წინა ხელისუფლების დასაკავებელი მაღალჩონოსნების რაოდენობა იზრდება. როგორც ჩანს, ამ სიაში უკვე ყოფილი შს მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილიც მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერაბიშვილის მიერ 2006 წელს კანონდარღვევის ფაქტს მთავარი პროკურატურა შეისწავლის. ამის შესახებ განცხადება შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გააკეთა.
მისი თქმით, მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლდნენ, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ხელი შეეშლებოდა.
„სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში შესაბამის დეპარტამენტებს სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ. მათ ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. შესაბამისად საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც გიორგობიანის განცხადებით, ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურეობრივი ფუნქციონირების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და ამიტომ მასალები დღეს შესასწავლად პროკურატურას გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში თბილისში, შარდენ ბარში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს და ცემით მოკლეს. შელაპარაკების ადგილზე „შარდენ ბარში“ მაშინ სუფრას უსხდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, შსს-ს ოფიცერი ოლეგ მელნიკოვი და შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია.
საქართველოს სასამართლომ პასუხისგებაში მისცა ოთხი პოლიციელი ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური, რომლებსაც ჯერ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, შემდეგ სასჯელი გაუნახევრდათ და ბოლოს ისინი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებდა. ამიტომ, ოჯახი თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქმის იმ მიმართულებით წაყვანას, თითქოს, გირგვლიანის მკვლელობა ჩვეულებრივი კრიმინალი იყო და „შარდენ ბარში“ მყოფ პირებს ამ საქმესთან არაფერი აკავშირებდათ.
გირგვლიანის ოჯახმა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მოიგო. გადაწყვეტილება ევროსასამართლომ 2011 წლის აპრილში გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლების პატივისცემის შესახებ. სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქმეს არასწორად იძიებდა და სასამართლო გამოძიების პროცესიც არაეფექტურად შეაფასა. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩლე გურამ გირგვლიანის მოთხოვნა მორალური ზიანის კომპენსირების შესახებ - მის სასარგებლოდ საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ამასთანავე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მცდელობით ხელი შეეშალათ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, მიუხედავად ასეთი უმძიმესი დანაშაულისა“. კერძოდ, საუბარია შს სამინისტროს ქმედებებზე გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის გულგრილობაზე გამოძიებისადმი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე ბრალდებულთა ერთ საკანში მოთავსებაზე, ეროვნული სასამართლოების მიერ სასამართლო პროცესის არასათანადოდ ჩატარებაზე და მსჯავრდებულთა ნაადრევ გათავისუფლებაზე, და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტის არაგონივრულ თანაგრძნობაზე მსჯავრდებულთა მიმართ.
ევროპული სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია იყო იმ ფაქტით, რომ ეროვნულმა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სასამართლო განხილვის დროს ლევან ბუხაიძის მიერ მიცემულ ცალსახა ჩვენებას, რომ მეოთხე პირი, ვინც მისი და სანდრო გირგვლიანის ცემაში მონაწილეობდა იყო ოლეგ მელნიკოვი. აღნიშნული სერიოზული ბრალდება სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირდაპირი მსხვერპლის ჩვენება. ევროპული სასამართლოს აზრით, ოლეგ მელნიკოვის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომელიც ინციდენტის ღამეს კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში იყო, ფაქტობრივად, დაადასტურებდა დაზარალებული მხარის ბრალდებებს, რომ არსებობდა თანამონაწილეობა დამნაშავეებსა და კაფეში მყოფ პირებს შორის. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც დამნაშავეებსა და კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში მყოფი პირების კავშირზე მიუთითებდა, თუმცა, გამოძიებამ, ისევე, როგორც სასამართლომ, ამ დეტალების გამოკვლევა არ ისურვა.
გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი და ამჟამად პარლამენტის დეპუტატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ამ საქმეში ამოსავალი, ალბათ, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლო განხილვებით არ იქნა უარყოფილი დაზარალებული მიერ გამოთქმული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დანაშაულთან „შარდენ ბარში“ სუფრაზე მყოფ პირებს ჰქონდათ კავშირი. ადვოკატის თქმით, ამ ეჭვის საფუძველს იძლეოდა ის გარემოება, რომ არც გამოძიებამ და არც სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული ოთხი პირისა და „შარდენ ბარის“ სუფრის წევრების სატელეფონო საუბრების სრულყოფილი ამონაბეჭდის ამოღება არ მოახდინა. ამ ამონაწერებით კი სუფრის წევრებსა და მსჯავრდებულებს შორის კავშირის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი.
