თურქეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან

თურქეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან

თურქეთში რუსეთის ელჩის ალექსეი ერხოვის განცხადებით, იდლიბში განვითარებული მოვლენების გამო მან მუქარები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„სირიაში ვითარების ესკალაცია შემაშფოთებელია. ჯერ რუსი ოფიცრები დაიღუპნენ, შემდეგ თურქი სამხედროები. თუმცა, ნახეთ რა საშინელი ამბები დაიწყო სოციალურ ქსელებში. არ მინდა, მაგრამ რამდენიმე ციტატას მოვიყვან: „დაემშვიდობეთ სიცოცხლეს“, „არავინ დაგიტირებთ“ და ა.შ. ეს ყველაფერი ერთხელ უკვე მოხდა - ხუთი წლის წინ. ოღონდ იდლიბის ნაცვლად ალეპო იყო. რითი დასრულდა ეს? „თვითმფრინავის“ კრიზისით და ჩვენი ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობით. სხვათა შორის, მეც პირდაპირ მემუქრებიან. ნუთუ ისტორია არავის არაფერს ასწავლის?“ - განაცხადა თურქეთში რუსეთის ელჩმა.

10 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იდლიბში მდებარე სირიის არმიის სადამკვირვებლო პუნქტიდან საარტილერიო სროლის შედეგად ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა. საპასუხოდ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის არმიის ობიექტებზე მასიური იერიში მიიტანეს.

2016 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაესხნენ თავს და მოკლეს. მას სიტყვით გამოსვლის დროს 22 წლის სირიელმა მევლუთ მერტ ალტინტაშმა ესროლა.