თანამდეროვე მსოფლიოს წამყვანი თეატრების ბარიტონი – დიმიტრი ხვოროსტოვსკი 4 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტი ფონდ "იავნანას" ეგიდით ჩატარდება. პაატა ბურჭულაძის მოწვევით, თბილისში სპეციალური რეისით დიმიტრი ხვოროსტოვსკისთან ერთად ცნობილი სააგენტოს "ასკონას-ჰოლტის" მთავარი იმპრესარიო მარკ ჰილდრუცი ჩამოვიდა.
4 დეკემბრის საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი და პაატა ბურჭულაძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
"დიმიტრი ხვოროსტოვსკი, რომელიც თავად 4 შვილის მამაა საქველმოქმედო კონცერტით მიტოვებულ ვაგონში მცხოვრებ 7 შვილიან ოჯახს დაეხმარება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალი 4 დეკემბერს ქართველი ბავშვებისთვის სრულიად უანგაროდ იმღერებს", – ნათქვამია ფონდის ოფიციალურ განცხადებაში.
ხვოროსტოვსკიმ პირველი აღიარება 1989 წელს მოიპოვა, როცა უელსის პრესტიჟულ კონკურსზე 200 მომღერალს შორის გაიმარჯვა და "მსოფლიო მომღერლის" ტიტული დაიმსახურა.
მისი დებიუტი ნიცაში შედგა, ჩაიკოვსკის ოპერაში "პიკის ქალი". მას იწვევენ მსოფლიოში აღიარებულ საოპერო თეატრები "როიალ ოპერა ჰაუსი", ლონდონის სამეფო თეატრი "ქოვენთ-გარდენი", ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერა", მილანის "ლა-სკალა", ვენის სახელმწიფო ოპერა, პარიზის, ჩიკაგოს, ბავარიის თეატრები და სხვა.
კონცერტებს მართავს ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, როტერდამის ფილარმონიის ორკესტრებთან ერთად.
ხვოროსტოვსკის კონცერტებს დირიჟორობენ მსოფლიოში აღიარებული მაესტროები ზუბინ მეტა, ჯეიმს ლივაინი, კლაუდიო აბადო, ლორინ მააზელი, იური ტემირკანოვი.