ქართული კონფორმიზმი „დედა ენის“  წინააღმდეგ

ქართული კონფორმიზმი „დედა ენის“ წინააღმდეგ

მეორეკლასელი ლუკა მშობლიურ ენას ნათელა მაღლაკელიძის იმ სახელმძღვანელოთი სწავლობს, რომელსაც განათლებოს სამინისტროს გრიფი 2011 წელს მიენიჭა.

სახელმძღვანელოს პირველი მოთხრობა  -  „ბრძენი კუ“,  აღმოსავლური ლეგენდაა სიბრძნის თაობაზე.  კუ გადაწყვეტს სიბრძნე  შეაგროვოს და ყველაზე ჭკვიანი გახდეს. ზღაპარი ბავშვის ლექსიკონს  ორი ახალი სიტყვით ამდიდრებს:  „გამოქურთნა“ და „ნაქურჩალი“. კონტექსტი ასეთია: „კუმ გოგრა გამოქურთნა, შიგ სიბრძნე ჩადო და  ნაქურჩალით თავი მოუკრა“.  ლუკა დიდ ძალისხმევას ხარჯავს ახალი სიტყვების გაგებასა და დამახსოვრებაზე.  თუმცა, საეჭვოა, ყოველდღიურ საუბარში ახლადნასწავლი სიტყვები  გამოიყენოს.

სუხომლინსკის მოთხრობა „ნამდვილ ადამიანი“  დიდაქტიკური შინაარსისაა და სიკეთეზე  მოგვითხრობს.  დავალება მოითხოვს ბავშვებმა მთელი მოთხრობა რამდენიმე სურათად დაალაგონ, რაც, ცოტა არ იყოს, უჭირთ. მითუმეტეს, როცა,  მოთხრობის პირველი და მეორე წინადადებები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში არ არის:  „ცხელ, უწყლო ველზე ჭაა ამოყვანილი, ქოხში პაპა და შვილიშვილი ცხოვრობენ“ .  პირველ წინადადებაში საუბარი  ჭაზე და ველზე იყო. საიდან გაჩნდა აქ ქოხი? სუხომლინსკი საკმაოდ კარგი მწერალია. სავარაუდოდ, ალოგიკური გადასვლები თარგმანის   შედეგია.  ლუკას უჭირს სურათის აღწერა. მისი გონება ქოხის არსებობის ფაქტს ვერ იმახსოვრებს. გამოსავალს უცებ პოულობს:   მოყოლას სწორედ ქოხით იწყებს, რომელიც ცხელ ველზე დგას.

სახელმძღვანელო კალენდარულ პრინციპს მისდევს - სექტემბერში  შემოდგომის თემა პრევალირებს:  აგრილება, ყვითელი ფოთლები, ვენახები, ზვრები და, რა თქმა უნდა,  რთველი. მოთხრობების მოქმედების არეალი ძირითადად სოფელია. უფრო მეტიც - მოთხრობიდან მოთხრობაში სოფლისა და გლეხური მეურნეობის იდეალიზაციაც ხდება.  პერსონაჟები არიან  ბებია, პაპა, ან ბაბუა (გაჩნია, ავტორის კუთხობრივ წარმომავლობას), ასევე, შვილიშვილები, რომლებიც ხილ-ხულსა და ჩურჩხელებს დასტიალებენ. უცნაურია, მაგრამ ქალაქური გარემო ტექსტებში სულ რამოდენიმეჯერ გვხვდება. არადა, გოგებაშვილის დედა ენის მთავარ ნაკლად მისი არქაულობას მიიჩნევდნენ.  საკითხავია, რით არის უფრო თანამედროვე ქართული ენის მაღლაკელიძისეული  სახელმძღვანელო?

მურმან ლებანიძის ლექსს „რატომ მიყვარს შემოდგომა“, ბავშვების უმეტესობა ცუდად იმახსოვრებს. არც არის გასაკვირი: „რატომ უყვარს შემოდგომა, ყველას, დიდს, თუ პატარას..?“,  „...იმიტომ , რომ ვენახს კრეფენ, ქვევრებს რეცხენ ღიპიანს, იმიტომ რომ რაც ხილია, ყველა ხილი მწიფეა“.  მურმან ლებანიძე  ქართულ სულს ყოველთვის ზრდიდა, მაგრამ  საკითხავია, რატომ  შეარჩიეს  ლექსი, რომლის ლიტერატურული ღირსება  სადავოა?

მეორე კლასის ქართული ენის კრებული  დიდაქტიკისა და აღწერილობითი მოთხრობების ნაზავია. დიდაქტიკა სხვადასხვა ერების ზღაპრებით არის წარმოდგენილი, წელიწადის დრონი კი თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობებით. ახალ წელს ბავშვებს მუხრან მაჭავარიანის ლექსსაც აზეპირებინებენ, რომლის მგრგვინავმა ინტონაციამ პატარების ცნობიერებაში მყუდრო ოჯახური დღესასწაული ურაპატრიოტულ განწყობილებას უნდა მიაბას:  „გილოცავ, გილოცავ, ახალ წელს გილოცავ, შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს!“.... „- ცრემლები? ცრემლებზე ბოდიში!  - ღიმილი? რამდენიც გინდა!“ -  ტიპიური საბჭოთა სტილისტიკაა! როგორ არ გაგახსენდება მომღერალ კობზონის  ჰიტი: „Солнечному миру – да, да, да!“. გაუგებარია, რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ეს ლექსი? მუხრან მაჭავარიანი, ლებანიძის მსგავსად, დიდი პოეტია, მაგრამ მისი  შემოქმედების  საუკეთესო ნიმუშებიც  კი   მეორეკლასელებისთვის, ალბათ,  ნაადრევია.  

სახელმძღვანელო სავსე ტექსტებით, რომელთა  გრძელი წინადადებები პატარების ნორჩ გონებას ამძიმებს: ქართული ენის  სტანდარტების შემდგენელები, როგორც ჩანს, 7 წლის ბავშვებისგან ზრდასრული ადამიანის აზროვნების უნარს მოითხოვენ და ტექსტურ მასალას წინადადებების სირთულის მიხედვით აფასებენ – პატარა უნდა მიეჩვიოს აღწერილობითი ხასიათის აზრების გამოთქმას რამდენიმე  მოკლე წინადადების გადაბმით. მაგალითად: „ბაჭია უკანა თათებზე დასკუპდა, ყურები ააცანცარა, სასაცილოდ დაჭყიტა თვალები, ერთი ისკუპა, ღობეს გადაევლო და ტყისკენ მოკურცხლა“...  

ლუკა კითხულობს და  ინტერესს კარგავს, მას აღარ ესმის, რა ხდება მოთხრობაში.  აღარც  ბაჭიის მოქმედებათა გრძელი თანმიმდევრობის მოყოლა სურს. მსგავს პასაჟებზე ლუკა ოხვრით ამბობს: „მინდა უსწავლელი ვიყო“ და მაღლაკელიძის „ქართულზე“ თავჩამოდებული, ვითომდა იძინებს - მერე,  თავს წამოწევს და ამბობს: „მოდი, „დედა ენა”  წავიკითხოთ“,  და გოგებაშვილის წიგნს ხალისით ფურცლავს.

გოგებაშვილის „დედა ენის“ მეორე ნაწილი -  საკითხავი წიგნი ანბანის შემდეგ,  ხალხური სიმღერით იწყება - „თხა და ვენახის“ რიტმი ბავშვს ართობს; ადვილადაც იმახსოვრებს. ამას მოსდევს  „რწყილი და ჭიანჭველა“,  „თხა და გიგო“, „ჩიტი და მელა“,  ხალხური ლექსები: „კურდღლის სიზმარი“, „საწყალი მელა“,  „მზე და მთვარე“, მისტიური „საბრალო დედაბრისასა“;   ჭკუის სასწავლი  უამრავი პატარა მოთხრობა, რომელთა რეზიუმე ესა თუ ის ანდაზაა;  მარტივად აწყობილი „სასაუბროები“ ბავშვს მისთვის მისაწვდომი საგნების სფეროს აცნობს;  აქ შემოდის ფერის, სუნის,  გემოს კატეგორიები;  საგნების მასალა და მათი აგებულება;    სხვადასხვა გრამატიკული წესების დასასწავლი და ლექსიკის გასამდიდრებელი  „საპასუხოები“; გენიალურად აღწერილი შინაური, თუ გარეული ფრინველები, ცხოველები -  ყველა ეს მოთხრობა იუმორით სავსე პატარა შედევრია. ტექსტების გართულებისა და ბავშვის გონების გახსნის კვალდაკვალ იწყება გეოგრაფიული, თუ ისტორიული თემები: ბუნების მოვლენები, ბუნების პატივისცემა და გაფრთხილება;  საქართველო, მისი კუთხეების მიმოხილვა, მცხოვრებთა  ზნე-ხასიათის აღწერა, ისტორიული მოთხრობები...

პატარა ლუკას ინტერესი გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ არ ცხრება: ის მიყოლებით კითხულობს რამდენიმე მოთხრობას. სიამოვნებით ერთვება „საპასუხოებისა“ და „სასაუბროების“ თამაშში. ადვილად იმახსოვრებს ლექსებს; არ აბრკოლებს არქაიზმები.

გოგებაშვილის „დედა ენა“ იდუმალი ზღაპრებითაა სავსე;  ბავშვს მყარად  აკავშირებს ქართულ ფესვებთან  და  მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე,  მის იდენტობას განსაზღვრავს. თამამად შეიძლება ითქვას: ყველა ბავშვი, რომელიც  მშობლიურ  წერა - კითხვასა და სიტყვიერებას გოგებაშვილის წიგნებით ისწავლის, სადაც  უნდა იყოს, რომელ ქვეყანაშიც  უნდა იცხოვროს - ყოველთვის ქართველად დარჩება.  ქართველმა შესაძლოა არასდროს წაიკითხოს   კლასიკოსები,   მაგრამ „იაკობის სახარება“  -  მისი პირველი სიტყვები „აი ია“, სასაუბროები, ანდაზები და მოთხრობები  სამუდამოდ  რჩება ცნობიერებაში. ლუკა დაუღალავად კითხულობს, იზეპირებს ლექსებს და თავის ცოდნას ყველას უზიარებს: „ნათელმა მთვარემა ბრძანა, ბევრით მე ვჯობივარ მზესა, დაჯდა, დასწერა წიგნები, ზენა ქარი მიათრევსა“....მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიტყვა მისთვის უცნობია, შინაარსი  კი  სიმბოლური, ბავშვს არ უჭირს გაგება - ხალხური ლექსის აზრს  გუმანით  წვდება.

გოგებაშვილმა - გენიალურმა  პედაგოგმა და მოაზროვნემ, კარგად იცოდა  ბავშვის ფსიქიკა და მისი აღქმის თავისებურებები.  გოგებაშვილის „დედა ენის“ წყალობით, პატარა ლუკასთვის  წიგნთან ურთიერთობას სიხარული მოაქვს. სწორედ ეს გახლავთ გოგებაშვილის პედაგოგიკის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი.

მაღლაკელიძის სახელმძღვანელო 60 მოთხრობისა და ლექსის კრებულია, მართალია აქა-იქ  გვაქვს გოგებაშვილიც, წერეთელიც და ვაჟა ფშაველაც.  მაგრამ  მთელი რიგი უინტერესო  ტექსტების გამო,   ბავშვს წიგნის მიმართ  უარყოფითი დამოკიდებულება უვითარდება.   სწავლის პროცესი სრულიად მოკლებულია  სიხალისეს. „სიხარული ბავშვისთვის და მისი ბუნებისთვის ისეთივე  საჭირო სტიქიაა, როგორც წყალი თევზისთვის. გულმოსაკლავია ზეპირობა გაუგებარი სიტყვების“ - წერს გოგებაშვილი ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში.

საინტერესოა, რით იხელმძღვანელეს სამინისტროს სპეციალური კომისიის წევრებმა წიგნისთვის გრიფის მინიჭებისას?

მაღლაკელიძის სახელმძღვანელოსადმი მიძღვნილ  რეზენციებში,  რეგალიებით დამძიმებული სპეციალისტები  წიგნის მთავარ ღირსებას უსვამენ ხაზს - რომ,  სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შეესაბმება;  აღნიშნავენ, რომ „სახელმძღვანელო მოზარდებში სააზროვნო და ენობრივი უნარების განვითარებისთვის არის გამიზნული“ (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გუჩა კვარაცხელია);   „წიგნში ყურადღება ეთმობა სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას;   ასევე, მეტაკოგნიტური კომპეტენციების დაუფლებას. გრამატიკის, ლექსიკოლოგიისა თუ ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები ტექსტებს უკავშირდება , მოწოდებულია არა თეორიული აღწერისა და მეცნიერული დეფინიციების საშუალებით, არამედ, პრაქტიკული გავარჯიშების გზით“.  (ირინა სამსონია, ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი). სამეცნიერო ტერმინებით გავსებულ   ამ შეფასებებში გამოსჭვივის სურვილი, რაც შეიძლება გაუგებარი გახადონ აზრი.  გებადება განცდა, რომ  რეცენზიების ბუნდოვანება და  ლათინური ტერმინებით  გადატვირთვა, ერთ მიზანს ემსახურება - არ თქვან ის, რასაც სინამდვილეში წიგნის შესახებ ფიქრობენ   და აშკარა მლიქვნელობაშიც არ დასდონ ბრალი.

საინტერესოა, რატომ  თვლიან  ავტორიტეტები   სახელმძღვანელოს ღირსებად  გრამატიკის საკითხების „მეცნიერული  დეფინიციების“  გამოუყენებლად სწავლებას?  ან,  როგორ უნდა განუვითარდეს შვიდი წლის ნორჩებს მეტაკოგნიტური უნარები -   როგორ უნდა გაიაზრონ მათ საკუთარი შემეცნებისა და ცოდნის დონე,  როცა მსგავსი უნარებით, ხშირად მოზრდილებიც  ვერ დაიკვეხნიან?

დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების შედგენა,  განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ერთ ცნობილ  მწერალს კითხეს, საბავშვო მოთხრობები როგორ უნდა დაიწეროსო.  უპასუხა, უნდა დაიწეროს ისე, როგორც დიდებისთვის, ოღონდ გაცილებით უკეთესადო.

24-ე სკოლის დირექტორის, გია მურღულიას თქმით, ქართულის სახელმძღვანელოს შემფასებლებს, ტექსტის ღირსება და ავტორის სახელი უფრო აინტერესებთ, ვიდრე  ის შედეგი, რომელიც კონკრეტულმა ტექსტმა  უნდა მოუტანოს ბავშვს. იაკობ გოგებაშვილის შედგენილ  „დედა ენის“ ყველა წიგნში ამოსავალი წერტილი  მოწაფე და მისი ასაკის შესაბამისი განვითარების დონეა - „გოგებაშვილის პრინციპი ჩვენი დაწყებითი განათლების საფუძველი უნდა იყოს - ამბობს მურღულია - ეს პრინციპი უნივერსალური და აპრობირებულია“.

მურღულიას თქმით,  სახელმძღვანელოების შემდგენელებს, ხანდახან პედაგოგიური გემოვნება ღალატობთ;  „ამის უმთავრესი მიზეზი  ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგიის არასრული ცოდნაა. არ შეიძლება სახელმძღვანელო პედაგოგიურად უფუნქციო იყოს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ბავშვის აღქმის უნარი და მისი ინტერესების სფერო.  ამას გარდა, პრობლემას ქმნის საგნობრივი სტანდარტები, რომლებიც  არა მხოლოდ დაწყებით კლასებში,  არამედ დამამთავრებლებშიც, სასაცილოდ მაღალია.  მე–11, მე-12 კლასების სტანდარტს ლიტერატურაში, ჩემი აზრით მხოლოდ რამოდენიმე ლიტერატურის მცოდნე აკმაყოფილებს. საუბარი აღარ მაქვს ისეთი საგნებზე,  როგორიცაა სპორტი, ან მუსიკა. სპორტში მოსწავლეს ჩემპიონობა მოეთხოვება. მუსიკაში კი ორკესტრის დირიჟორობა. სასწავლო გეგმა პირველ რიგში გონივრული უნდა იყოს“.

„დედა ენისთვის“ ტექსტების შერჩევისას, გოგებაშვილმა უპირატესობა ხალხურ შემოქმედებას - ლექსებს,  ზღაპრებს, ანდაზებსა და გამოცანებს მიანიჭა: „ეს არის მარტივი, ცოცხალი ენა, რომელშიც ჩვენი ხალხის ჭკუა - გონებაა გამოხატული;  ეს არის ხალხის გონებისა და ნაფიქრის მთელი სიმდიდრე, რომლის ნამოქმედარის შესწავლა ბავშვს აკავშირებს ერის სულთან და გულთან. მის სულს ავსებს მხნეობით და ღონით“.

გოგებაშვილის „დედა ენა“ ბოლოს 1912 წელს დაიბეჭდა. ამ გამოცემის მიხედვით, 1976 წელს ხელახლა გამოიცა „დედა ენის“  წიგნები და „ბუნების კარი“, რომელიც  ბევრი იმდროინდელი მკითხველისთვის  აღმოჩენა იყო.

გოგებაშვილის აზრით, წიგნის პედაგოგიური პრინციპი უცვლელი უნდა დარჩენილიყო, ტექსტები კი, პერიოდულად განახლებულიყო, რაც,  მოგვიანებით ვალერიან რამიშვილმა გააკეთა. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, მასწავლებელთა საკავშირო ყრილობაზე, საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს თავიანთი საგანმანათლებლო სისტემის გააზრებისა და ალტერნატიული იდეების შემუშავების უფლება მისცეს.  საბჭოეთის უნიფიცირებულ სისტემაში ეს დიდი შეღავათი იყო. საბჭოთა კავშირი ამ ყრილობის შემდგომ,  რამდენიმე წელიწადში დაიშალა.  დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში, დაწყებით კლასებისთვის უამრავი სახლმძღვანელო შეიქმნა, მაგრამ გოგებაშვილის სადარი - ვერაფერი! ის დღემდე რჩება  საუკეთესო სტანდარტად, რომელიც იდეალურად ესადაგება ჩვენი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.

დაწყებითი კლასების ყველა სახელმძღვანელოს ავტორი ამტკიცებს, რომ გოგებაშვილის პრინციპების გამგრძელებელია, რაც უმეტეს შემთხვევაში რეალობას არ შეესაბამება.

სახელმძღვანელოების შედგენა და გამოცემა დიდი ბიზნესია. ასე იყო გოგებაშვილის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ მის „დედა ენას“ უამრავი გამკილავი ყავდა, გენიალურმა წიგნმა იოლად იპოვა გზა სკოლებისა და მკითხველისაკენ. „დედა ენის“ წიგნებისა და „ბუნების კარის“ გაყიდვამ  გოგებაშვილს 40 ათასი რუბლი მოუტანა ოქროთი, რაც იმ  დროისთვის  ძალიან დიდი თანხა იყო. ეს ფული გოგებაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას  გადასცა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,  სახელმძღვანელოების ბიზნესში   სპეციალისტებთან ერთად, ბევრი იოლად გამდიდრების მსურველიც ჩაერთო. გრიფმინიჭებული წიგნი გარანტირებულ შემოსავალს იძლევა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი, სამინისტროს კომისიების მხრიდან მოწონების მიუხედავად,  კრიტიკას ვერ უძლებს. „ჩვენში, ძალიან ხშირად, სტანდარტების შემფასებლებად მისივე დამწესებლები გვევლინებიან. ამიტომ, ხარვეზები არ უნდა გაგვიკვირდეს“ - ამბობს მურღულია.  

ახალი, საეჭვო ღირებულების სახელმძღვანელოების შემხედვარე, ბევრი ფილოლოგი და პედაგოგი უპრიანად მიიჩნევს გოგებაშვილის წიგნის დაბრუნებას, ოღონდ , აუცილებელი მოდერნიზაციის შემდგომ .  გოგებაშვილის  შედევრები  დროის გამოცდას უძლებს,  მაგრამ „დედა ენის“  ტექსტების სტილისტიკასა და ლექსიკას გათანამედროვება სჭირდება. ფაქტია, გოგებაშვილზე უკეთესი დღეს ჩვენ არაფერი გვაქვს.   მშობელთა და პედაგოგთა უმეტესობას დაწყებითი კლასის წიგნებზე ნეგატიური აზრი აქვს.  სამწუხაროდ,  ქართული ტრადიციული კონფორმიზმისა და ყალბი კოლეგიალობის გამო, პედაგოგებმა და ფილოლოგებმა აზრის გამოთქმა საჯაროდ არ მოისურვეს.  ასე პოულობენ  გზას სკოლებისკენ  მსგავსი სახელმძღვანელოები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ  წაგებულები რჩებიან  ბავშვები.