უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებს სოლიდარობას უცხადებს და მათთან ერთად კარანტინში დარჩება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებს სოლიდარობას უცხადებს და მათთან ერთად კარანტინში დარჩება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად კარანტინში დარჩება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ზორიანა სკალეცკაიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებს ქვები დაუშინეს.

„გადაწყვეტილება მივიღე შევუერთდე დაკვირვების ქვეშ მყოფ ხალხს. მათთან ერთად შემდეგ 14 დღეს გავატარებ ერთ სივრცესა და პირობებში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ყოფნა დაამშვიდებს მათ, ვინც ახალ სანჟარებშია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხალხი ჩვენი თანამემაულეები არიან, ისინი ჩვენთვის უცხოები არ არიან. ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მათ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა მან.

უკრაინაში აქციის მონაწილეების ნაწილი თავს დაესხა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს. შემთხვევა ქალაქ ნოვიე სანჟარიში მოხდა. მომიტინგეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ცხრა სამართალდამცველი და აქციის ერთი მონაწილე დაშავდნენ.