„ლაციოს“ ფანმა, შეყვარებულს ხელი „სტადიო ოლიმპიკოზე“, „ლაციო“-„ინტერის“ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სთხოვა. ბიანკოჩელესტეს ქომაგმა ორიგინალურ ხერხს მიმართა და დახმარება ბურთის მიმწოდებელ ბიჭებს სთხოვა, რომლებიც მოედნის გასწვრივ ისე განლაგდნენ, რომ მათ მაისურებზე ტრადიციული შეკითხვა გამოსახულიყო: „ცოლად გამომყვები?“, - ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ი ავრცელებს.
როგორც ასეთ საზეიმო შემთხვევებში ხდება ხოლმე, კითხვის ადრესატს უარი არ უთქვამს. „ლაციოს“ გულშემატკივარმა საყვარელ ადამიანს ბეჭედი სარბენ ბილიკებზე გაუკეთა, სულ მალე კი ორმაგად გაიხარა, რადგან დედაქალაქელებმა „ინტერს“ 2:1 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.