„კონგრესმენთა წერილების შემდეგ რიგით მოქალაქეს შეიძლება გასჩენოდა განცდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ არ ეხმარებიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად?!“

„კონგრესმენთა წერილების შემდეგ რიგით მოქალაქეს შეიძლება გასჩენოდა განცდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ არ ეხმარებიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად?!“

რა შეიცვალა ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ? ფაქტია, არჩილ თალაკვაძის ტონი ვაშინგტონიდან უფრო თავდაჯერებული გახდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას განსხვავებული გზავნილები აქვს აშშ-სთვის და ივანიშვილისთვის და ისინი ორსახოვანი იანუსები არიან. გიგა ბოკერიას თქმით, თალაკვაძე ულტიმატუმის ენით საუბრობს, აშშ-ს პროგრესს ჰპირდება, ივანიშვილის საამებლად კი ამბობს, რომ თებერვლიდან ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება.

რას ჩამოიტანს ქართული დელეგაცია აშშ-დან, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, აშშ-ში დეზინფორმაციაზე უნდა გაიმარჯვოს ინფორმაციამ, ხოლო ტყუილზე-სიმართლემ. ქართულმა დელეგაციამ რა შედეგი უნდა ჩამოიტანოს ამერიკიდან, რომ იქ შეიცვალოს პოზიციები საქართველოსთან მიმართებით?

- მინდა, დავეთანხმო ირაკლი კობახიძის განცხადებას, მართლაც რომ სიცრუე უნდა შეიცვალოს სიმართლით. ქვეყანას ავნებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, რომელზედაც საქართველო ბევრად არის დამოკიდებული, მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, რაც ვიწროპარტიული ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარეა. არანაირი კუთხით ამას გამართლება არ აქვს. რას ჩამოიტანს ჩვენი დელეგაცია ვაშინგტონიდან, ამ ეტაპზე რთულია ამაზე საუბარი, ამას შევაფასებთ მას შემდეგ, თუ რა რეაქციები იქნება კონგრესიდან, სენატიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თეთრი სახლიდან ამ ვიზიტის შესახებ. საჯარო სივრცეში არსებული საკმაოდ მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე, ვაშინგტონში მიტანილ იქნა ის ინფორმაცია, რაც უნდა მიეტანათ იმ ადამიანებამდე, ვინც წუხილს, შეშფოთებას, კრიტიკას გამოთქვამდა საქართველოს მიმართ. მათი პირველი რეაქცია იყო, კი, ეს იყო კრიტიკა, მაგრამ ეს იყო მეგობრის კრიტიკა.

ვაშინგტონში გვარწმუნებენ, რომ ეს იყო მეგობრის კრიტიკა, მაგრამ მეგობრებს ხომ შეეძლოთ, დაერეკათ საქართველოში და სხვებთანაც გადაემოწმებინათ ინფორმაციის ნამდვილობა?

- მე პირადად ამ მოსაზრებას ვერ ვიზიარებ, იყო თუ არა ეს ნამდვილად მეგობრის კრიტიკა, ეს გამოჩნდება არჩევნების დღეს. ცხადია, როდესაც მეგობარი ხარ, ასეთი ეპისტოლარული ჟანრით, თანაც ღია წერილებით არ ურთიერთობ შენს მეგობართან. შეშფოთებები შეიძლება სხვა ფორმატის შეხვედრებზეც გაკეთებულიყო და კიდევ უფრო მკაცრი ფორმითაც თქმულიყო. ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც დახურულ კარს მიღმა მკაცრი აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომხდარა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისიც გასაგებია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები სხვადასხვა წყაროდან ღებულობენ ინფორმაციას, მერე ეს ინფორმაცია რა სახით მიდის მათთან, ამაზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. ფაქტია ის, რაც მივიღეთ, ეს არ იყო სასიამოვნო და მოსაწონი. იცით, პრობლემას რაში ვხედავ? რიგით მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკისგან შორს დგას, ამ წერილების წაკითხვის შემდეგ შესაძლოა გაუჩნდეს ასეთი განცდა, ამ წერილების სერია ხომ არ არის მიმართული იმისკენ, რომ აშშ-ის გარკვეული წრეებში ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეხმარონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად?! ეს დადებით განწყობებს არ აღძრავს რიგით მოქალაქეებში.