„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის მიერ ეს ამონაწერი (მინიმუმ იმ ოთხი ბრალდებულის სატელეფონო საუბრების) ამოღებული იყო. უფრო მეტიც, ეს ამონაწერი იყო არა 12 საათის (რასაც ჩვენ ვითხოვდით, რომ იმ ღამის ამონაწერი ამოგვეღო), არამედ 10 დღის მონაკვეთით. კერძოდ, ხუთი დღე ამ დანაშაულამდე, ანუ 26 იანვრამდე და ხუთი დღე დანაშაულის შემდეგ. ეს ამონაბეჭდი შემდეგ სასამართლომ კანონიერად სცნო, როგორც მტკიცებულება. მოგვიანებით, როდესაც საქმე პროკურატურაში გადავიდა, ეს დაკანონებული მტკიცებულებები საქმეში აღარ აღმოჩნდა და პროკურატურამ იგივე პირების მიმართ ხელახლა ამოიღო ამონაწერები, მაგრამ უკვე ფრაგმენტული, ერთი საათის, 45 წუთის მონაკვეთებით, რაც არაფრის მთქმელი იყო“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.
მისი თქმით, ამით პროკურატურამ მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. მას ხელთ ჰქონდა შს სამინისტროს მიერ მოპოვებული ამონაბეჭდი, რაც სუფრის წევრებსა და ბრალდებულებს შორის კავშირს ააშკარავებდა. ამიტომ, საქმიდან ეს ამონაბეჭდი გაქრა და მასში არაფრის მთქმელი ფრაგმენტული ამონაწერები გაჩნდა. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სატელეფონო კავშირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია დაიმალა.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ბრალდებულებსა და სუფრის წევრებს შორის კავშირთან დაკავშირებით ეჭვს ქმნიდა იყო ის, რომ გამოძიებამ ბადრი პატარკაციშვილის სახლზე დამონტაჟებული ვიდეო-თვალის სრული ჩანაწერი არ წარმოადგინა. შავგულიძე ამბობს, რომ ამ ვიდეო-თვალს თბილისი-კოჯრის გზაზე მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალება ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც იმ ღამეს და დღის სამ საათამდე (ვიდრე ეს ჩანაწერი ამოიღეს) გაიარა.
„საქმეში არის მხოლოდ 67 წამიანი მონაკვეთი შესაბამისი ოთხი ფოტოსურათი, სადაც მხოლოდ ის „ემელის“ მოდელის მერსედესის ჯიპია ასახული, რომლითაც ბუხაიძე და გირგვლიანი გაიტაცეს. ჩვენ სრულ ვიდეო-მასალის გაცნობას ვითხოვდით, რაც გამოძიების მიერ იყო ამოღებული, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს. უფრო მეტიც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც დასვა ეს საკითხი და ეს მასალა მასაც კი არ მიაწოდეს. ამდენად, დამალეს ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც იმ გზაზე მთელი ღამის განმავლობაში მოძრავი მანქანები იყო ასახული. ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზაზე სუფრის წევრების მანქანების გადაადგილდებოდნენ“, - აღნიშნავს ადვოკატი.
ვინაიდან ეს მასალა ევროსასამართლოსაც დაუმალეს, სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის 38-ე მუხლის დარღვევაც სცნო, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოთხოვნა არ დაუყენებია. ეს მუხლი კი ევროპულ სასამართლოსთან სახელმწიფოს არასათანადო თანამშრომლობას ითვალისწინებს. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეს და კიდევ სხვა გარემოებები ამყარებენ ეჭვს, რომ სუფრის წევრებსა და ამ დანაშაულს შორის იყო კავშირი, რადგან ყველა მცდელობა, რომ ეს კავშირის დადგენილიყო, როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლო უწყებების მიერ იბლოკებოდა. ადვოკატის განცხადებით, სწორედ ამიტომ ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არასრულად, ტენდენციურად, მიკერძოებულად ჩატარდა. ამიტომ, ევროსასამართლომ კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლების დარღვევა) პროცედურულ ნაწილში დარღვეულად სცნო და ამ უფლების აღდგენა ხელახალი გამოძიებით უნდა მოხდეს.
შალვა შავგულიძე იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას, რითაც ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს.