სახელმწიფო სტრუქტურებიდან თანამშრომელთა დათხოვნა გრძელდება, ხოლო ჯანდაცვის სისტემა კი ურუშაძის თარგზე იჭრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ეროვნულ ცენტრში თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ კომენტირებისას აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა. მისი თქმით, მომავალი წლისთვის იგეგმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან თანამშრომელთა 20%-ის შემცირება, რაც სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
როგორც იმნაძემ განაცხადა, მისთვის ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, დარჩება თუ არა თვითონ დანამდებობაზე. თუმცა, საქმეს და გავრცელებულ ინფორმაციებს ისეთი პირი უჩანს, რომ იმნაძის საკითხი გადაწყვეტილია, ოღონდ არა მის სასარგებლოდ.
ახალი დირექტორის დანიშნვისა და სხვა საკადრო ცვლილებების შესახებ ბრძანებები უკვე შედგენილია და ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე მათ უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორად კი ნატა ავალიანი დაინიშნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შოთა ცანავას ინფორმაციით, გადაწყვეტილებებს საკადრო ცვლილილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო იღებს, შესაბამისად, შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობებს ის და ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე, მისთვის უცნობია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი კი აცხადებს, რომ იმნაძის საკითხი რეორგანიზაციის დროს გადაწყდება, თუმცა ის, რომ იმნაძე, როგორც პროფესიონალი, უწყებაში დარჩება, გადაწყვეტილია.
”მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციები გაძლიერდეს და მუშაობა უფრო ეფექტურად წარიმართოს. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გახმაურდება. ასევე მოგვიანებით გახდება ცნობილი რეორგანიზაციის დასრულების დრო”, - აღნიშნა გიორგობიანმა.
პაატა იმნაძეს და მთელ მის უწყებას წყალი მაშინ შეუდგა, როდესაც ჯანდაცვის სისტემაში კონტროლის პალატამ დიდი შემოწმება განახორციელა და მისი მასალების საფუძველზე პროკურატურამ მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე დააკავა. მასთან ერთად დააკავეს შპს ”ენ ფარმი პლიუსის” დამფუძნებელი ზურაბ ნატროშვილიც. საქმე ეხებოდა 1,7 მილიონი დოლარის გაფლანგვას და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტენდერებში კორუფციული სქემების გამოაშკარავებას.
სწორედ მაშინ გავრცელდა პირველი ცნობა, რომ შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორზე პაატა იმნაძეზეც დაიწყებულიყო. ”კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე დაკითხვაზე დაბარებული ვიყავი. თუმცა ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს”, - აცხადებდა იმნაძე.
იმნაძეს ფრუიძის გზას არ გაუყენეს, მაგრამ თანამდებობის დატოვება ნამდვილად მოუწევს. გარდა ამისა, მისი უწყებიდან 400 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.