარტიას მაჟორიტარობის რამდენი კანდიდატი ეყოლება, უდუმაშვილი პასუხობს, რომ “მთავარი კრიტერიუმია, რომელი კანდიდატი რომელ ოლქში უფრო ცნობადია და გამარჯვების მეტი შანსი ექნება”. პრაიმერიზების ჩატარებას ოპოზიცია არ გეგმავს.

“არსებობს პოლიტიკკური ფიგურის ცნობადობა, წინა არჩევნების გამოცდილება და ა.შ. პრაიმერიზების გზით ნამდვილად არ წავალთ. ისე უფრო მარტივად შევთანხმდებით”, – ამბობს უდუმაშვილი.

იგი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარულ კანდიდატებზე მარტის შუა რიცხვებისთვის შეთანხმდება.

amo რა დროს ხუმრობაა
4 წლის უკან