ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების გაკოტრებული სახე; საზოგადოება ამას ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე განაჩენს გამოუტანს, - ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაურის გამო ვერ იწყებოდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ტექნიკური შესვენებაც გამოაცხადა, თუმცა, სხდომა შესვენების ამოწურვის შემდეგაც ვერ განახლდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. მათი განცხადებით, სურთ დეპუტატებს პოლიტპატიმრების სია დაურიგონ.
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავონ ან ტერიტორია დატოვონ, რასაც დეპუტატები არ ემორჩილებიან.
„ეს ადამიანები ცდილობენ დესტრუქციის შემოტანას ყველაფერში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების გაკოტრებული სახე. არ გაგიკვირდეთ, საზოგადოება ამას ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე განაჩენს გამოუტანს, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ.