დირექციის უსულგულობით გამწარებული ადამიანები ოთხასი მეტრის სიღრმეზე განლაგებულ შახტში გაფიცვას აგრძელებენ. აქ ყოველ წამს მოსალოდნელია დამანგრეველი ბიძგები, ან დაგროვილი აირის აალება. მოძველებული კონსტრუქციები უბედური შემთხვევების რისკს კიდევ უფრო ამძიმებს; მაგრამ მეშახტეები ამოსვლაზე მაინც უარს აცხადებენ. რატომ? ხალხი წლების მანძილზე სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა, ჯანმრთელობას წირავდა, მაგრამ შახტებში მაინც ქანც–გაწყვეტამდე შრომობდა. მოსახლეობის თითქმის 10% შახტებშია დასაქმებული. მოსახლეობის თითქმის 10% შახტებშია დასაქმებული. ეს იყო ოჯახების შიმშილისგან გადარჩენის ერთადერთი შანსი. ახლა დირექცია ამის საშუალებასაც უსპობს. სწორედ ეს გახდა გაფიცვის მიზეზი.
კრიზისის მძევლები
ტყიბულს მზიანი დღეებიც ახსოვს. ადგილობრივი საბადოს სამრეწველო პოტენციალი ჯერ კიდეც XIX საუკუნეში იყო ცნობილი. საქართველოს აქ გააჩნია უმდიდრესი რესურსი – 350 მლნ ტონა მურა ქვანახშირის საბადოები. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძემ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ნედლეულის ამოღება–წარმოება და ფოთის პორტის მეშვეობით გატანა. 90–იანი წლების ბოლომდე მუშაობდა ხუთი შახტი. ამოღებული ქვანახშირი მიეწოდებოდა უკრაინას, რუსეთს და სომხეთს. ტყიბული საქართველოს მასშტაბით მნიშვნელობით მესამე სამრეწველო ცენტრად ითვლებოდა.
უმძიმესი პერიოდი ქალაქს დაუდგა მას შემდეგ, როცა საყოველთაო ნგრევასთან და კრიზისთან დაკავშირებით ყველა შახტი გაჩერდა. პარლამენტარი ელისო ჩაფიძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ სწორი არ იქნებოდა ტყიბულის ტრაგედიაში რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების დადანაშაულება. ულამაზესი და აყვავებული ქალაქი ეპოქალური რყევების მსხვერპლი გახდა. მოსახლეობა ნელ–ნელა გაიკრიფა; ზოგი თბილისში წავიდა, ზოგი – ქუთაისში, ზოგი კი საზღვარგარეთ გადაიხვეწა. 90–იანი წლების დასასრულისთვის შემორჩენილი მოქალაქეები უკვე მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდნენ; საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ გოჭში ბინა იყიდებოდა. ტყიბული, სადაც ოდესღაც ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, გაჭირვების და ნანგრევების ქალაქად იქცა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაციონალებმა ამ პერსპექტიულ რეგიონს მაშინვე „თვალი დაადგეს“ და თავისებურად „მოუარეს“. სააკაშვილმა საქვეყნოდ ისიც კი დაიქადნა, ტყიბულს ასპროცენტიანი დასაქმების ქალაქად ვაქცევო. საინტერესოა, რა გაკეთდა რეალურად?
ელისო ჩაფიძე:
– 2006 წელს გამოიყო გარკვეული სახელმწიფო გრანტი. შახტები გაკოტრების წესით გაიყიდა და შეიძინა კომპანია GIG–მ, რომლის ასპროცენტიანი დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილია. მოგეხსენებათ, ძმები ბეჟუაშვილების თანდემი ნაციონალური მოძრაობის ფინანსური საყრდენია. ორი შახტი მართლაც აამუშავეს. გასაღების ბაზრებიც მოიძებნა: ტყიბული ქვანახშირის ძირითადი მიმღებია „კასპი–ცემენტი“, რომელიც „ჰაიდელბერგ–ცემენტმა“ შეისყიდა. ამ კომპანიის 25% ისევ ძმები ბეჟუაშვილები ფლობენ. მოხდა საწარმოს გადაიარაღება და მთლიანად ქვანახშირზე გადაყვანა.
მოკლედ, პრივატული „კანტორა“ გახსნეს. საწარმოს ადგილობრივ ქვანახშირზე მუშაობა, წესით, თვითღირებულებას უნდა ამცირებდეს. ეს ფაქტი პროდუქციის სამომხმარებლო ფასზე თუ აისახება?
– ვერ გეტყვით. სახელმწიფომ 30 მილიონი გაიღო თბოელექტროდადგურისთვის, რომელიც, პრაქტიკულად, არ მუშაობს. ტყიბულელები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, აქ თანხების გათეთრება მოხდა. საკითხი საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს და ამ კუთხით მუშაობას ვაპირებ.
ბოლო სამი წლის მანძილზე ტყიბულის შახტებში თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა; კიდევ მეტი დაშავდა. დირექცია უბედურ შემთხვევებს ბუნებრივი მიზეზებით, ანუ ე.წ. „მთის დარტყმით“ ხსნის..
– არ არის მართალი! მეშახტეებს მე–19 საუკუნის დროინდელი ტექნოლოგიებით უწევთ მუშაობა. ტყიბულის შახტები თავისი გეოლოგიური სტრუქტურით მსოფლიოში ერთ–ერთი ურთულესია, მაგრამ მოძველებული ტექნიკა უბედური შემთხვევების ალბათობას კატასტროფულად ზრდის. ამიტომ პროცენტულად აქ უფრო მაღალი სიკვდილიანობაა, ვიდრე, თუნდაც, ჩინეთის შახტებში.
