შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში?! ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბაღდათში ხანძარს ორსული ქალი თავის ოთხ ბავშვთან და კიდევ ერთ ქალთან ერთად ემსხვერპლა. სოციალურად დაუცველი ქალი მცირეწლოვან შვილებთან მიტოვებულ სახლში დროებით შესახლდა და ტრაგედიამაც არ დააყოვნა. გორგაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მსჯელობენ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება, თუკი მრავალშვილიან დედას ცოტათი უკეთეს პირობებს შეუქმნიდნენ...
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.
ასე არ ფიქრობს „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე. ის მიიჩნევს, რომ „ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“.
შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში და შეიძლება თუ არა მსგავსი ტრაგედიების აცილება, ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ესაუბრა.
ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში როგორია და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული, რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს?
- ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო ძალიან ვწუხვარ. ასეთი რამ ყველა საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, განვითარებულშიც და განუვითარებელშიც და ამას ვერც ხელისუფლებას დავაბრალებთ, ვერც ვერავის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლება შეიძლება დავადანაშაულოთ უყურადღებობაში. ასეთი მრავალშვილიანი ოჯახები უყურადღებოდ არ უნდა იყვნენ მიტოვებულნი. სხვათა შორის, ჯერ კიდევ შარშან მსჯელობდნენ მრავალშვილიანი დედის სტატუსის მინიჭებაზე და აპირებდნენ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ მიენიჭებინათ ეს სტატუსი, მაგრამ ასეთი მიდგომა არ არის მართებული. თუ ჩვენ ვფიქრობთ დემოგრაფიული კუთხით გაჯანსაღებაზე, მაშინ მესამე შვილიდან უნდა მივცეთ ეს სტატუსი დედებს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ დახმარება 20-ლარიანი ვაუჩერის სახით ეძლევათ ოჯახებს და ეს არ არის ფულადი სახის დახმარება. უბრალოდ, 20 ლარის ღირებულების ელექტროენარგიის შეღავათს უკეთებენ 4 და მეტშვილიან ოჯახებს. ეს არ არის გამართლებული. ცუდია, რომ ქვეყანაში არ მუშაობს სოციალ-დემოგრაფიული პოლიტიკა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო დემოგრაფიული განვითარების კონცეფციაც მიიღეს, კომისიაც შექმნეს პროგრამული ღონისძიებების შესაქმნელად 2015 წელს, მაგრამ საერთოდ არ შეკრებილა ეს კომისია, რომელშიც შეყვანილები არიან მინისტრის მოადგილეები, მინისტრები. დემოგრაფებს არ ეკითხებიან არაფერს, მე აღარ მეძახიან, რადგან ილიას უნივერსიტეტში ვმუშაობ და „ნაციონალი“ ვგონივარ, ილიას უნივერსიტეტში კი ვგონივარ „ქოცი“, მე ვსარგებლობ ამ შემთხვევით, ჩემთვის ვმუშაობ და მაქვს ბევრი გამოკვლევა.
ახლა სოციალურ მუშაკებს ამცირებენ. არადა, დაბერებული ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება სოციალური მუშაკები, მათ შორის, პენსიონერთა დასაცავად. გარდა, ამისა, მრავალშვილიანებზე ცალკე უნდა იყვნენ მიმაგრებულები სოციალური მუშაკები, ასევე, სოციალური მუშაკი მიმაგრებული უნდა იყოს ახალშობილ და უპატრონო, ქუჩაში მყოფ ბავშვებზე.
„ნაციონალების“ დროს პრიორიტეტები არასწორად იყო გადანაწილებული, უცხოეთში ვოიაჟებზე, პრემიებზე უამრავი თანხა იხარჯებოდა. დღესაც პრიორიტეტები არასწორადაა გადაწილებული და თანხები მრავალშვილიან ოჯახებს აკლდებათ. არასამთავრობოები ამბობენ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორჯერ მეტი თანხები იხარჯება კულტურულ, რელიგიურ, სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულ ოჯახებზე.
