ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 908-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3062 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 40 171-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 3281 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.