„ნიკიტა ბალვან“

„ნიკიტა ბალვან“

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და იმდროინდელი სსრკ-ის პირველ პირებზე რამდენიმე სახალისო ისტორიას შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ნიკიტა ხრუშჩოვი იქნება. ეს ადამიანი საქართველოში დღემდე განსაკუთრებით ეჯავრებათ. ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ნიკიტას ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა.

ეს პიროვნება თავისი არაორდინალური ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. არაყი უყვარდა და დათრობის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. სტალინის დროს ნიკიტა იმდროინდელი საბჭოთა „სამეფო კარის“ მასხარას როლს ასრულებდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა, უცხოეთში ყოფნისას თავი არაერთხელ შეირცხვინა. თუნდაც ფეხსაცმლის გახმაურებული „საქმე“ გავიხსენოთ, როდესაც აშშ-ში ვიზიტისას ფეხზე გაიხადა და დარბაზში მყოფ პატივსაცემ საზოგადოებას „ტუფლი“ სულ მაგიდაზე უბრახუნა.

ხრუშჩოვს ქართველები სძულდა და ამ გრძნობას არასოდეს მალავდა. დღევანდელ წერილში ერთ ნაკლებად გახმაურებულ შემთხვევას გაგაცნობთ. ნიკიტა საქართველოში ბრძანდებოდა და წინანდალში მცხოვრებმა თუთიყუშმა მასზე შური იძია. რასაც „უფროსს“ მაშინდელი ქართული პარტიული ნომენკლატურა ვერ უბედავდა, პატარა ჩიტმა გაბედა და ხრუშჩოვს თავისი ადგილი მიუჩინა.

ამ მოგონების ავტორი ბატონი არსენ მუშკუდიანი გახლავთ, რომელიც მაშინ გენსეკის პირად დაცვაში მუშაობდა.

„კაგებეს“ მეცხრე სამმართველოს სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა დაცვის ფუნქცია ეკისრებოდა და ამ უწყებაში ოცი წელი ვიმუშავე. სტალინისა და ბერიას სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა ძველი კადრები დაითხოვა და მე, ერთადერთი ქართველი დავრჩი.

ხრუშჩოვის დაცვაში ვმუშაობდი. თავდაპირველად პერიმეტრის კონტროლი მევალებოდა, მოგვიანებით კი დამაწინაურეს და მის პირად მცველად გადამიყვანეს.

ნიკიტა საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ხრუშჩოვს სტალინი ახალი მოთხრილი ჰყავდა, თბილისში კი დახოცილი მომიტინგეების ცხედრები ნორმალურად გაციებული არ იყო და ამის გამო ნიკიტა ყველა ქართველს სძულდა. საქართველოში გამომგზავრებამდე პირველი პირის დაცვის უფროსმა სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა და გვითხრა: „ყურადღებით იყავით, რომ მას ვინმემ ლაყე კვერცხი და ა. შ. არ ესროლოსო.“

ხრუშჩოვი ენერგიული ადამიანი იყო და ეს თვისება ხშირად აგრესიაში გადაიზრდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი ქართველების მიმართ და თუკი ის ნასვამი იყო, მაშინ საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა.

სსრკ-ის ხელმძღვანელს ნახევარი საქართველო მოატარეს, სიტყვითაც გამოსვლა ყოველდღიურად უწევდა. რასაკვირველია ჩვენს მიმართ აუგს არ იშურებდა, მაგრამ ვინ გაბედავდა მასთან შეკამათებას? მხოლოდ მაშინ გრძნობდნენ ხოლმე განაწყენებული ქართველი პარტმუშაკები შვებას, როდესაც ხრუშჩოვი დათვრებოდა და მაიმუნობას იწყებდა. ამ დროს ჩვენ ყველაზე მეტი სამუშაო გვქონდა და არც ისე ადვილი იყო „აბუინებული“ ნიკიტა სერგეევიჩის დაშოშმინება.

კახეთში ვართ. რომ მოსაღამოვდა წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში მივედით, რათა ღამე იქ გაგვეთია. ხრუშჩოვს ვახშამი გაუშალეს, სუფრაზე საუკეთესო ქართული ღვინოები დაუდგეს, მაგრამ აიჩემა არაყი მინდაო და - ჭაჭა მოუტანეს.

