მიხეილ კალანდიას ბიძა: ზაზა სარალიძემ მშვენივრად იცის ვინ დაიწყო ჩხუბი

მიხეილ კალანდიას ბიძა: ზაზა სარალიძემ მშვენივრად იცის ვინ დაიწყო ჩხუბი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბევრი ადამიანი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა და საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია.

„ძალიან ბევრი ამ საქმეზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა. ხელისუფლებას იმის ნაცვლად, რომ საქმე გამოეძიებინა და სრულყოფილი გამოძიება ჩაეტარებინა, ელემენტარულ რაღაცებზე, როგორიც არის მაგალითად ფარდულის ეპიზოდი, ექსპერტიზაზე სრულიად წარმოუდგენელი პასუხები მოვიდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ საგანი, რომელიც გამოსახულია, ზუსტად 3 სმ იყო. რა თქმა უნდა, 3 სანტიმეტრი დანით ვერავის მოკლავ, მაგრამ რადგან ეს თემაში არ ჯდება, მოსახლეობას ისევ ინფორმაციაულ ვაკუუმში ტოვებენ. ასეთი პატარ-პატარა ხრიკებით მიაღწიეს იმას, რომ მითი შექმნეს", - განაცხადა მიხეილ კალანდიას ბიძამ.

კაკუბავას თქმით, კალანდიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავის სრულყოფილად დაცვის საშუალება არ ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ვიდრე ზურაბ თოდუა არ მოვიდა, არ მოგვეცა საშუალება, რომ თავი სრულყოფილად დაგვეცვა, ანუ დაცვის უფლება ნამდვილად შეგვეზღუდა. კრიმინალურ პოლიციას იმის მაგივრად, რომ საქმე გამოეძიებინა, ვაჭრობა საკმაოდ მიუღებელი ხერხებით დაიწყო. მან მოაგზავნა ადვოკატი ანა კოტეტიშვილი, რომელმაც ეს სასამართლო დახურა. რომელმაც შესძლო და მოწმეების კუთხით სრულიად შეგვზღუდა. ჩასვა მხოლოდ ის ხალხი, ვინც პროკურატრამ მიუთითა",-აცხადებს დიმიტრი კაკუბავა.

მისი ვარაუდით, ზაზა სარალიძემ იცის, რა მოხდა რეალურად ხორავას ქუჩაზე.

„ჩემთვის ეს მართლაც წარმოუდგენელი ტრაგედიაა, მაგრამ ადამიანურად მიმაჩნია, რომ ზაზა სარალიძემ მშვენივრად იცოდა ყველაფერი, მან იცის ვინ დაიწყო ჩხუბი, იცის, რა მოხდა. მან მშვენივრად იცის, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. სამწუხაროდ, ჩემი მრავალჯერადი მცდელობაა თქვას, რატომ ადებს ხელს მიშა კალანდიას, ვინ უთხრა მას, რომ მიშა კალანდიას ეჭირა ხელში დანა და მოკლა. ერთხელ მაინც გააჟღეროს",-აცხადებს მიხეილ კალანდიას ბიძა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.