ახალი ხელისუფლება მასშტაბური ამნისტიის განხორციელებას აპირებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ამნისტიამ გარკვეული დონით ქვეყანაში კრიმინალი გაზარდოს, მაგრამ ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. ამნისტიის მიზეზი კი ისაა, რომ ციხეში ძალიან ბევრი უკანონო პატიმარი ზის.
„ვიღაცები გამოგვეპარებიან, ვიღაცებს უკან შებრუნება მოუწევთ. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ. ეს ჯანსაღი პროცესია“, - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი.
უკვე ცნობილია, რომ ამნისტია შეეხებათ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, გარდა იმ დანაშაულებისა, რომელიც გარყვნილ ქმედებას, სექსუალური ხასიათის იძულებას გულისხმობს, ასევე, ამნისტია არ შეეხება ადამიანთა ვაჭრობას, სიტყვის თავისუფლების ხელყოფას, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, არჩევნების გაყალბებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, უდანაშაულო პირის განზრახ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, განზრახ უკანონო დაკავებას ან დაპატიმრებას და სხვა.
კანონის ძალაში შესვლის სასურველ თარიღად კანონპროექტში მითითებულია 23 ნოემბერი და მისი აღსრულება უნდა მოხდეს ორი თვის განმავლობაში.
For.ge უფლებადამცველებისგან შეეცადა იმის გარკვევას, გამოიწვევს თუ არა მასშტაბური ამნისტია კრიმინალის ზრდას?!
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ამნისტია სულაც არ არის უპრეცენდენტო და ამაზე გაცილებით დიდი მასშტაბის ამნისტიები განხორციელებულა, თუნდაც, 1992 წელს. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, აღნიშნულმა ამნისტიამ კრიმინოგენური სიტუაცია გაზარდოს, თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ შსს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ ეს არ მოხდეს. უფრო მეტიც, გელა ნიკოლაიშვილის აზრით, იმის შიშმა, რომ ციხიდან გამოსული ათასი კაციდან, შეიძლება, 50 ან თუნდაც 100 კაცი პოტენციურად დამნაშავე იყოს და უკან შებრუნდეს, ხელი არ უნდა შეუშალოს დანარჩენი 950 არასაშიში პიროვნების გარეთ გამოშვებაში.
„ამნისტია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მით უმეტეს, ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი სადისტური რეჟიმი იყო ციხეებში. რა არ გადაიტანა ხალხმა, თანაც, ძალიან ბევრი ადამიანი უდანაშაულოდ ან ხელოვნურად გაბერილი სასჯელით იყო პატიმრობაში“, - აცხადებს უფლებადამცველი.
მისივე თქმით, ამნისტია ყოველთვის ერთჯერადია, მაგრამ არსებობს სხვადასხვა შეღავათი, მათ შორის, ვადამდე პირობითად გათავისუფლება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება და სხვა.
რაც შეეხება შეწყალებულთა სიას და ამ ნიშნით გათვისუფლებულ ნარკომომხმარებლებს და პირველად ჩადენილი დანაშულისთვის გასამართლებულ პირებს, გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებლები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არიან სახიფათონი და ეს უფრო ავადმყოფობაა. პირველად ჩადენილი დანაშაულიც ისეთი მომენტია, რომ ზოგს მართლა აქვს ჩადენილი დანაშაული, ზოგს ბრალი ხელოვნურად აქვს დამძიმებული, ზოგს საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული, ზოგს კი სიღარიბის გამო გადაუდგამს ეს ნაბიჯი. ამდენად, გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ამ ადამიანებს ცხოვრების ხელახალი დაწყებისთვის შანსი უნდა მიეცეთ.
„ამნისტია კონკრეტულ მუხლებს ეხება და არა კონკრეტულ პიროვნებებს. შეწყალება კი კონკრეტულ პიროვნებებს ეხება“, - განმარტავს გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს აქტად მიიჩნევს ამნისტიას და იმედოვნებს, რომ ამით ქვეყანაში კრიმინალური ქმედებები არ გაიზრდება, რადგან დღეს სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაშია, რომ კრიმინალის აღკვეთის უნარი ნამდვილად შესწევს.
მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სახელმწიფოს კრიმინალთან გასამკლავებლად რესურსი არ გააჩნდა და კრიმინალი მძლავრობდა. მეტიც, ადვოკატის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ ნდობა იმიტომ გამოუცხადა, რომ წლების მანძილზე ნულოვანი ტოლერანტობა ხორციელდებოდა წინამორბედ ხელისუფალთა მხრიდან, რომლის თანახმადაც, პატიმრების 80 % უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს. ზოგს წამალი, ზოგსაც იარაღი ჩაუდეს, ზოგიც ფინანსური კუთხით დაიჭირეს, რათა მათგან თანხები გამოეძალათ. ამ უსამართლობამ კი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ამიტომ ადვოკატი მიიჩნევს, რომ სწორად იქცევა ახალი ხელისუფლება, როცა ასეთ ჰუმანურ აქტს ახორციელებს.
„ახალმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში გამომწყვდეულნი. ამიტომ უმცირესობის პოზიცია, თითქოს ამით დანაშაული იმძლავრებს, იმ საშინელი პოლიტიკის გამართლების მცდელობაა, რომელსაც წლების მანძილზე ახორცილებდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ნაციონალებს ახლაც არ აწყობთ ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება, რადგან როგორც კი გამოვლენ, თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას დაიწყებენ და მრავალი ადამიანი საქმის გადასინჯვას მოითხოვს. ამიტომ არ სურთ, ეს ადამიანები გარეთ იხილონ. მათი უმეტესობა ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის პირადი პატიმარი იყო,“ - აცხადებს მამუკა ნოზაძე.
აქვე ადვოკატი შეწყალების კომისიის საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არასწორია ისეთი მიდგომა, რომ მხოლოდ ცალკეული დანაშაულის ჩამდენნი თავისუფლდებიან. ადვოკატის თქმით, პატიმარს რა განაჩენიც აქვს გამოტანილი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ განაჩენებს როგორც უფარდებდნენ, ყველამ კარგად იცის. ზოგიერთს წამალი ჩაუდეს, ზოგსაც 260-ე მუხლის მეორე ან მესამე პუნქტი მიუსადაგეს, რაც ნარკოტიკულ დანაშაულს გულისხმობს. ამით კი სიმართლე ვერ დამტკიცდება. ფაქტობრივად, ერთი პოლიციელის ჩვენების გამო უდანაშაულო ადამიანებს, რიგ შემთხვევაში, 12 წლიან პატიმრობას უსჯიდნენ, სხვა შემთხვევაში კი, - 20 წლიან პატიმრობას.
„ამდენად, თავად პიროვნება უნდა იყოს შესწავლილი და უნდა გაითვალისწინონ ის ტოტალური რეჟიმი, რაც საქართველოში იყო გამეფებული. რაც შეეხებათ ნარკომომხმარებლებს, მათ ციხე კი არ სჭირდებათ, არამედ გამოსასწორებელი დაწესებულება. სახელმწიფომ მათ მიმართ სრულიად სხვაგვარი პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს, ჯანდაცვის კუთხით უნდა მიხედოს ამ პრობლემას და სარეაბილიტაციო ცენტრები შექმნას,“ - ასეთია მამუკა ნოზაძის პოზიცია.
„იმის გამო, რომ თურმე კრიმინალი გაიზრდება ქვეყანაში, ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ჰუმანური აქტი არ გამოსცეს სახელმწიფომ“, - მიიჩნევს ადვოკატი ლალი აფციაური და ის მძიმე რვაწლიანი პერიოდი ახსენდება, რაც ჩვენმა პატიმრებმა გამოიარეს.
„ახლა ამბობენ, რომ ჩვენ დამნაშავეები გვყავს. დიახ, გვეყოლება დამნაშავეები, აბა, არ გვეყოლება?! მაგრამ ის ქვეყანა, რომელსაც ბრეევიკი ჰყავს, ჰუმანურ აქტებს აღარ გამოსცემს? ამნისტიებს აღარ ახორციელებს? მე თუ მკითხავთ, ქურდობის მუხლი ყველაზე მსუბუქი მუხლია მთელ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. მით უფრო, ზოგიერთებს ისეთ რამეებს აბრალებდნენ, რაც არ ჩაუდენიათ. აქედან გამომდინარე, მშვენიერია, თუ სასიკეთოდ რამე გაკეთდება და ადამიანებს ციხიდან გამოუშვებენ“, - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატ ლია მუხაშავრიას აზრით, ამ ადამიანების ციხიდან გამოშვებამ არ შეიძლება გაზარდოს კრიმინალი, რადგან ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან პატიების აქტი. ამდენად, თუ ასეთი დიდსულოვანი ჟესტი კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ვიგულისხმოთ კიდეც, რომ ვისაც ეპატია, მათი მხრიდანაც დიდსულოვნებაა მოსალოდნელი.
„ბოლო წლებში საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რომ არ განხორციელებულიყო, ევროპაში პატიმართა რაოდენობის მხრივ ჩემპიონები არ ვიქნებოდით. ამნისტია ეხება ყველას, კანონის მიხედვით, რა დანაშაულზეც არის განსაზღვრული, ხოლო შეწყალება ეხებათ იმათ, ვინც თვითონ ითხოვს შეწყალებას. მაგალითად, ამნისტია ისედაც შეეხებათ არასრულწლოვნებს, ამდენად, მათ აღარ სჭირდებათ შეწყალების თხოვნა“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.