ხრუშჩოვი რომ საკმაოდ გამოილეშა, მუსიკა მოითხოვა და როდესაც ჩაურთეს, ცეკვა დაიწყო. ამ ბუქნაობაში რამდენჯერმე იატაკზე გაგორდა და როდესაც მაიმუნობით გული იჯერა, არყის სმა განაგრძო. მალე საკუთარ თავზე კონტროლი საერთოდ დაკარგა, სუფრიდან ადგა, იატაკზე დაოთხდა და ძაღლივით ყეფა დაიწყო. მისი დაშოშმინება ვცადეთ, მაგრამ დაცვის რამდენიმე წევრს ხელზე უკბინა.

სუფრაზე მსხდომ ქართველებს შევხედე და შევნიშნე, რომ ისინი გულში დასცინოდნენ გაძაღლებულ ხრუშჩოვს, თუმცა სახეზე ეს სიხარული არ ემჩნეოდათ.

დარბაზის ერთ კუთხეში გალია ეკიდა, სადაც ლამაზი თუთიყუში იყო გამომწყვდეული. ხრუშჩოვმა ბრძანა რომ ფრინველი სასწრაფოდ გალიიდან გამოეშვათ. შემდეგ ყველას დაასწრო, ფეხზე წამოდგა, გალიასთან მიიჭრა და კარი გააღო. შეშინებული ფრინველი გარეთ გამოიჭრა და კარადის თავზე დაჯდა. ხრუშჩოვი ჩიტს გაეკიდა, მაგრამ ფეხი დაუცურდა და იატაკზე გაიშხლართა.

უცებ თუთიყუში ადგილს მოსწყდა, ნიკიტასთან მიფრინდა, თავზე დააჯდა, ჯერ თავისი მძლავრი ნისკარტი მას მოტვლეპილ თავში ჩაუკაკუნა, შემდეგ ზედ დაასკინტა და ბოლოს, თუთიყუშებისთვის ჩვეული ხმით ჩაილაპარაკა: „ნიკიტა, ბალ-ვაა-აა-ან“, რის შემდეგაც ადგილს მოსწყდა და ფანჯარაში გაუჩინარდა. თითქმის ყველა ამას ელოდაო, ისეთი სიცილ - ხარხარი ატყდა, რომ ეტყობა, ხრუშჩოვი გონს მოვიდა, ფეხზე წამოდგა და დასკინტული თავით გაუჩინარდა საკუთარ აპარტამენტებში.“

ხრუშჩოვიდან ლეონიდ ბრეჟნევზე გადავიდეთ. წინა საუკუნის 70-იან წლებში გადაცემა „ვრემიაში“ ქვეყნის პირველ პირს ლამის ყოველდღე ვხედავდით. მასზე არაერთი ანეგდოტიც დადიოდა. სიმართლე ითქვას და თავისებურად „კეთილი“ ადამიანი ბრძანდებოდა და ნიკიტასავით ქართველების მიმართ სიძულვილით არ იყო განწყობილი.

სიტყვას კვლავ არსენ მუშკუდიანს გადავცემთ.

„ხრუშჩოვისგან განსხვავებით, ლეონიდ ბრეჟნევი საკმაოდ გულისხმიერი ადამიანი იყო, არც ქართველები სძულდა და მიუხედავად იმისა, რომ სმა მასაც უყვარდა, არასოდეს ჩავარდნილა ღორულ სიტუაციაში.

ლეონიდ ილიჩი მაგარი „ბაბნიკი“ იყო და ხშირ შემთხვევაში, მე მიხდებოდა მასთან ჩუმ პაემანზე მისული ლამაზმანის იმგვარად შეყვანა, რომ ზედმეტ თვალს ეს არ დაენახა.

სამოციანი წლების მიწურულია, ბრეჟნევი საკუთარ ოჯახთან ერთად იალტაში ისვენებს და მეც იქ ვარ. იმ პერიოდში იქვე, იალტაში ძალიან ცნობილი საბჭოთა ქალბატონი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) მართავდა კონცერტებს, რომელიც ამავდროულად მეგობრობდა ბრეჟნევთან.

ერთ დღესაც გენსეკის მეუღლე სოჭში გადაფრინდა და მომღერალი ქალი აგარაკზე ბრეჟნევთან ჩუმად მივიყვანე. წყვილი აბანოში განმარტოვდა.

