გიგი უგულავას შურისძიება სტუდია GNS-ზე

გიგი უგულავას შურისძიება სტუდია GNS-ზე

სტუდია GNS-ი მიმართავს მთავარ პროკურატურას, სასწრაფო დაიწყოს გამოძიება იმ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 22 ნოემბერს თბილისის მერიამ გაავრცელა. 
როგორც ნანა ლეჟავა აცხადებს, მას არასოდეს ჰყოლია მოადგილე და ასეთი შტატი სტუდია GNS-ში საერთოდ არ არსებობს. 
როგორც ნანა ლეჟავა აცხადებს: „სტუდია GNS-ი, რომელიც გადაცემა „კვირის რეპორტაჟს“ ამზადებს, არასოდეს დაინტერესებულა კომპანია „ჰერმესის“ საქმიანობით და ამ თემაზე, არცერთი ჩვენი ჟურნალისტი არ მუშაობს. ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისის მერიის მხრიდან, ეს არის უკვე მეორე ბინძური ცილისწამება სტუდია GNS-ის წინააღმდეგ. 

გასულ კვირას, თბილისის მერიამ, არაერთი დაპირების მიუხედავად არ გააკეთა კომენტარი თბილისის მერის, გიგი უგულავას და მისი ახლო ნათესავების ლას-ვეგასურ ვიზიტებთან დაკავშირებით. სიუჟეტის გასვლის შემდეგ მერია მხოლოდ ბინძური ცილისწამებით შემოიფარგლა“. 
სტუდია GNS-მა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „თბილისის მერიის თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავს. 
ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სტუდია GNS-ი უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერის დისკრედიტაციის მიზნით, სასაფლაოების გადაყიდვის ბრალდებით, შპს „ჰერმესის“ ირგვლივ სკანდალი მზადდებოდა. 
თბილისის მერიამ აუდიო-ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც დაფიქსირებულია დამკრძალავი ბიუროს ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების საუბარი.

ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაგეგმილი იყო „ჰერმესის“ საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კომპანია უკვე გაყიდული სასაფლაოებს ხელახლა ყიდდა და ჭირისუფლების მიერ გადახდილი თანხა სხვა პირად ანგარიშებზე ირიცხებოდა. 
მერიის პრეს-სპიკერის, ბაჩო დოლიძის განცხადებით მათ შპს „ჰერმესის“ ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ჩანაწერები, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

„პირველ რიგში, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ამ პიროვნებას. ჩვენ სპეციალურად არ ვასახელებთ საჯაროდ მის ვინაობას, თუმცა პროკურატურას უკვე სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით.

მოგახსენებთ, რომ იგეგმება არასწორი ინფორმაციის გავრცელება „ჰერმესის“ საქმიანობის შესახებ, რომ თითქოს ხდებოდა მოქალაქეთა კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა, ასევე ჭირისუფალთა გადახდილი თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა.

ასევე იგეგმება პროვოკაციები თანამშრომელთა მიმართ, რაც გულისხმობს თანხების ოთახებში მიცემას და ამის ვიდეოზე გადაღებას. აღნიშნული ინფორმაციიდან ცალსახაა, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანიც თბილისის მერის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციაა. ასევე ამ ყველაფრის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 
მერიის ინფორმაციით, მსგავსი უკანონო გეგმა იგივე პირების მიერ ავტობუსების მძღოლების აქციების პროვოცირების დროს უკვე განხორციელდა და თბილისის მერია მზადაა, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მთავარ პროკურატურას მიაწოდოს.

განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა სადაც წუხილს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდია GNS-მა არაერთი გადაცემა მიუძღვნა თბილისის მერიის საქმიანობას, მათ შორის დედაქალაქის მერის ლას-ვეგასურ ვოიაჟებს. როგორც ჩანს, მერიის საპასუხო ნაბიჯი სწორედ ამ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებაა, თუმცა რეალურად  რა მოხდა, როგორც გვპირდებიან, ამას სამართალდამცველები გაარკვევენ.