საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად დემოგრაფიული სფეროს ექსპერტები სოციალური საწარმოების გახსნისკენ მოუწოდებენ სახელმწიფოს. სოციალურ საწარმოებში ჩვენი საზოგადოების გაჭირვებული ფენა უნდა დასაქმდეს და საკუთარი ნაშრომის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით ირჩინოს თავი.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს სოციალური საწარმოების შექმნა ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნია. მისი აზრით, როცა დეპრესიული ფონია ქვეყანაში, სპეციალური გამოსავალი უნდა მონახონ, დაახლოებით ისეთი, რაც თავის დროზე ამერიკელებმა გააკეთეს დიდი დეპრესიის დროს 30-იან წლებში.
„რუზველტი პრეზიდენტი გახდა თავისი ცნობილი გამოთქმით, „ნუ ითხოვთ ამერიკისგან რამეს, თუ თქვენ ამერიკისთვის არაფერი გაგიკეთებიათ“. რუზველტმა მიმართა ამერიკელებს, აღარ იქნება ყოველდღიური თითო დოლარიანი სოციალური დახმარება, ეს დახმარება მორჩა, სამაგიეროდ, დოლარიც გექნებათ და უფრო მეტიც, თუ ხელს გაანრძევთო და შემოიღო საზოგადოებრივი სამუშოების პროგრამა. საამისოდ მთელ ამერიკაში სპეციალური ადმინისტრაცია შეიქმნა. იმ ადამიანს, რომელიც მუქთად იღებდა დოლარს და მათხოვარივით ჰქონდა ხელი გაშვერილი, რუზველტმა მისცა ნიჩაბი, წერაქვი და უთხრა, დილას წახვალ, იმუშავებ, საღამოს კი მოგცემ დოლარს, შეიძლება უფრო მეტი თანხაც მოგცე, გააჩნია, რას გააკეთებ. გზა არის გასაყვანი, დასასუფთავებელია, ან სხვა სამუშაოა შესასრულებელი. ამ გაზარმაცებულმა კაცმა მთელი დღე რომ იმუშავა და საკუთარი ოფლით მოიპოვა დოლარი, დაფიქრდა, თურმე რაღაც შემძლებია, დოლარად ვმუშაობ, მაგრამ უკეთესი არ იქნება, ისეთ საქმეს მოვკიდო ხელი, ათი დოლარი ვიშოვოო და ასე დეპრესიიდან გამოვიდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში.
მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის ალტერნატიული მეთოდებია გამოსაყენებელი, მარტო დახმარებებით შორს ვერ წავალთ და აუცილებელია, თვითმმართველობებს მიეცეთ შესაძლებლობა, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამები შემოიღონ. სოფლის დახმარების პროგრამა რომ არის, ეს პროგრამა ტენდერზე კი არ უნდა გაიტანონ, არამედ იმავე სოფლის მოსახლეობა დაასაქმონ და ხელფასი უხადონ ამაში, განსაკუთრებით დაასაქმონ ისინი, ვისაც სოციალურად უჭირს.
დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ბევრნაირი საშუალება არსებობს და ამ თემას აქტუალიზაცია სჭირდება. ახლა კი 30-ლარიან დახმარებას სულზე იღებენ სოციალურად დაუცველები და ამის მისაღებად სახლში სხედან, არ მუშაობენ, თუ რაიმე შემოსავალი აქვთ, მალავენ, იტყუებიან. რატომღაც ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო ღატაკია, რათა სოციალური შემწეობა მიიღოს. ამის ნაცვლად, ადამიანები ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ იმაში, ვინ უფრო გამრჯეა. ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საცოდაობაა.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დახმარებების გაცემა უნდა იყოს მიზნობრივი, ანუ ვისაც რეალურად სჭირდება, მან მიიღოს შემწეობა. ვისაც მუშაობა არ შეუძლია, ის უნდა არჩინონ, სახელმწიფოს ვალდებულებაც ეს არის.