დაახლოებით ნახევარ საათში ბრეჟნევის ცოლი მოულოდნელად დაბრუნდა და აბანოსკენ გაეშურა. ბოდიშობის დრო არ იყო. გენმდივანთან შევედი და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოვახსენე. ლეონიდ ილიჩი არ დაბნეულა, თავის ლამაზმანს თმებში ჩაავლო ხელი და აუზში ჩააყვინთინა, ხოლო მე კი მოვასწარი, იმ ქალის ტანისამოსი ჩავყარე აუზში.

ბრეჟნევის ცოლი ვერაფერს მიხვდა. ქმარს ორიოდე წუთი ესაუბრა და შემდეგ იქაურობა დატოვა. როგორც კი მეუღლე გავიდა, ლეონიდ ილიჩმა სასწრაფოდ ამოათრია წყლიდან გონწასული ლამაზმანი მომღერალი, რომელსაც უნებლიედ მყვინთაობა მოუწია. მე და ბრეჟნევმა ქალი მოვასულიერეთ. ამ ქალბატონის უკან წაყვანა მე მომიწია და ის ისევე ჩუმად გავიყვანე აგარაკიდან, როგორც შემოვიყვანე.“

ე. წ. „რეტრო“ მოგონებების დასასრულს კიდევ ერთ ისტორიას შემოგთავაზებთ. ბედის ირონიით, ბატონ ილია ნახუცრიშვილს ბრეჟნევის ახლოს გაცნობის პატივი ერგო.

„ჩემი თაობის უნივერსიტეტელებს კარგად ემახსოვრებათ პარტისტორიის ერთი ლექტორი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მის შთამომავლებს გული არ ვატკინო), რომელსაც არაერთი სტუდენტი ჰყავდა გამწარებული. ძველი კომუნისტი, ინტრიგანი და ძაღლი კაცი იყო, რომლისაც ყველას ეშინოდა. მას, თვით სულმნათი, ბატონი ნიკო კეცხოველიც კი ერიდებოდა, რომელიც იმჟამად უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ამ ლექტორმა თავი გაიგიჟა და ნიშანს არ მიწერდა. ისე დამიდგა საქმე, რომ მეოთხე კურსიდან მრიცხავდნენ. გასაჭირი ჩემს მეგობარს, ლევან ალასანიას შევჩივლე, რომელიც მოსკოვში, თეატრალურზე სწავლობდა და ბრწყინვალე პაროდისტი გახლდათ. მან მთხოვა, რომ ნიკო კეცხოველის ბინის ტელეფონი გამეგო და რექტორს მოსკოვიდან აუცილებლად დაურეკავდა.

ლევანი მოსკოვში წავიდა, მე კი ოთხი დღის შემდეგ ბატონმა ნიკომ თავისთან გამომიძახა და მითხრა: „ბიჭო, წუხელ ამხანაგმა ლეონიდ ილიას - ძე ბრეჟნევმა დარეკა და მთხოვა, რომ პარტისტორიასთან დაკავშირებული პრობლემა მოგიგვარო. ვინაა, ბიჭო, ამხანაგი ბრეჟნევი შენიო?’ უცებ დავიბენი, შემდეგ კი მივუგე რომ ახლობელი იყო.

მოკლედ საგანი ჩამაბარებინეს და მომდევნო კურსზეც გადავედი. ამ ამბიდან ერთ წელიწადში ბრეჟნევი საქართველოში ჩამოვიდა. კეცხოველმა თავისთან დამიბარა, - ბრეჟნევი ზეგ ჩვენთან, უნივერსიტეტში მოდის და სტუდენტების სახელით შენ უნდა გამოხვიდე საზეიმო სხდომაზე და მისასალმებელი სიტყვა წაიკითხოო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვაც წავიკითხე და შემდეგ ბანკეტზეც დამასწრეს, რომელიც რესტორან „არაგვში“ ჩატარდა. გენერალური მდივანი საკმაოდ ჩაბუჟბუჟდა და უცებ თითით მომიხმო (მე, მის მოპირდაპირე მხარეს ვიჯექი ბატონ ნიკოსთან ერთად) და მეუბნება: „ამხანაგო ნახუცრიშვილი, თქვენმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ღირსეული და ნიჭიერი ახალგაზრდობა ეზრდებაო“. შემდეგ ბრეჟნევმა, ჩემთან ერთად ვახტანგურად დალია, გვერდით მომისვა და სუფრის ბოლომდე არ მომიშორა.“