ეს ეჭვი მართლაც გაჩნდა, მაგრამ, წესით, ამერიკაში ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ „ნაცების“ მობრუნება არ არის ქართველი ხალხის ოცნება და, ყოველ შემთხვევაში, „მიშა მოდის“ ძახილი ძალიან ჭრის ყოველ არჩევნებზე „ნაციონალთა“ საზიანოდ.

- აშშ-ს აქვს თავისი სტანდარტული მიდგომა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. მათთვის მთავარია, არ გაძლიერდეს აქ რუსეთის, ჩინეთის, ირანის კომბინირებული ზეგავლენა და საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის დასავლურ ვექტორს. ეს არის მათი ამოსავალი წერტილი. როდესაც ისინი ღებულობენ ინფორმაციას იმ ორგანიზაციებისგან, იმ პირებისგან, რომლებთანაც მეტ-ნაკლები ნდობა მაინც აქვთ, რადგან იცნობენ მათ, შეხვედრილან, გარკვეული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ მათთან, მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობიან, თითქოს საქართველო იცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს, თითქოს ხელისუფლება არის პრორუსული. ამას დაემატა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ისტორია. ბუნებრივია, გარკვეული აღქმა ყალიბდება ამერიკაში. ამიტომაც არსებობს ჩვენი საელჩო ამერიკაში, რომ აშშ-ის კონგრესში, სენატში თუ თეთრ სახლში განწყობების მონიტორინგი აწარმოოს, დააკვირდეს, რა წერილები, რა ინფორმაციები მიდის, საკუთარი ინფორმაციის წყაროები ჰყავდეს, თავის დროზე გაიგოს ეს ყველაფერი და დროულად მოახდინოს რეაგირება და არა პოსტფაქტუმ.

ბოლო პერიოდში ჩვენი საელჩო ამერიკაში საკმაოდ პასიური იყო, მერე რომ გამოვიდა ჩვენი ელჩი და დაიწყო თავის მართლების პოზიციიდან საუბარი, ეს მიუღებელიაო. ჩვენც ვიცით, რომ ეს მიუღებელია, მაგრამ შენ, როგორც ელჩმა, რომელიც შენს სამუშაოში ხელფასს იღებ, რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო?

რამდენადაც ვიცი, თქვენ ხარვეზს ხედავთ იმაშიც, რომ დასავლურ წრეებს ჩვენი ხელისუფლება სათანადოდ ვერ უხსნის, რატომ მოუწია დაპირებულ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა.

- დიახ, როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებაზე ვინმესთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკაში ხდება, ბიზნესში, თუ ნებისმიერ სფეროში, ძალიან კარგად უნდა იცოდე მეორე მხარის განწყობა, მისი ფსიქოლოგია, სუსტი, ძლიერი მხარეები, მისი ენა, რა ენაზე საუბარი უკეთ ესმის მას და რა არგუმენტები იქნება მისთვის უფრო დამაჯერებელი. როდესაც მიდიხარ ევროპული აუდიტორიის წინაშე, მაგალითად, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და ეუბნები, რომ იცით, საკონსტიტუციო ცვლილებები იმიტომ ჩავარდა, რომ ჩვენ შიდა პარტიული დემოკრატია გვაქვს და იქ 40 დეპუტატი აგვიჯანყდა, დიდი ბოდიში, ეს არ არის სერიოზული არგუმენტი და ერთმა ევროპელმა პარლამენტარმა ღია ტექსტით უთხრა კიდეც ჩვენი დელეგაციის წევრებს, თქვენ გინდათ, ჩვენ ეს ვერსია მოგვყიდოთ, თითქოს თქვენთან დაუმორჩილებელი დეპუტატები არიანო. არ არის ეს დამაჯერებელი. გაცილებით უფრო დამაჯერებელია, თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რა საფრთხეები არსებობდა ქვეყანაში, თუკი არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. ამის გადამოწმება შეიძლება, რომ პრაქტიკულად ყველა მსხვილი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებდა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეექმნა კოალიციური მთავრობა, რაც პოლიტიკურ, სამთავრობო, სახელისუფლებო კრიზისს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევდა, გაუთვალისწინებელი შედეგებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, პოლარიზაციის რა ხარისხი არსებობს ჩვენს პოლიტიკურ აქტორებს შორის და ჩვენს საზოგადოებაში, ეს იმით დამთავრდებოდა, რომ ქვეყანას მინიუმუმ 4-5 თვე არ ეყოლებოდა მთავრობა. არ ვართ ჩვენ ისეთი მდგრადი სახელმწიფო, ასეთ დარტყმებს გავუძლოთ, ამაში საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოსაც ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევდათ. ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ, მაგრამ ეს და კიდევ სხვა არგუმენტები შეიძლება გამოეყენებინათ და ამას უფრო მეტად გაიგებდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ვიდრე პირველ არგუმენტს, თითქოს მმართველ გუნდს საკუთარი დეპუტატები აუჯანყდნენ.