განსაკუთრებულად მძიმე პერიოდი არჩევნების შემდეგ დაგვიდგა. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ქვანახშირის გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კომპანია მოპოვების შემცირებას და ერთი შახტის დაკეტვას აპირებდა, ხოლო 500–მდე მუშაკს ექვსთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვებდნენ. დასახელებული პერიოდი ემთხვევა იმ ვადას, რომელიც სჭირდებათ ნაციონალებს ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იმედგაცრუებისა და საბოტაჟის გამოსაწვევად. აქ გარკვეული ეჭვების საფუძველი არსებობს.
ამ ეჭვების მიუხედავად სულ ვცდილობ გაფიცულ მუშებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები დავარეგულირო. მაინც და მაინც არ გამომდის, იმიტომ რომ დირექცია მოცემულ სიტყვას გამუდმებით ტეხავს. მუშებთან უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩამაყენეს. აი, მაგალითად, ვთხოვე, რომ არ შეემცირებინათ მოპოვება – სახელმწიფო მხარში დაგიდგებათ–მეთქი. თითქოს დავითანხმე რომ შახტს არ დაკეტავდნენ. მუშებიც დავაიმედე – ნუ გეშინიათ, მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ–მეთქი. ისინიც შახტს დაუბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელეს. მაგრამ სულ რაღაც ერთ კვირაში დირექციამ გამოსცა ბრძანება – უსაფრთხოების გამო ძიძიგურის შახტის ორი უბანი უნდა დაიხუროს, რეკონსტრუქციაა ჩასატარებელიო.
რეკონსტრუქციის აუცილებლობა რაღა მაინც და მაინც არჩევნების წაგების შემდეგ „გაახსენდათ“? ხალხი წლების მანძილზე იღუპებოდა და სახიჩრდებოდა.
– რა თქმა უნდა! მუშები ისევ გაიფიცნენ. კიდევ მომიხდა მათი დარწმუნება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ. ადმინისტრაციასაც დაველაპარეკე; ისევ დამპირდნენ, შახტს არ დავკეტავთო. ეს იყო წინა პარასკევს. ორ დღეში კი ისევ გამოაცხადეს – ავარიულობის გამო უნდა დავხუროთო. ცხადია, ამ გადაწყვეტილების გამო მუშები ისევ გაიფიცნენ. სამოცი კაცი მაღაროში ჩავიდა და ამ წუთშიც იქ არიან.
ამ „გადაგდება– გადმოგდებით“ დირექცია აშკარად ცდილობს მუშებს თქვენდამი ნდობა დააკარგვინოს..
– რა თქმა უნდა! წარმოიდგინეთ, ისე იქცევიან, ვითომ ჩემთან გადასარევი ურთიერთობა ჰქონდეთ. მათი მიზნები აშკარაა, მაგრამ ვერ მივართვი! როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და მოქალაქე მე მხოლოდ მათთან შეიძლება ვიყო კარგად, ვინც ჩემს ხალხს მოეფერება და ცხოვრებას შეუმსუბუქებს, ხოლო ჩემს მშობლიურ ქალაქს კი ააყვავებს.
აღმასრულებელი დირექტორი მუშათა მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გადააყენეს და სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. ის მუშებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა: თუ არ იმუშავებთ, თქვენს ადგილზე ჩინელებს მოვიყვანთო.
თუკი ასეთ სიტუაციაში ტყიბულელების ინტერესებს დავიცავ, გარწმუნებთ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მაშინვე ჩემს ქსენოფობიაზე აყვირდება. ერთი მითხარით, რომელ ნორმალურ ქვეყანაში დაასაქმებენ მიგრანტს საკუთარი მოქალაქის ხარჯზე?
– ნორმალურ ქვეყნებში არსებობს საკუთარი მოქალაქეებისა და შრომითი რესურსების დაცვის კანონი. როდესაც გერმანიაში ჩავდივარ, ვიზაში აღნიშნულია, რომ იქ მუშაობის უფლება არა მაქვს. ეს საკუთარი შრომითი ბაზრის დაცვის მიზნით ხდება.
მერე და რა გვიშლის ხელს, რომ ადგილობრივი შრომითი რესურსების დაცვის კანონი მივიღოთ?
– ცხადია, ეს ძალზე გონივრული იქნებოდა. ჩინელების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ვიტყვი, რომ შახტებში პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები – ტყიბულელები უნდა დასაქმდნენ. გარდა ამისა საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა უფლებების დაცულობის კუთხით. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მეშახტეთა და, ზოგადად, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რეგრესის პენსიები ინვალიდობისათვის. მთელი საქართველოს მასშტაბით საწარმოო ტრავმებით დაზარალებულებისათვის გასაცემი 13 მილიონ 20 ათასი ლარის ოდენობის დავალიანებაა დაგროვილი. აქ არა მარტო მეშახტეებს, არამედ მეტროს მუშაკებსაც ვგულისხმობთ. ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებულია: ვალები ეტაპობრივად დაიფარება. 283 რეგრესის პენსიონერი მიიღებს 2007 წლიდან დაგროვილ თანხას, რაც მათი ოჯახების მდგომარეობას შეამსუბუქებს. გარდა ამისა სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია განიხილავს შრომით დავებს იმ ადგილებში, სადაც გაფიცვის ტალღამ გადაიარა.