„პირველი არხისა“ და „მეცხრე არხის“ გზები, შესაძლოა, გადაიკვეთოს. „პირველი არხის“ „ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემთხვევაში“, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ქონება მთლიანად მას გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შექმნის პერსპექტივას ივანიშვილი „მეცხრე არხის“ ბაზაზე ხედავს.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, არ სურს, მისი მეუღლე ტელეკომპანიაში წილს ფლობდეს. ამდენად, თუ „პირველი არხი“ ჭეშმარიტად „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გახდება, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში, მას იმ ქონებას გადასცემს, რომელიც „მეცხრე არხს“ ეკუთვნის. ამით კი მის ოჯახთან „მეცხრე არხის“ დამოკიდებულების კავშირიც „ჩაიხსნება“.
„უფრო ლამაზი იქნება, რომ „პირველი არხი“ საზოგადოებრივ მაუწყებლად დარჩეს, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ბიუჯეტის პირობებში შესაძლებელია, „პირველი არხი“ აღარ იყოს. თუმცა, მე ეს არ მინდა. თუ „მეცხრე არხი“ გადაკეთდა საზოგადოებრივ მაუწყებლად, 20 წლის ფინანსებს წინსწარ გადავიხდი, უხერულებას მიქნის ის გარემოება, რომ ჩემს მეუღლეს იქ წილი აქვს და ამ უხერხულობასაც ძალიან მალე მოვხსნი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ „შოკისმომგვრელი აღიარება“ უწოდა და
დაასკვნა, რომ მთელი საუბრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ შემოწმებასთან დაკავშირებით, თურმე, აბსოლუტურად ყალბი ყოფილა. ბოკერიას აზრით, ბევრისთვის ეს ისედაც ნათელი იყო, მაგრამ ახლა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ეს არხი არ მოსწონს და სურს, მისი შერწყმა საკუთარ, პირად ტელევიზიასთან, რომელიც მისი „პოლიტიკური, პარტიული პროპაგანდის ორგანო იყო“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას განხილვად საკითხად მიიჩნევს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, რომ იგი მოხარული იქნებოდა, თუკი „მე-9 არხის“ ჟურნალისტებს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ იხილავდა, ნიშნავს შერწყმის შეთავაზებას, რაც, ბუნებრივია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბაზაზე განხილვადი საკითხია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია კი მიიჩნევს, რომ „მეცხრე არხს“ თავისი ნიშა გააჩნია, რაც აუცილებელია მედიის განვითარებისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი - სხვა ნიშა.
ორი ტელეკომპანიის შერწმყმასთან დაკავშირებით For.ge მედიაექსპერტებსა და ჟურნალისტებს ესაუბრა.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ფაქტი ერთია, საქართველოში ამდენი ტელევიზია ცოტა ზედმეტიცაა. გარდა ამისა, კითხვებს იწვევს ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლე ტელევიზიის მფლობელია. ასე რომ, თუ ბიძინა ივანიშვილი გადასცემს ტექნიკას საზოგადოებრივ მაუწყებელს და ისიც თავის ფუნქციას შეასრულებს, ამაში თამარ ჩიქოვანი ცუდს ვერაფერს ხედავს. თანაც, თუ „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებიც ქუჩაში არ დარჩებიან და მათი გაერთიანება მოხდება, უკეთესი იქნება. მით უფრო, რომ თავად საზოგადოებრივი ბორდის წევრებიც ამაში უარყოფითს ვერაფერს ხედავენ.
მოახდენს თუ არა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება ზეგავლენას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დამოუკიდებლობაზე?! თამარ ჩიქოვანი ამას გამორიცხავს.
„თავის დროზე, როცა „მეცხრე არხი“ გადასცა „რუსთავი 2“-ს, მე მგონი, არანაირად არ ერეოდა ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის მუშაობაში. ასე რომ, ნაკლებად მგონია, ზეგავლენა იყოს. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ჟურნალისტებზეა დამოკიდებული. მინდა ვიფიქრო, რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა ახლაც შენარჩუნდება“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ამქვეყნად არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც არანაირი პირდაპირი შეხება ხელისუფლებასთან არ ჰქონიათ, მაგრამ მაინც სიამოვნებით ემორჩილებოდნენ ხოლმე ხელისუფალთ. ასე რომ, მაინცდამაინც „მეცხრე არხზე“ მუშაობა არ არის აუცილებელი ჟურნალისტებზე ზემოქმედების მოსახდენად.
რაც შეეხება შეკითხვას, შეძლებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლაც საზოგადოებრივად გადაქცევას, თამარ ჩიქოვანის აზრით, ზოგადად, ყველა ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას გულისხმობს, როცა საზოგადოებრივ ტელევიზიაზე ლაპარაკობს. ამიტომ, სანამ არ გვეცოდინება, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია, მანამდე ეს ტელევიზია იქნება ისეთი, როგორიც არის. დირექტორების გამოცვლა კი შედეგს ვერ მოიტანს.
„ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორი ტელევიზია წარმოგვიდგენია საზოგადოებრივ ტელევიზიად. თუ ეს უნდა იყოს უფრო კომერციული, მაშინ რატომ არის საზოგადოებრივი?! საზოგადოებრივი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იგი მოსაწყენი იყოს? ამიტომ მეტ-ნაკლებად მკაფიო ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა იგულისხმება საზოგადოებრივ ტელევიზიაში,“ - აცხადებს თამარ ჩიქოვანი.
ჟურნალისტ ია ანთაძეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩამოყალიბებული, თუ რას უპირებს ტელეკომპანია „მეცხრე არხს“. ამიტომაც ია ანთაძეს ტელევიზიასთან დაკავშირებით მისი პასუხები ბუნდოვანი ეჩვენა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრა.
„უბრალოდ, არ მომეწონა ის დაშვება, რომ, თუ საზგადოებრივი მაუწყებელი ვერ გახდება საზოგადოებრივი ტელევიზია, მაშინ მას შეიძლება, ჩაენაცვლოს „მე-9 არხი“. მე მგონია, შეუძლებელია, საზოგადოებრივ მაუწყებელს ასე შევხედოთ და რაიმე შანსი დავტოვოთ იმისთვის, რომ ის რეალურად ვერ გახდეს საზოგადოებრივი ტელევიზია. თუ პოლიტიკური ნება იქნება, მას მეტიც არაფერი დასჭირდება“, - აცხადებს ია ანთაძე.
მისი აზრით, ჩვენ ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რათა ტელევიზია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, საზოგადოებისთვის სანდო და მისაღები გახდეს. რაც შეეხება „მე-9 არხს“, ია ანთაძეს მიაჩნია, რომ ამ არხთან დაკავშირებით თავად ივანიშვილების ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა მოუხერხონ ამ არხს.
მეტიც, ია ანთაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არხი არ უნდა დაიტოვოს, თუმცა რა ფორმით აჯობებს მისგან განცალკევება, როგორც ჩანს, ამაზე ჯერ კიდევ ფიქრობს.
იმ შემთხვევაში, თუკი „მე-9 არხი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეერწყმება, ან მის ბაზაზე ჩამოყალიბდება, მაშინ ია ანთაძე ცუდ სცენარს პროგნოზირებს, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეიძლება, ჰქონდეს ვალდებულებები, რომ, გინდა თუ არა, სამსახურში „მე-9 არხის“ ჟურნალისტები მიიღოს. ამასთან, „პირველი არხი“ ისეთ ტელევიზიად არ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წინასწარ 20 წლით დააფინანსებს, რადგან ასეთი ტელევიზია ვერ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„ახლა ფიქრი ყველაფერზე შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის განზრახვა ამ შემთხვევაშიც დადებითია, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ასეთი რამ სწორი არ იქნება. მან თქვა, რომ ასეთი სცენარი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი ტელევიზია ვერ გახდება. თუმცა მე არ ვიცი, როგორ ვერ უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად საზოგადოებრივი ტელევიზია?!“
ამასთან, ია ანთაძე ორი არხის ფინანსურ აღრევასა და კადრების აღრევის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამახასიათებელია, რომ იგი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, როგორც ფინანსურად, ისე შინაარსის კუთხით. „მე-9 არხი“ კი არის კერძო ტელევიზია და ის პასუხისმგებელია თავისი დამფინანსებლის წინაშე. აქედან გამომდინარე, ია ანთაძისთვის გაუგებარია, სარედაქციო დამოუკიდებლობა როგორ იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კადრებს, თუ გადაწყდა, რომ „მე-9 არხი“ დაიხურა და მისი კადრები „1-ელ არხზე“ უნდა წავიდნენ, ასეთი დავალდებულება შეუძლებელია. მეტიც, ვერც დაავალდებულებენ ვერავის და ეს გამართლებულიც არ იქნება. ამდენად, ჟურნალისტის აზრით, ასეთი რამ არ მოხდება.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „მე-9 არხისა“ და „პირველი არხის“ გზების გადაკვეთას შესანიშნავ აზრს უწოდებს, რადგან საზოგადოებრივ არხს დახმარება და ამოქაჩვა სჭირდება. მით უმეტეს, ისეთი მდიდარი ტექნიკა, რაც „მე-9 არხს“ აქვს, თუ „პირველ არხს“ გადაეცემა, ეს არხი მაღალი ხარისხით იმუშავებს.
„მართალი გითხრათ, ცოტა ზღაპრებად მეჩვენება ჟურნალისტების დამოუკიდებლობაზე საუბარი. ჟურნალისტს თუ უნდა, იყოს დამოუკიდებელი, „მე-9 არხზეც“ დამოუკიდებელი იქნება და „პირველ არხზეც“. თუ არ სურს, იყოს დამოუკიდებელი, არსად დამოუკიდებელი არ იქნება. მთავარია ის, რაც ხდება ეკრანზე და არა მის უკან, რადგან მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ტელევიზიები, მაგრამ მთავარია იყოს, როგორც პოლიტიკური, ისე ჟურნალისტური ნება, რომ მედიამ თავისუფლება შეინარჩუნოს“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.
ამასთან, იგი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, რომელიც გადასახადებს იხდის, სურვილს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი არხი ხალხს მოემსახუროს.