„ლობიზმი ძვირადღირებულია, მაგრამ ღირს მისი მომსახურება“

„ლობიზმი ძვირადღირებულია, მაგრამ ღირს მისი მომსახურება“

წინა კვირებში კონგრესმენთა მხრიდან ნამდვილი სეტყვა დაატყდა „ქართულ ოცნებას“. დღეს უკვე განწყობა შერბილებულია და კონგრესმენი ადამ კიზინგერი საკმაოდ ლოიალურ მესიჯს გზავნის საქართველოში, რომ მათი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება, ან სიბრაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კონგრესმენებს რომ არ აინტერესებდეთ საქართველო, არც შეწუხდებოდნენ მისი ბედით.

რამ გარდატეხა სიტუაცია და შეუძლია თუ არა თავი დაიმშვიდოს „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ არჩილ თალაკვაძის სახით უზადო დიპლომატი ჰყოლია? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტმა რადიკალურად შეცვალა სიტუაცია, თუ კონგრესმენები და სენატორები დროებით ჩაჩუმდნენ?

- რადიკალურად შეცვალა თუ არა სიტუაცია, ვერ გეტყვით, გაგრძელებას ვნახავთ, რა იქნება და როგორ იქნება. ფაქტია, ეს იყო ორკესტრირებული შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე, ბათუ ქუთელიას სკანდალიც ამის მანიშნებელია. ეს იყო ლობიზმის შედეგი. ბუნებრივია, როცა ხელისუფლება ჩამორჩა ოპოზიციას და ოპოზიციამ უფრო მეტად იაქტიურა ლობისტური თვალსაზრისით, კონგრესმენებთან და სენატორებთან მეტი კომუნიკაციით და ისინი დააჯერა, თითქოს საქართველოში დემოკრატიის საქმე უკან მიდის, თითქოს ეკონომიკური რეგრესია, ამერიკულ ინვესტიციებს საფრთხე ემუქრება და რაღაც საგანგაშო ხდება, ამას მოჰყვა წერილები. ამის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ აუცილებელია კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორთან და არ შეიძლება დეზინფორმაცია უფრო ადვილად აღწევდეს ძალიან პატივსაცემ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ვიდრე რეალური ინფორმაცია. თალაკვაძისა და ბატონი კუჭავას ვიზიტებიც ამას ემსახურება. სათანადო კომუნიკაციის შემდეგ ამერიკელი სენატორებიც და კონგრესმენი კიზინგერიც უფრო ადეკვატურად აფასებენ სიტუაციას, ტონი შეარბილა კიზინგერმაც და იმედია, ასეც იქნება. ახლა უკვე ასე იოლად აღარ დაუჯერებს „ნაცების“ ნათქვამს, ყოველ შემთხვევაში, ადგება, დაურეკავს აქ ვინმეს და ჰკითხავს, ამას მიყვებიან საქართველოს ხელისუფლების შესახებ და მართლაც ასეა? მხოლოდ ამის შემდეგ დაწერს ასეთ წერილებს. სათანადო კომუნიკაცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებასთან, რა უშლიდათ, დაერეკათ, გადაემოწმებინათ ეს ყველაფერი, ერთ მხარეს რომ მოუსმინეს, მეორესთვისაც მოესმინათ.

თუკი კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, რატომ ჩამორჩა მმართველი გუნდი ოპოზიციას? სწორება რატომ არ ჰქონდათ ვაშინგტონზე? სტრატეგიული პარტნიორი არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მმართველი გუნდი საჭიროდ არ თვლიდა ლობისტებთან აქტიურობას. თავის დროზე მათ ჰყავდათ დაქირავებული ლობისტები, რომლებიც კონკრეტულად „ქართული ოცნების“ კი არა, საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის ინტერესებს ალაგებდნენ ამერიკაში, შემდეგ „ოცნებაში“ ჩათვალეს, რომ მიზანშეწონილი არ იყო ლობისტების დაქირავება და საკმარისად მიიჩნიეს ოფიციალური ურთიერთობები, ანუ სახელმწიფოთა შორის ოფიაციალური არხები, დიპლომატიური საშუალებები, საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტაქტები, საელჩო, ჩვენი წარმომადგენელობები. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა საკმარისი, რადგან ამერიკულ პოლიტიკურ ტრადიციაში ლობიზმი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ქართულ ოცნებას“ ხომ შეეძლო, მაგალითი აეღო მიშასგან, რომელიც ძალიან კარგად იყენებდა ლობისტების ინსტიტუტს.