„ვისაც მუშაობა შეუძლია, უნდა იმუშაოს, თორემ ამით მუდმივად ვუბიძგებთ ადამიანს, დეპრესიიდან არ გამოვიდეს. დეპრესიული მდგომარეობა, პირველ რიგში, სულიერი მდგომარეობაა და მერეა მატერიალური. თუ ეს გააკეთა რუზველტმა, ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ. ამის წამალია შრომა, აქტიურობა. სიზარმაცის ერთადერთი წამალია შრომა. სოციალური საწარმო შრომის მეშვეობით გამოიყვანს ადამიანს დეპრესიიდან. ამ საწარმოს დანიშნულება კომერციული მოგება კი არ უნდა იყოს, არამედ დესოციალიზაციის გზაზე მყოფი ადამიანისთვის იმ შეგრძნების გაჩენა, რომ ისიც ადამიანია და არა მარტო საკუთარი თავის რჩენა შეუძლია, არამედ სხვასაც დაეხმარება“.
დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური საწარმოების დაარსება, რომელიც გამოათავისუფლებს ამდენ ბენეფიციარს და გადაისვრის იქ, სადაც ისინი პროდუქტს დადებენ, შემოსავალიც ექნებათ და ქვეყანა კი არ გასცემს დახმარებებს, არამედ პირიქით, შემოსავალზე იზრუნებს. ეს არის გერმანული მოდელი, საერთაშორისო ევროპული მოდელი.
„სოციალურ საწარმოებში ადამიანებს უნდა მიუტანონ მასალა, ასწავლონ, რითი შეეძლებათ თავის რჩენა, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი უნდა გაიტანონ, გაყიდონ ბაზარზე და ამ ხალხს მისცენ ანაზღაურება. ადამიანს იმიტომ კი არ უნდა მივცეთ თანხა, რომ ის ღარიბია, არამედ იმიტომ, რომ მან ეს გამოიმუშავა. მაგალითად, ქალაქმა რუსთავმა გააკეთა ძალიან კარგი სამკერვალო საწარმო მარტოხელა დედებისთვის, მსგავსი საწარმოები რამდენიმე მუნიციალიტეტს აქვს გაკეთებული, სადღაც გააკეთეს საწარმოები მრავალშვილიანებისთვის, სადღაც პენსიონერებისთვის. ერთ ადგილას გააკეთეს თეთრეულის სამკერვალო. მუნიციპალიტეტებს სურთ, მსგავსი პროექტები დააფინანსონ, მაგრამ ბიუჯეტი ძალიან მწირი აქვთ, კერძო ბიზნესი კი არ იწუხებს თავს მოქალაქეებისთვის. ერთეულები თუ დგანან ხალხის გვერდით, ბიზნესმენები საკუთარ ინტერესებს უფრო მისდევენ“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო ვერ ჩაუდებს პირში ლუკმას ადამიანს, ყველამ თვითონ უნდა ეძებოს გამოსავალი. თბილისში სოციალურად დაუცველების ერთ-ერთ ფორუმზე 17 ათასი ვაკანსია იყო გამოტანილი და სულ დასაქმდა 167 ადამიანი, რადგან ხალხმა არ ისურვა დასაქმება. მათი პასუხი ასეთი იყო, მე ვერ ვენდობი დამსაქმებელს, შეიძლება, ხვალ გამათავისუფლოს, ამიტომ მირჩევნია, სახელმწიფომ მარჩინოსო.
„ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გვავალდებულებს, თქვენ მარჩინეთ თქვენს მიერ გადახდილი თანხებით, რაც ბიუჯეტში შეგაქვთ მომუშავე ადამიანებსო. თუმცა ჩემი, ანუ დასაქმებული ადამიანის სამსახური გარანტირებულია? ხომ შეიძლება, მეც არ მქონდეს ხვალ სამსახური? ეს დამოკიდებულება გამაღიზიანებელია, ურჩევნიათ, წამოწვნენ სახლში და უშრომლად მიიღონ თანხა. რა თქმა უნდა, ყველას შესახებ არ ვსაუბრობ. რაც მთავარია, ყველაზე დიდი ხარვეზი, რაც აქვს სოციალურად დაუცველთა პროგრამას, ის ანგრევს ადამიანში ფსიქო-ემოციურ სტრუქტურას. არც ერთ ადამიანს, რომელიც ამ სტატუსის მქონეა, აღარ აქვს ამბიცია, მიზანდასახულობა, წინ წავიდეს, რაღაც შექმნას ცხოვრებაში. როცა ადამიანში, მოქალაქეებში ეს სურვილი არ არის, ის სახელმწიფო წინ ვეღარ მიდის.