- „ნაციონალები“ საერთოდ არაფერს აკეთებდნენ ამ მხრივ, ესენი პიარის დონეზე მაინც აკეთებენ. „ნაცების“ დროს მშობიარობა ფასიანი იყო და ეს შობადობას ამცირებდა. აგვისტოს ომამდე ცხინვალში გადადიოდნენ ქართველები, რადგან იქ უფასო მშობიარობა იყო. ასევე, აზერბაიჯანშიც გადადიოდნენ, განჯაში, იქ მშობიარობდნენ და ამგვარად დაბადებული ბავშვები არ აღირიცხებდნენ. „ქართული ოცნების“ დროს კი მშობიარობა უფასო გახდა და გინეკოლოგიური მომსახურება სახელმწიფოს დაფინანსებაზეა, მაგრამ სახელმწიფოსთან ერთად აქტიური მუშაობა უნდა გასწიოს ეკლესიამ. მან ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებს. ცხადია, ეკლესიას არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ გავუთანაბრებთ, მაგრამ ეკლესიას ის მაინც შეუძლია, გაჭირვებულებს უშუამდგომლოს გამგებელთან, ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. პატრიარქის ინიციატივა მესამე და შემდგომი ბავშვის ყოლის წახალისებისა და პატრიარქის ნათლულებად გამოცხადების შესახებ პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რადგან 2007 წელს მეტი კვდებოდა, ვიდრე იბადებოდა. სწორედ მესამე ბავშვის მონათვლამ გამოასწორა დემოგრაფიული ვითარება ქვეყანაში. თუ ადრე მესამე და შემდგომი ბავშვის წილი 10% იყო, ახლა 22%-ია. თუმცა ახლა პირველი და მეორე ბავშვის ყოლის შემცირების ტენდენციაა. ეს რისი შედეგია? ოჯახებს გაუჭირდათ, უცხოეთში სამუშაოდ მიდიან, ხდება ქორწინების გადავადება და, თავისთავად, შობადობაც გადავადებულია. ახლა უკვე 30 წლის ზემოთაა მშობიარობა მაღალი და 35 წელსაც სცილდება. ცხადია, ამ ასაკში მშობლები კმაყოფოლდებიან ერთი და ორი ბავშვის ყოლით. თუ ბიჭი ეყოლათ, შეიძლება, მეორე ბავშვი არც გააჩინონ. ბევრი პრობლემაა.
საინტერესოა, რატომ უნდა გასჭირებოდა ბაღდათში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს? მეზობლები არ ეხმარებოდნენ?
- არ ვიცი, რა მოხდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთს კი ვიტყვი, მე ვნახე იმერეთიდან ჩასულები თურქეთში როგორ მუშაობდნენ სეზონურ სამუშაოზე. გამოვკითხე ისინი და მითხრეს, რასაც თურქეთში ვიღებთ, იმის ნახევარი მაინც რომ ავიღოთ საქართველოში, სახლში დავრჩებოდითო. ქართველები თურქეთში ჩაის, თხილის პლანტაციებში მუშაობენ, ბევრ რამეს აკეთებენ, სავაჭრო ობიექტებიც აქვთ აღებული ქართველ ქალებსაც და მამაკაცებსაც. როგორც წესი, თურქეთში ძირითადად გურიიდან და აჭარიდან ყოველთვიურად გადადიან და გადმოდიან ხოლმე, მაგრამ იმერეთის მოსახლეობა ყოველთვიურად თურქეთში ვერ გადავა, ამიტომ ისინი უფრო სეზონურ სამუშაოზე არიან დასაქმებულები თურქეთში. სარფსა და ხოფაში თითქმის ერთნაირ პასუხებს ვიღებდი, სამუშაო რომ ჰქონდეთ, ნახევარ ფასად იმუშავებდნენ საქართველოში. ხალხი წასულია, სოფელი დაცლილია და ვინ მოიცლიდა საწყალი მრავალშვილიანების მისახედად? წესით, ეგ ოჯახი აღრიცხვაზე უნდა ჰყოლოდა გამგეობას, შეიძლება ჰყავდათ კიდეც აღრიცხვაზე, მაგრამ მე როგორც მოვისმინე, ისინი სახლიდან გავიდნენ იმის გამო, რომ 40 დღე გარდაცვლილის სული ოჯახში ტრიალებსო და არ შეიძლება ყოფნა, ამიტომ გადავიდნენ იმ გაუგებარ სახლში. ეს ცრურწმენიდან გამომდინარეცაა. რომ არ გადასულიყვნენ, შეიძლება, აცდენოდნენ ამ უბედურებას.
რას იტყვით იმ კვლევის შესახებ, რომ საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს?