- წლების განმავლობაში სააკაშვილი კარგად იყენებდა ლობისტებს. დღესაც სააკაშვილს ჩამოყალიბებული კონტაქტები მეტი აქვს ამერიკულ პოლიტიკურ წრეებთან, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ეს არის დისკომუნიკაცია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ „ნაცების“ საქმიანობა უკვე იღებს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ხასიათს. ისინი კონკრეტულად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ კი არ მოქმედებენ მხოლოდ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე უტეხენ სახელს ჩვენს ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით. სწორედ დეზინფორმაციაა „ფრონტერასთან“ დაკავშირებით რაც იყო ნათქვამი, დეზინფორმაციაა ისიც, თითქოს 80-ზე მეტი პოლიტპატიმარია საქართველოში, დეზინფორმაციაა ისიც, პროპორციული არჩევნები რომ ჩავარდა საქართველოში, თურმე ამით დემოკრატიას ბოლო მოეღო. თანაც, ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც თვითონ მაჟორიტარული წესით არიან არჩეულნი. მათი როგორ უნდა დავიჯეროთ?

როგორ გგონიათ, მმართველი გუნდი ლობისტებზე თანხებს იმიტომ არ ხარჯავდა, რომ ძვირადღირებული მომსახურებაა ლობიზმი და თანხებს ამაში მაინც ზოგავდნენ?

- დიახ, მაგრამ ძვირადღირებული რომ არის, ღირს კიდეც მისი მომსახურება. ხომ ხედავთ, რამხელა შედეგი აქვს ლობიზმს. კონგრესმენებიც და სენატორებიც კარგად იყვნენ დამუშავებულნი, მათთან სულ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა „ნაცების“ მიერ და უკვე შედეგი ვნახეთ. ცხადია, ჩვენმა საელჩომ უნდა იმუშაოს, ოფიციალური არხებით უნდა იმუშაოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

საელჩო სათანადოდ არ მუშაობდა?

- საელჩო მუშაობდა, თავის საქმეს ასრულებდა, მაგრამ ლობისტური კომპანია პირად კონტაქტებს იყენებს, პირადი ურთიერთობები აქვს კონკრეტულ ლობისტს, რომელიც ადრე პოლიტიკაში იყო აქტიურად ჩართული, ახლა ლობიზმითაა დაკავებული. ასეთი რამ ელჩს ნაკლებად შეუძლია. მას შეუძლია, ინფორმაცია მიაწოდოს ოფიციალური არხებით, მაგრამ პირადად მიწვდილ ინფორმაციას მეტი ფასი და მნიშვნელობა აქვს.

ალბათ, ძნელია, იმის დაჯერება, რომ მხოლოდ ლობისტები ქმნიან სურათს ამერიკაში. სხვა წყაროებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოში არსებობს ამერიკის საელჩო. ის არ არის ამ თვალსაზრისით ქმედითი?

- ეს პოლიტიკური თამაშებია. სხვათა შორის, ამერიკის საელჩოს პოზიცია მყარია, მას ერთი ნეგატიური სიტყვა არ დასცდენია.

შეიძლება არ დასცდენია, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო ინფორმაციას გზავნის ამერიკაში.

- შესაძლოა, მაგრამ ლობისტების მიერ მიწვდილი ინფორმაცია ოფიციალური არხებით ხომ უნდა გადამოწმდეს? ისე, ეს დამოკიდებულია კონგრესმენის პირად შეხედულებებზე. ყოველთვის არ ხდება ასე, რომ კონგრესმენმა საელჩოში გადარეკოს და გადაამოწმოს სიმართლე. რაც მოხდა, მოხდა, ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია, რაც ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ეხმიანება - ტრამპის იმპიჩმენტს, პოლიტიკურ დაძაბულობას, მაგრამ ყველაფერი დალაგდება.

ანუ ეუთო-ოდირის დასკვნისა და კონგრესმენების შეცვლილი პოზიციების შემდეგ „ოცნებისთვის“ სასარგებლო ფონი შეიქმნა?

 - ეს აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ფუჭი მცდელობა, რომ საგარეო მხარდაჭერა მიეღოთ და შიდა პროცესებზე მოეხდინათ ზეგავლენა. მით უმეტეს, სამარცხვინო კითხვა დასვეს, კონსტიტუციურია თუ არა ჩვენი კანონპროექტიო. ამაზე ეუთო-ოდირი კომენტარს ვერ გააკეთებდა და საკუთარ თავს ვერ აკადრებდა რომელიმე ქვეყნის კანონპროექტის კონსტიტუციურობაზე ემსჯელა.