ამერიკის ინტერესები ახსენეთ პოსტსაბჭოურ სივრცეში, უცანაური ფაქტის თვითმხილველები გავხდით სულ ახლახანს, რადგან ამერიკელები ბელორუსიაშიც ცდილობენ გზის გაკვალვას. როგორც ჩანს, პოსტსაბჭოური სივრციდან საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა ამერიკელებისთვის საკმარისი არ არის.

- მე არ დავაკავშირებდი ამას საქართველოსთან. ბელორუსიასთან დაკავშირებული მოვლენები, ბოლო პერიოდში პომპეოს ვიზიტი და ნაბიჯები, რაც გადადგმულ იქნა ლუკაშენკოს ხელისუფლების მიერ დასავლეთთან მიმართებით, ლუკაშენკოსთან დამოკიდებულება არის ძალიან მკაფიო დადასტურება კიდევ ერთი ამერიკული მიდგომისა. გახსოვთ, ალბათ, ცნობილი გამოთქმა დიქტატორ სომოსას მისამართით, „ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“. ეს არის ამერიკის რეალპოლიტიკა. ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებდნენ აშშ-ში, მაგრამ ახლა, როცა აშშ ცდილობს, რუსეთს საყრდენები გამოაცალოს და არ მისცეს საშუალება, ევრაზიული კავშირი გააფორმოს იმ სახით, რაც სახითაც რუსეთს უნდა, ამერიკელებმა დაიწყეს ბელორუსიაში საკუთარი გავლენების გაძლიერება და, როგორც ჩანს, არც ისე წარუმატებლად, თუკი ბელორუსიამ უარი განაცხადა რუსეთთან ინტეგრაციაზე. როგორც ჩანს, ასეთი განწყობებია, ბელორუსიაში ჩატარებულ ბოლო სოციოლოგიურ კვლევას შეგახსენებთ, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან ინტეგრაციისა და საკავშირო სახელმწიფოს მსურველთა რაოდენობა 60-დან 40%-მდე ჩამოვიდა. ანუ უკვე უმცირესობაშია ბელორუსიის ის მოსახლეობა, ვისაც რუსეთთან ინტეგრაცია სურს, მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე. შესაძლოა, ისე მოხდეს, ბელორუსიაში განმეორდეს უკრაინული სცენარი, არც ამის ალბათობაა გამოსარიცხი, რადგან უკრაინამაც ასე მოინდომა რუსეთისგან დისტანცირება და სხვა რელსებზე გადასვლა, თუმცა საბოლოოდ რა მიიღო, ყველანი ვხედავთ. ასე რომ, სიფრთხილეა საჭირო, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერია, საკმაოდ ბევრი გავლენის ბერკეტი აქვს, მით უმეტეს, სლავურ სახელმწიფოებში. თუ ლუკაშენკომ ამერიკული ხაზი გააგრძელა, კრემლმა შეიძლება ეს მძიმედ დაუსვას.

ამერიკის მომეტებული ინტერესი ბელორუსიის მიმართ იმის მაინსპირებელი ხომ არ გახდება, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას საქართველოზე? ვგულისხმობ მეხუთე კოლონას, ჰიბრიდულ ომს.

- რუსეთი საქართველოს მიმართ ჰიბრიდულ ომს არ შეწყვეტს მანამ, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ ჰიბრიდულ ომს პერსპექტივა არ აქვს. ვიდრე საქართველო „შეკიდულ“ მდგომარეობაშია, ანუ ის არ არის არც ერთი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის წევრი, ევროკავშირში წევრობამდე მას გრძელი გზა აქვს გასავლელი, ნატოში წევრობამდე კიდევ უფრო გრძელი გზა, რუსეთის სარგებლობს ამით და ცდილობს, შეძლებისდაგვარად, სიტუაცია შეაბრუნოს, ან საქართველოში შექმნას ისეთი მდგომარეობა, რომ მაქსიმალურად შეაფერხოს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

 

trampi ეგენი ყველანი საქართველოს ხარჯზე ნაცებისაგან ნახეირებელი ხალხია და დაუჭერენ ნაცებს მხარს აბა რას იზამენ.....
4 წლის უკან