- ეგ უკვე პოლიტიკაა. შიმშილობით მთელი საქართველო შიმშილობს და, ცხადია, ყოველი მეხუთე ბავშვიც შიმშილობს, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს. მაშინ ესეც უნდა თქვან, რომელ ასაკში შიმშილობენ ეს ბავშვები? დაბალ ასაკში დედა შვილს არ დატოვებს და ყურადღებას აქცევს. ისედაც მძაფრი სიტუაციაა და კიდევ ნუ ამძაფრებენ ვითარებას. საქართველოში იმდენი ბავშვი ჰყავთ ოჯახებს, რამდენიც სურთ. მატერიალურ ყოფაზე ნაკლებადაა დამოკიდებული ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება. ბავშვი სულიერი მოთხოვნილებაა. პატრიარქის მოწოდება გაიხსენეთ, როცა მან მესამე შვილის ყოლის შესახებ მოუწოდა ხალხს და ამით სტიმული მისცა მშობლებს. ბავშვი რომ დაიბადება, მაშინვე უნდა იყოს აღრიცხვაზე, განსაკუთრებით, გაჭირვებული ოჯახის ბავშვები, რომ არ იშიმშილონ. მეტ-ნაკლებად ეს ხორციელდება კიდეც ჩვენს ქვეყანაში. ახლა იმერეთში კაცი რომ იშიმშილებს, ე.ი. იმ ოჯახს არაფერი მოჰყავს... თანაც, გააჩნია, შიმშილს როგორ განვსაზღვრავთ.
თუ ინვალიდია ოჯახის მარჩენალი და მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს?
- მაშინ უნდა დაეხმარონ სხვები. ახლა ნუ მოვსპობთ ჩვენს ტრადიციულ ურთიერთობებს. რაც შეუძლიათ, ყველა ეხმარება გაჭირვებულებს.
ფიქრობთ, რომ გამუქებულია ის სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც გადმოსცემენ ხალხის გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ?
- ეს სიუჟეტები ძალიან გამუქებულია და ამაში ტელევიზია ძალიან სცოდავს. ასეთი გამუქებით სოციალურ ფონს ძაბავს, რაც აწყობს ოპოზიციას. არადა, წლების წინ დეკრეტული შვებულებაც არ ჰქონდათ ქალებს, იმ დროს წმინდა ლიბერალური პოლიტიკა იყო. ახლა კი დეკრეტული შვებულება არის. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს პროფესორ ბორისოვთან ერთად დავიანგარიშეთ საბავშვო ბაღების ეფექტურობა. დადგინდა, რომ დედისთვის დეკრეტული შვებულების თანხის გადახდით, ბიულეტენზე ყოფნით უფრო ნაკლები ჯდება ბავშვის შენახვა, ვიდრე საბავშვო ბაღში ბავშვის შენახვით. მე გავაკეთე კალკულაცია, პირველ ბავშვზე 30-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, მეორე ბავშვზე-40 ლარი, მესამესა და შემდგომ ბავშვზე-50-ლარიანი. საერთო ჯამში, წელიწადში გამოდის 22 მილიონი ლარი. სახელმწიფო თუ ზრუნავს ბავშვებზე, 22 მილიონს ბანკეტებზე ნუ დახარჯავენ. რატომ მიდიან მიგრაციაში პატარა ბავშვების მშობლები? იმისთვის, რომ ბებიასთან დატოვებული ბავშვები გამოკვებონ.
თუ არ კითხულობს, წაიკითხოს ხოლმე!
თვითონ თუ ეზარებათ ან უჭირთ ფიქრი - აგერ, ამ კაცს ნაფიქრიც აქვს და დადგენილ-ჩამოწიკწიკებულიც ყველაფერი!
წაიკითხონ ეს მასალა - იქნებ რაღაც მოიმოქმედონ და გაანძრიონ ხელი!
გადაშენების გზას ვადგავართ!
ვისპობით, როგორც ერი!
ეს არ არის ფუჭი განგაში, - გაეროს სპეციალისტები გვაფრთხილებენ, 2050 წელს ერონული უმცირესობა იქნებით თქვენს ქვეყანაშიო!
ნაცებთან შედარებით რომ ბევრად მეტს აკეთებთ დემოგრაფიული მიმართულებით - კარგია, მაგრამ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც არის გასაკეთებელი!