ცალკეული ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კონგრესმენ-სენატორთა რეალური დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ მხოლოდ 2020 წლის არჩევნების დღეს გამოჩნდება, მანამდე კი პროცესები შეიძლება დროებით მიყუჩდეს. ოპოზიცია ამთავითვე 2020 წლის არჩევნების დიაგნოზს სვამს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, ხალხის მოსყიდვა საჭირო გახდება, თუ სხვა ტაქტიკას აირჩევს „ქართული ოცნება“?

- რაც შეეხება მოსყიდვას, მმართველი გუნდი ამასაც „გამოიყენებს“, თუკი დასჭირდება, ოღონდ იმ ფორმით კი არ მოისყიდის, რომ კანონი დაარღვიოს აშკარა ფულის გადაცემით, არამედ ისეთ ღონისძიებებს გაატარებს, რაც ამომრჩეველში პოპულარული იქნება. ვიღაცებს ხელფასს გაუზრდის, ვიღაცას სოციალურ დახმარებას, ვიღაცას გზას დაუგებს, ვიღაცას ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება.

მაგალითად, „ნაციონალების“ დროს არჩევნების წინ ძალზე დიდი ეფექტი ჰქონდა მოსახლეობისთვის უცხო ენებისა და კომპიუტერის უფასოდ სწავლებას. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას დედაქალაქის მერიამ ამ პროექტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

- არც ეს არის გამორიცხული, შეიძლება, უცხო ენებიც შეასწავლონ უფასოდ ხალხს. ცალკეულ სოციალურ ფენებს შეხედეთ, მასწავლებლებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, ასევეა, სხვა შემთხვევებშიც. თუ ეს მოსყიდვაა, იყოს მოსყიდვა, ხელისუფლებას ამის რესურსი კიდევ აქვს, მაგრამ ამას რას უპირისპირებს ოპოზიცია? რაც ბიძინამ გააკეთა 2012-ში, იმის მეასედიც ვერ გაუკეთებიათ, ბიძინამ სოფელ-სოფელ იარა კი არა, ლამის ყველა სახლში შევიდა, მას დიდი რესურსი, დიდი სოციალური კაპიტალი ჰქონდა და არ ჰქონია სახელი გატეხილი, როგორც „ნაცებს“ ჰქონდათ. მათაც შეუძლიათ, მსგავსი რამ გააკეთონ, თუნდაც ის თემა გამოიყენონ, რასაც ახლა აპროტესტებენ, რომ ბიძინა დაგვპირდა პროპორციულ არჩევნებს და სიტყვა გატეხაო. მათ შეუძლიათ, შემოიარონ ყველა ქალაქი, სოფლებში ჩავიდნენ, მომხრეები შეაქუჩონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ, სასაცილოდ იქცევიან, კომიკურ უნიჭო სპექტაკლებს დგამენ. პარლამენტში რომ სუნს დააყენებენ, ამით რამეს მოიგებენ? მათ წარსულზე სულაც რომ არაფერი ვთქვა, როგორ შეიძლება, მათ ქვეყნის ბედი ანდო, როცა ამერიკაში კონგრესმენებს აბოლებენ, აქეთ კი - ოდირს. ეგენი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს თამაშის წესებით არ მოქმედებენ. მათთვის პოლიტიკური სარგებელია მთავარი, შეიძლება პუტინიც გამოიყენონ ამ მიზნით. გინდა ცერეუს აგენტი ყოფილან, გინდა გერეუსი, რა მნიშვნელობა აქვს ამას.

 

 

 

tngh გაურკვეველია და ბურუსით არის მოცული "პატრიოტთა ალიანსიის" პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ფრიად ორაზროვანი განცხადებები კეთდება მათი მხრიდან დაწყებული მელიას საქმიდან. ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ ამით მხოლოდ ჰკარგავენ მხარდამჭერებს...
4 წლის უკან
tngh გაურკვეველია და ბურუსით არის მოცული "პატრიოტთა ალიანსიის" პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ფრიად ორაზროვანი განცხადებები კეთდება მათი მხრიდან დაწყებული მელიას საქმიდან. ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ ამით მხოლოდ ჰკარგავენ მხარდამჭერებს...
4 წლის უკან